Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია პოლიტიკური ბრძოლის სარბიელზე გამოდის


გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია ნიუ-იორკიდან თბილისში 24 დეკემბერს დილით ჩამოფრინდა

და იმავე დღეს გააკეთა საგანგებო განცხადებები სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. ”ქორთი იარდ მერიოტში” გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ალასანიამ აღნიშნა, რომ ”საქართველოში უნდა შეიცვალოს ქვეყნის მართვის ფილოსოფია”, უნდა მოხდეს ხალხის კონსოლიდაცია და უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. 35 წლის პოლიტიკოსი საქართველოში ბევრ პრობლემას და ცვლილებების აუცილებლობას ხედავს, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რომელ პოლიტიკურ ძალებთან აპირებს თანამშრომლობას.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტიდან გადადგომის განცხადება ირაკლი ალასანიამ 4 დეკემბერს საკუთარი სურვილით დაწერა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ძირეული განსხვავება, რომელიც არსებობდა ქვეყნის შიდა და სამხედრო-პოლიტიკური განვითარების საკითხებთან მისსა და საქართველოს პრეზიდენტის მიდგომებს შორის. ხედვა განსხვავდებოდა კონფლიქტების მოგვარების საკითხთან მიმართებითაც. პრინციპული განსხვავებები, ალასანიას თქმით, საბოლოოდ აგვისტოს მოვლენების შეფასებისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების პროცესში გამოიკვეთა:

(ალასანიას ხმა) ”ვფიქრობ, ეს კრიზისი განაპირობა ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ერთპიროვნულმა, ქაოტურმა, არაინსტიტუციურმა პროცესმა და სახელმწიფოს მართვის გამჭვირვალე სისტემის არარსებობამ.” (სტილი დაცულია)

ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებით ხელისუფლება არ იზიარებდა ალასანიას კრიტიკულ მოსაზრებებს, რამაც დიპლომატი დაარწმუნა, რომ მას შესაძლებლობა არ ჰქონდა დადებითი გავლენა მოეხდინა პროცესებზე.

ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ აგვისტოს მოვლენების თავიდან აშორება სავსებით შესაძლებელი იყო, თუკი საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებდა:

(ალასანიას ხმა) ”თუკი შესაძლებელი იყო - და შესაძლებელი იყო - სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის განახლება... და ასევე, არსებობდა შესაძლებლობა, ჩემი ამ საქმეში ჩართვის პროცესში მიღწეულ ყოფილიყო დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელიც საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობისა და დევნილების დაბრუნების თემაზე გახდებოდა ხელმოწერილი, ამ შემთხვევაში საგრძნობლად შემცირდებოდა სამხედრო დაპირისპირების განახლების საფრთხე. გარდა ამისა, ჩემი აზრით, იყო შესაძლებლობები რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური - პრინციპული, მაგრამ დიპლომატიური - მეთოდებით მოგვენახა და მოგვეძებნა საერთო ინტერესები კავკასიაში.” (სტილი დაცულია)

გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომს დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მოვალეობა იყო, ვერავის მოეხერხებინა ქვეყნის ჩათრევა ამ პროგნოზირებად სამხედრო დაპირისპირებაში. ალასანია თითს საქართველოს პრეზიდენტისკენ იშვერს:

(ალასანიას ხმა) ”პრეზიდენტმა ვერ შეაფასა ვერც ჩვენი ძალები, ვერც მოსალოდნელი აგრესიის მასშტაბები და კატასტროფული შედეგები. რუსეთთან ომის თავიდან აცილების გზები არსებობდა. ამ პროვოკაციულ ომში საქართველოს ჩაბმის პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება. დღეს საქართველოს უსაფრთხოება დაუცველია, დარღვეულია სახელმწიფოს საზღვრები, ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ეთნიკური წმენდის კიდევ ერთმა ახალმა ტალღამ ასეულათასობით დევნილს შემატა ათობით ათასი დაუცველი და განადგურებული ოჯახი... ხალხი სამხედრო დაპირისპირების განახლების შიშის ქვეშ იმყოფება; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეუდარებლად გართულდა.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ”ქვეყანას ძირფესვიანი ცვლილება სჭირდება”, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების გაძლიერებას და გააჩენს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის იმედს. ”ეს გარდატეხა გარდაუვალია. მისი აუცილებლობა კარგად ესმის ხალხს, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, და ჩვენ ამაში სრული მხარდაჭერა გვექნება”, - ამბობს გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი. მის საუბარში აქცენტირებულია ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა:

(ალასანიას ხმა) ”ჩემი აზრით, არჩევნები უნდა ჩატარდეს და უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. მაგრამ ამისთვის შესაქმნელია გარკვეული პირობები და, პირველ რიგში, ეს არის სამართლიანი საარჩევნო კოდექსი და მედიის სრული გათავისუფლება.” (სტილი დაცულია)

”გამოსავალი კომპრომისებით მოიძებნება. ხელისუფლებამ განსხვავებული აზრი აღარ უნდა ჩათვალოს მტრობის გამოხატვად. კრიზისიდან გამოყვანის სტრატეგია ყველა თაობის პროფესიონალების რეკომენდაციებზე უნდა ავაგოთ”, - ამბობს ირაკლი ალასანია, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვის ეტაპზეა. ამიტომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვისთან ერთად დაიწყებს ის პოლიტიკურ ბრძოლას და რომელ პოლიტიკურ ძალასთან და რა ფორმით ითანამშრომლებს. რაც შეეხება ახალი, საკუთარი პარტიის ჩამოყალიბების პერსპექტივას, ამ საკითხთან მიმართებით ალასანიას არაპირდაპირი პასუხი აქვს:

(ალასანიას ხმა) ”ჩემი აზრით, საქართველოში საკმარისად ბევრია უკვე პარტიები. მთავარი ამოცანა იქნება კონსოლიდაცია ყველა ჯანსაღი ძალის.” (სტილი დაცულია)
ამგვარი პასუხი ოპტიმისტურად ჟღერს ყველა იმ ოპოზიციური ძალისთვის, რომლებსაც ირაკლი ალასანია სასურველ ლიდერად მიაჩნიათ.
XS
SM
MD
LG