Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


დავით დარჩიაშვილი დღიურების ავტორი ამჯერად

დავით დარჩიაშვილია, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.



19 ოქტომბერი
აფხაზეთის კონფლიქტის ზონასთან მოაზღვრე სოფელ ხურჩის დაცხრილვის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა.
შიდა ქართლში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ არის დაცული.

20 ოქტომბერი
საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ მოითხოვა, რომ რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, გაიყვანოს ყველა სამხედრო ფორმირება, რომელიც იქ 6 აგვისტოს შემდეგ განალაგა.
რუსეთის პრეზიდენტმა პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარუდგინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებები და მათი პრიორიტეტული წესით დამტკიცება ითხოვა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მოუწოდა.

21 ოქტომბერი
ქარელის რაიონში პატრულირებისას, ნაღმის აფეთქების შედეგად, ორი პოლიციელი დაიჭრა.
საგანგებო გამოძიების შედეგზე დაყრდნობით, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰოლანდიელი ტელეოპერატორი სტან სტორიმანსი 12 აგვისტოს, გორში, რუსეთის ავიაციის მიერ კასეტური“ ბომბის გამოყენებას ემსხვერპლა.
ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ კავკასიაში მოხერხდა კატასტროფის თავიდან აცილება, თუმცა, ვითარების მოსაგვარებლად კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
რუსეთის არმიის გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედრო ბაზების მოწყობას ერთ წელიწადში დაასრულებს.
საქართველომ გააუქმა რუსულ ინტერნეტ-გვერდებზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც აგვისტოდან მოქმედებდა.

22 ოქტომბერი
ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს 4,5 მილიარდი დოლარით დახმარება აღუთქვეს.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა სტრასბურგში გამოქვეყნებულ მოხსენებაში „კრიტიკული“ უწოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და ჰუმანიტარულ სიტუაციას.
ცხინვალის ხელისუფლების ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ საქართველოში ეუთოს მისიას ცხინვალში მუშაობის უფლება აღარ აქვს, რადგან სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებული სახელმწიფოა.

23 ოქტომბერი
საქართველომ რუსეთი ესკალაციისთვის მზადებაში დაადანაშაულა და საფუძვლად ცხინვალის რეგიონში რუს სამხედროთა რაოდენობის 7 ათასამდე გაზრდა დაასახელა.
პარლამენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა მოწოდებით, რუსეთს შეთანხმების დაცვა აიძულოს.
გალში მოკლეს აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განყოფილების უფროსი ედუარდ ემინ-ზადე, რის გამოც სოხუმის ხელისუფლებამ ენგურთან საზღვრის დაცვის გაძლიერების ბრძანება გასცა.
პარლამენტმა დაამტკიცა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

24 ოქტომბერი
ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ უარყო რუსეთის მტკიცება, თითქოს საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეგიონში არსებულ საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდებოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი სამხედროები გალისა და ზუგდიდის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხიდის აფეთქებაში დაადანაშაულა.
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ელჩები დანიშნა.
ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შეცდომები აღიაროს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახლა არჩეული ილჰამ ალიევის ინაუგურაციის ცერემონიაში.

25 ოქტომბერი
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რაიონის გამგებელი გია მებონია; ამ ფაქტის გამო მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა.
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ პირველ საჯარო სხდომაზე მოისმინა საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილისა და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის განმარტებები.
დედაქალაქში „თბილისობის“ ორდღიანი დღესასწაული დაიწყო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG