Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მოვლენების მიმოხილვა


უმთავარესი მოვლენა კვირის მიწურულს

უკავშირდება. პარასკევს რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი როგორც იქნა დატოვეს და მათი ადგილი ქართველმა პოლიციელებმა დაიკავეს. ხელისუფლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მოსკოვმა, საერთაშორისო წნეხის გამო, ნაბიჯების უკან გადადგმა დაიწყო, თუმცა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. 8-საათიანი პაუზის შემდეგ რუსი სამხედროები თვეების მანძილზე ოკუპირებულ ზონას ისევ დაუბრუნდნენ. დაახლოებით 17.00 საათზე პერევის უკანონო საგუშაგოზე რუსული საოკუპაციო ჯარის ოცეული და ერთი ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა, რომლებმაც პოზიციების ხელახლა დაკავება დაიწყეს. თანდათან იზრდებოდა რუსი ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის რიცხვი. 13 დეკემბერს პერევში დაახლოებით 500 რუს სამხედროს ითვლიდნენ. ვითარების დაძაბვის თავიდან აშორების მიზნით, ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელი პერევი დატოვეს. მომხდარი თბილისში შეფასდა რუსეთის პროვოკაციად, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ჩათრევას ახალ სამხედრო კონფლიქტში.

შაბათს საჩხერის რაიონში ჩავიდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, მათ შორის იყო საფრანგეთის ეჩი ერიკ ფურნიე, რომელმაც რუსების დაბრუნების გამო იმედგაცრუება გამოხატა:

(ფურნიეს ხმა) ”მე ვაპირებ მივაწვდინო ეს ამბავი ჩემს დედაქალაქს და მოვახსენო ჩემს მინისტრს, რომ ის, რაც აქ ხდება, ეწინააღმდეგება იმს, რაც გუშინ ვიცოდით. რუსები კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე არიან და ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ იმაზე, რომ რუსულმა ჯარებმა დატოვონ ეს ტერიტორია.”

საფრანგეთის ელჩი ხაზს უსვამს მოსკოვის მიერ აგვისტო-სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმების შესრულების აუცილებლიობას. რუსეთის პრეზიდენტის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე ლაპარაკობს ეუთოს გენერალური მდივანიც მარკ პერინ დე ბრიშამბო, რომელიც რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში და, თბილისში ხელისუფლებასა და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, შაბათს გორის რაიონსაც ეწვია. ბრიშამბო შეხვდა ეუთოს სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებს, რომლებსაც აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკაში შესვლის საშუალება აღარ ეძლევათ. მას შემდეგ მცირერიცხოვანმა მისიამ გორში დაიდო ბინა:

(ბრიშამბოს ხმა) ”აქ ძალიან კარგი გუნდი მუშაობს. ჩვენ ვამაყობთ მათიტ. ისინი ძალიან მამაცურად იქცეოდნენ ამ ბოლო ინციდენტების დროს და იმედი მაქვს, რომ მათ ექნებათ საშუალება გააგრძელონ საქმიანობა ეფექტურად და შედეგიანად. შეთანხმება პრეზიდენტ სარკოზისა და პრეზიდენტ მედვედევს შორის უნდა შესრულდეს და რაც შეიძლება მალე.”
ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო ამბობს, რომ სამეთვალყურეო მისიის ცხინვალის რეგიონში ამოქმედების მიზნით ეუთო კვლავაც განაგრძობს აქტიურ მუშაობას. თუმცა ჯერჯერობით ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება და მისი მფარველი კრემლი ამ იდეას სასტიკად ეწინააღმდეგებიან. გენერალური მდივნის განცხადებით, ეუთო დაინტერესებულია 10 დეკემბერის ინციდენტის ობიექტური გამოძიებით. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში ცეცხლი გაუხსნეს ეუთო მეთვალყურეთა ავტომანქანას. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა რეგიონში შექმნილ ვითარებას არასტაბილურად აფასებს და ამბობს, რომ მოსახლეობა და მისიის წარმომადგენლები ხშირად ხდებიან შეიარაღებული პირების სამიზნე.
მაშინ, როცა რუსეთი აბსოლუტურად უგულებელყოფს საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას - შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და დატოვოს საქართველოს ტერიტორია - რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ერთგვარ დაპირებებს აძლევს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი მე-2-ის გამო ჩავიდა. მედვედევის დაპირებათა დეტალები უცნობია, თუმცა 9 დეკემბერს შემდგარ შეხვედრას კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ”სასარგებლო და კეთილგანწყობილი” უწოდა:
[საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ხმა]“რუსეთის პრეზიდენტი მომხრეა ლტოლვილების დაბრუნებისა და საზღვრების გახსნის, საელჩოების ამოქმედებისა. თითქმის ყველა საკითხში თანხმობა იყო და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს, უნდა გააგრძელოს ეს კურსი და ვფიქრობ ასევე, რომ ეს მოგვიტანს კარგ შედეგებს.“(სტილი დაცულია)
ამ კონტექსტში რუსეთთან დიალოგის კურსის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიესალმება, თუკი დიალოგი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე იქნება დაფუძნებული. სწორედ ამის შესახებ საუბრობდა 12 დეკემბერს, ბათუმში ჩასული საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის განცხადება დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით სიმართლეა, თუმცა პრეზიდენტი იქვე იხსენებს წარსულსაც:
(სააკაშვილის ხმა) ”მე უბრალოდ მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ჩვენი ხალხი იქიდან გამოყარა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ჩვენი ხალხის მიტოვებულ სახლებში დღეს ჩაასახლეს რუსი ოფიცრები... მიწასთან გასწორებულ თამარაშენში, ქურთაში მოსკოვის მერი ლუჟკოვი აშენებს რუსი სამხედროებისთვის ახალ მიკრორაიონს... დაცარიელებულ გალში და ოჩამჩირეში ჩამოასახლეს რამდენიმე ასეული გადამთიელი ურალიდან, რუსულ სამხედრო ფორმაში, იმისათვის, რომ შეავსონ გამოყრილი ქართველების, უკრაინელების, ესტონელების მიერ დაცარიელებული სახლები...” (სტილი დაცულია)
დევნილების დაბრუნების პრობლემა ერთ-ერთი მთავარ ადგილს იკავებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში. შეხვედრისთვის, რომელიც 17-18 დეკემბერს უნდა გაიმართოს, საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურ მზადებას განაგრძობენ. სწორედ ამის გამო - გაეროს გენერალური მდივნისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში იოჰან ვერბეკე და პიერ მორელი 12 დეკემბერს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის შეხვდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსულტაცია ამავე თემაზე სოხუმშიც გამართეს. ბუნებრივია შეხვედრები გაიმართა თბილისშიც.
მიმდინარე კვირის არცთუ მცირერიცხოვან უცხოელ სტუმართა შორის იყო შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორი ჯონ კერი, რომელიც 13 დეკემბერს ინტენსიურ შეხვედრებს მართავდა თბილისში ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ჯონ კერი, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უხელმძღვანელებს, ამბობს, რომ ამერიკისა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში ყოველთვის იქნება გათვალისწინებული საქართველოს ინტერესები. სენატორი კერი ასევე ხაზს უსვამს ამოცანებს, რომლებიც საქართველომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დემოკრატიზაციის გზაზე:
(კერის ხმა) ”პრეზიდენტად არჩეულმა ბარაკ ობამამ აღინიშნა, და ჩემი აზრიც ასეთია, რომ ამერიკა მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. მაგრამ, ამავე დროს, რუსეთისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ეს დიალოგი არ იქნება საქართველოს ინტერესების შემლახველი. პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ საჭირო პროგრესზე, რომელიც დემოკრატიზაციის პროცესს უნდა მოჰყვეს საქართველოში: საარჩევნო სისტემის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, აუცილებელია მედია იყოს სრულად თავისუფალი... გარკვეული პროგრესი არის, მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭირო. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ მიღწევებით, რაც თქვენს ქვეყანას უკვე აქვს. საქართველოს ამ მცდელობებში მხარს უჭერს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.”
დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ, რომელმაც შაბათს ოპოზიციისგან მოქმედი ხელისუფლების მრავალმხრივი კრიტიკა მოისმინა, თავი შეიკავა შეეფასებინა ოპოზიციონერების მოთხოვნა - საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა ბოლო პერიოდში არაერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ წამოაყენა. მათ შორის ახალმა გაერთიანებამაც, რომელიც 8 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ და ახალმა მემერჯვენეებმა დააარსეს. ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე დასახულ მიზნებზე უკვე ალიანსის სახელით ლაპარაკობს:

(გამყრელიძის ხმა) ”ჩვენი ამოცანები იქნება: უმოკლეს ვადაში საზოგადოება, ქვეყანა მოვამზადოთ ვადამდელი არჩევნებისთვის; უზრუნველვყოთ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არჩევნების გზით და მოვახერხოთ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა.” (სტილი დაცულია)

ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალების მოთხოვნას - ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი უპირისპირებს ორ კონკრეტულ მიზეზს, რომელთა გამოც, მისი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს. პირველის მიხედვით, ხშირად ჩატარებული ვადამდელი არჩევნები შეურაცხყოფს და აბუჩად იგდებს ქვეყნის იმიჯს. მეორე მიზეზი კი, პრეზიდენტის აზრით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფულის ფუჭ, წინდაუხედავ ხარჯვას უკავშირდება. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მაგალითი მოჰყავს:

(სააკაშვილის ხმა) ”კატა-ძაღლივით იყვნენ ერთმანეთთან ჩემი მეგობრები იუშჩენკო და ტიმოშენკო და იძულებული იყვნენ, რომ შერიგებოდნენ ერთმანეთს და უარი ეთქვათ არჩევნებზე, იმიტომ, რომ კრიზისია და უკრაინას, რომელიც ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანაა, არა აქვს ფული იმისათვის, რომ ხარჯოს არჩევნებზე... ამ პირობებში, როდესაც ყველა ამბობს ამაზე უარს, ჩვენ უცებ გამოვაცხადოთ, რომ - ვნიშნავთ არჩევნებს და, ესე იგი, მთელი წელი ვხარჯავთ ფულს არა ჩვენს ხალხზე, ფულს, რომელიც არა გვაქვს... არა - ეკონომიკაზე, არა - განვითარებაზე, არა - საქართველოს გადარჩენაზე, არამედ ვხარჯავთ ფულს პოლიტიკოსებზე და მათ პოლიტიკურ კამპანიებზე...” (სტილი დაცულია)

რა არის არჩევნები, - შეკითხვას სვამს პრეზიდენტი და პასუხობს, - ”ეს არის ათობით და ასობით მილიონი ლარის ხარჯვა პოლიტიკურ კამპანიაზე, კონკრეტული პოლიტიკოსების გაყვანაზე პარლამენტში, თუ პრეზიდენტად...” რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი პრეზიდენტს, რბილად რომ ვთქვათ, არ ეთანხმება და არჩევნების ხარჯებსაც სულ სხვაგვარად ანგარიშობს:

(ხიდაშელის ხმა) ”საერთოდ, არჩევნები საქართველოში, მე მინდა, რომ საქართველოს მთელმა მოსახლეობამ გაიგოს, 13 მილიონი ჯდება. ამდენი იყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი არჩევნებისთვის... სააკაშვილი როდესაც ასეულობით მილიონზე ლაპარაკობს, ის ლაპარაკობს იმ ფულზე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დახარჯა ბიზნესმენებისთვის, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ - ფულის შეწერით და ადამიანების მოსყიდვისთვის... ჩვენ ზუსტად ამის წინააღმდეგი ვართ, ამის წინააღმდეგ ვიბრძვით და ამას აღარ დავუშვებთ. ჩვენ მხოლოდ არჩევნების დანიშვნას კი არ მოვითხოვთ, ჩვენ მოვითხოვთ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებს... და შოუში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ.”

ქვეყანა რიგი სერიოზული პრობლემების წინაშე რომ დგას, ამას ხელისუფლებაც აღიარებს. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად, როგორც უკვე ვთქვით, ვადამდელ არჩევნებს არ თვლის. გამოსავლად პრეზიდენტი საკაშვილი მიჩნევს ”დიალოგს ხელისუფლებასა და ხალხს შორის; ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ხელისუფლებასა და ბიზნეს თანამეგობრობას შორის”. გამოსავლად დასახელებულია ”დემოკრატიის ახალი ტალღა”, თუმცა ოპოზიციას არანაირი ტალღის აღარ სჯერა.

მიმდინარე კვირაში ცვლილებათა მეორე ტალღა შეეხო პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილის მთავრობას. 9 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით სიხარულიძე დაიკავებდა, ხოლო ეკონომიკური განვითარებისა და კულტურის მინისტრების პოსტებზე - პარლამენტარებს ლაშა ჟვანიასა და ნიკა რურუას ვიხილავდით. ბევრისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ კულტურის მინისტრად თავადაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაინიშნა. თუმცა ამ საკადრო ცვლილებასაც მოეძებნა ახსნა, როცა ითქვა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ხაზი კულტურაზეც გადის.

პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს, რომ ცვლილებათა უპრეცედენტო პროცესი საქართველოს მთავრობაში პრაქტიკულად დასრულებულია. მინისტრთა კაბინეტის განახლებულმა შემადგენლობამ პირველი სხდომა 10 დეკემბერს გამართა. პრეზიდენტმა მინისტრებს ევროპასთან დაახლოება, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და არმიის სწორი გზით მშენებლობა დაავალა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG