Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


გუგული მაღრაძე განვლილი კვირის მანძილზე

დღიურს ჩვენი თხოვნით წერდა საქართველოს ქალთა პარტიის თავმჯდომარე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გუგული მაღრაძე.



2 ნოემბერი, კვირა
სკოლის შემდეგ დღიური აღარ დამიწერია. ვნახოთ, რა გამოვა…
დასვენების დღეა, მაგრამ ჩემები რას დაგაძინებენ?! ცხრის ნახევარზე შემოვარდება მარიამი: ბებუკუნა, როგორა ხარ? მარიამი ორი წლისაა და იმდენი ლაპარაკი იცის, რომ მე მჯობნის. ბებიას ჰგავსო, ამბობენ (ლაპარაკში და აქტიურობაში), გარეგნობით – არა. მარიამი ქერაა და ქართველს არც ჰგავს, მაგარი ვინმეა! მერე, ნახევარ საათში, ხუთი წლის ლუკა შემოვარდება და რაღას დაიძინებ. ისე, ამათთან ყოფნის ბედნიერებას ვერაფერი შეედრება. სულ სინდისი მქენჯნის, როგორ ვერ უნდა მოვახერხოთ, რომ ცოტა ნორმალური ქვეყანა დავუტოვით ამათ. ჩემს ლიტველ მეგობრებს რომ ვხვდები, ვგრძნობ, რამდენად წინ არიან: სიძნელეები აქვთ, მაგრამ იციან, რომ პერსპექტივაც აქვთ. ჩვენ კი რამდენი ხანია, სულ უარესის და უარესის მოლოდინში ვცხოვრობთ.
გუშინ ჩვენი პარტიის ქალებს შევხვდით 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობის საკითხზე სალაპარაკოდ. ლიამ მუხაშავრიამ გამოთქვა იდეა, რომ 7 ნოემბერს საბოლოოდ გამოვიგლოვოთ ჩვენი ხელისუფლების დემოკრატიულობა. ლია გურულია და ხუმრობს: ჩემი ხელიდან ეს ხელისუფლება მკვდარიაო. მისი იდეაა, შავებში ჩაცმულები მივიდეთ აქციაზე და აღვნიშნოთ ხელისუფლების, როგორც დემოკრატიულის, გარდაცვალების წლისთავი. საინტერესო იდეაა. მე კი ცოტა მიჭირს ასეთი რამეები, მაგრამ დემოკრატიას პატივს ვცემ და რაკი ქალებს ეს აზრი მოსწონთ, რატომაც არა?
რაღაც მასალას ვეძებ და მთელი დღე ვალაგებ ჩემს ძველ ნაწერებს. შემხვდა ჩემი გამოსვლის ტექსტი 2004 წლის 16 ნოემბერს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ვარდების რევოლუციის პირველ წლისთავს ეძღვნებოდა. ტექსტი რომ წავიკითხე, კინაღამ ვიტირე – როგორი იმედით ვიყავით სავსე, როგორი „კარტბლანში“ ჰქონდა ამ ხელისუფლებას, როგორ ვერ შეძლეს ასეთ ტალღაზე მოსულებმა, ცოტა ნორმალური ქვეყანა მოეწყოთ და ხალხის მხარდაჭერა არ დაეკარგათ, როგორ შეწირეს ყველაფერი თავის ხუშტურებს, მერკანტილურ ინტერესებს თუ პატივმოყვარეობას (თუ მეტს არა).
როცა უმრავლესობაში ვიყავი, რამდენჯერ ვცადე, მიშასთვისაც, სხვებისთვისაც, ჯერ დელიკატურად, მერე უფრო პირდაპირადაც მეთქვა ისეთი რაღაცები, რაც მერე წინ დაუდგათ, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი! ჰოდა, სადამდე მიიყვანეს ქვეყანა! ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ – ეს ჩემი ქვეყანაცაა, ჩემს ინტერესებშია აქ ნორმალური ქვეყნის არსებობა. არადა, არ არის ძნელი: უნდა იყოს კანონის უზენაესობა, სიტყვის, სასამართლოს, ბიზნესის თავისუფლება და ხალხი მოუვლის თავსაც და ქვეყანასაც. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ერთეულები ასე ჩქარა და ადვილად ვერ გამდიდრდებიან. ალბათ, ესაა მიზეზი, თორემ მათაც ხომ უნდა აწყობდეთ ნორმალური ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნა და არა ასე წკიპზე ყოფნა გამუდმებით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხალხი ბოლოს და ბოლოს ყველაფერს შეეგუება, თუ უახლეს ისტორიას მაინც გაითვალისწინებს, მიხვდება, რომ ეს ფუჭი ოცნებაა. გამიგრძელდა, მაგრამ მართლა ძალიან დავღონდი იმ თეზისების წაკითხვის შემდეგ.
დღეს ჩემი მძახლის დაბადების დღეა, მთელი ოჯახი წავალთ, მანამადე საჩუქარს ვიყიდით. ძალიან მიყვარს საჩუქრების ყიდვა.

3 ნოემბერი, ორშაბათი
დილიდან გავარკვიე ცურვაზე სიარულის ამბავი, თორემ სულ ვზივარ და ეს კარგად არ დამთავრდება. ინტერნეტი არაა, ესეც ჩვენში გამეფებული უკანონობის ბრალია. როგორც ამბობენ, „ტელეკომს“ მერია უჭერს მხარს. მოუნდა ვიღაცას ფულის კეთება ინტერნეტზე, თანაც, ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ექსკლუზიური კონტროლიც თუ იქნა, უფრო ადვილი გახდება მართვა და შეუტიეს „კავკასუს ონლაინს“. დადიან ბინებში „ტელეკომიდან“, პარალელურად თიშავენ „ონლაინს“, რომ მომხმარებელი იძულებული გახდეს, „ტელეკომით“ ისარგებლოს. ჩვენნაირ ქვეყანაში ყველას აქვს პრობლემები სწორედ დემოკრატიის არარსებობის გამო. დემოკრატია არ არის განყენებული ცნება, ესაა ტექნოლოგია ნორმალური ცხოვრებისათვის.
ინტერნეტის გათიშვის გამო გამომიჩნდა ცოტა დრო და ჩემი წიგნის ტექსტს მაინც მივხედავ. ვაპირებ, სხვადასხვა დროს პრესაში დაბეჭდილი სტატიები დავბეჭდო წიგნად: როგორ ხდებოდა ჩემი მეტამორფოზა – მე, ხელისუფლების მხარდამჭერი, როგორ გავხდი ოპოზიცია. სტატიებში ეს ჩანს და, მგონი, მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.
დღეს ექსპერტთა საბჭოს შეხვედრა გვაქვს. ოცდახუთნი ვართ, 24 კაცი და ერთი ქალი – მე. ისე, ახალგაზრდობიდან სულ კაცების კომპანიაში მიწევდა ყოფნა და კარგადაც ვგრძნობ თავს.
წინა პარასკევს მოხსენება მქონდა. ექსპერტთა საბჭომ დაიწყო საინტერესო ღონისძიება: ყოველ პარასკევს „მუზაში“ ეწყობა გარკვეული საკითხის განხილვა, ესწრება საკმაო რაოდენობის ხალხი ძირითადად, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ელიტა, 200 კაცამდე. აგვისტოს მოვლენებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა რუსები ძირითადი ტერიტორიიდან გავიდნენ და ოპოზიციამ მოხსნა მორატორიუმი კრიტიკაზე, სოსო ცისკარიშვილმა შეგვკრიბა ის ხალხი, ვინც მეტ-ნაკლებად ექსპერტადაა მიჩნეული და საზოგადოებრივადაც აქტიურია, და გადავწყვიტეთ, შეგვეფასებინა, რა უძღოდა წინ აგვისტოს, რა მოხდა და რა პერსპექტივებია სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკა, სამხედრო საქმე, საერთაშორისო, სოციალური პოლიტიკა და ა.შ. ჰოდა, ჩვენი მუშაობის შესახებ არის მოსმენები ფართო საზოგადოებისთვის. მგონი, ჩემი გამოსვლა საინტერესო იყო. რამდენიმე ადამიანი მოვიდა და მასალები მთხოვა, ტელევიზიამაც გააშუქა.
ექსპერტთა საბჭოს სხდომაზე 4 საათზე მივედი. რა კარგად ვგრძნობ თავს მეცნიერებთან! მახსენდება 2006 წელი. უნგრეთში ვიყავი მეცნიერების საკითხებისადმი მიძღვნილ დიდ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც იუნესკომ მოაწყო. მე მქონდა გამოსვლა მეცნიერების რეფორმაზე. გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია, რომელშიც 30-მდე კაცი მონაწილეობდა. განვცვიფრდი, როცა გავიგე, რომ ამათგან 10-მდე ნობელის პრემიის ლაურეატი ყოფილა. ისეთი თავმდაბლები იყვნენ ურთიერთობაში, აზრის გამოთქმაში… ჩვენში ხომ ყველა უცოდინარს თავი მოაქვს და მხოლოდ თავისი აზრი ჰგონია ერთადერთი ჭეშმარიტება!
გია ხუხაშვილი ახლა ჩემი მეზობელი გახდა და როცა რაიმე საერთო ღონისძიებაა, იმას მოვყვები ხოლმე, ჩემს მძღოლს აღარ ვიძახებ და გია ხუმრობს: გუგულის მძღოლი ვარო. საღამოს ერთად დავესწარით ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მოწყობილ მოსმენას არასამთავრობოებთან მამამისის საქმეზე. პროფესორი ომარ ქუცნაშვილი დიდი ხანია, ხელმძღვანელობს შპს „ჯეოინჟინერიას“, მიუღია შეკვეთა და, როგორც ზაქროს ნაჩვენებ სლაიდებზეც ვნახეთ, ყველაფერი შეუსრულებია, მაგრამ ახლა დაიჭირეს და გაფლანგვაში ადანაშაულებენ. ყველასთვის ნათელია, რომ საბუთი არ აქვთ, მაგრამ რა სამართალზეა საუბარი ჩვენს ქვეყანაში?! ადამიანს სრული უმწეობის განცდა გიპყრობს. ნორმალურ ქვეყანაში თუ კაცი თავის სიმართლეს დაამტკიცებს, ამას მოსამართლეც ეთანხმება. ესაა დამოუკიდებელი სასამართლო.
დღეს ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როცა უმრავლესობის წევრებს მოვუწოდე, მოესმინათ პარლამენტის წინ შეკრებილი 100 ათასი კაცისთვის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნათ, რადგან ეს მოთხოვნა სრულიად კონსტიტუციური და სამართლიანი იყო. მაშინ ფორმალურად ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი ვიყავი. მახსოვს, როგორ ვღელავდი, მაგრამ თან დარწმუნებული ვიყავი, რომ მართალს ვამბობდი. ახლა კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი.

4 ნოემბერი, სამშაბათი
დღეს მაგდას დაბადების დღეა. ნამდვილად ბედნიერი ვარ, ასეთი შვილი რომ მყავს. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ბედნიერი ამყოფოს! საღამოს რესტორანში წავლენ თავისი მეგობრებით. ისე, მაგდას არ უყვარს დაბადების დღის ასე გადახდა. წყნარად, სახლში ურჩევნია ყოფნა, მაგრამ თქვა, ხანდახან საჭიროაო. მე და ძიძა ბავშვებთან ვიქნებით სახლში.
მთელი დღე უნივერსიტეტში ვარ, ლექციები მქონდა. აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან ერთად ოთხი წლის წინ გავხსენით სამაგისტრო პროგრამა კონფლიქტის ანალიზსა და მართვაში. კარგი სტუდენტები მოდიან, ბევრი უცხოეთში მიდის სასწავლად. ყოველ წელს უცხოეთიდან ჩამოგვყავს ლექტორები და, საერთოდ, კარგი სიტუაცია გვაქვს.
საღამოს 7 ნოემბრის აქციაზე მიმართვის ტექსტს და პრესრელიზს ვამზადებდი. 8-ზე მივედი სახლში. მაგდაც ძლივს მისულა 8 საათისთვის რესტორანში – შეხვედრა ჰქონდა თსუ რექტორთან და უცხოეთში ხარისხმიღებულ ჟურნალისტებთან. სადაც უნდა მუშაობდეს, 6 საათზე მაინც ვერასდროს ამთავრებს სამუშაო დღეს.
გამუდმებით ვფიქრობ 7 ნოემბრის აქციაზე. როგორ გამოვა, რამდენი მოვა? ბევრი ამბობს, რომ მისვლას აპირებს. ვფიქრობ, ეს ღირსების საქმეა და არა რომელიმე პარტიის ან ოპოზიციის მხარდაჭერა. ამიტომ ძალიან მაღიზიანებს, როცა ლაპარაკობენ, რომ ოპოზიციამ ვერ გაამართლა, ხალხი მას აღარ ენდობა და სხვა. ოპოზიციაში დღეს ესენი იქნებიან, ხვალ – სხვები, მაგრამ ხალხს უნდა ჰქონდეს პროტესტის გრძნობა იმის მიმართ, რაც მიუღებელია და ეს პროტესტი უნდა გამოხატოს. მაშინაა ეს ხალხი ნორმალური ხელისუფლების ღირსი.

5 ნოემბერი, ოთხშაბათი
დილით დაპატიჟებული ვიყავი „მარიოტში“, აშშ-ის საელჩომ მოაწყო საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი გადმოცემა და საუზმე. ძალიან გამიხარდა ობამას გამარჯვება! სამი თვის წინ ვთქვი ერთ ინტერვიუში, ობამა გაიმარჯვებს-მეთქი. ცოტა მაინც ვიცნობ ამერიკელების ბუნებას. ბოლოს და ბოლოს, ორი წელი ვიმუშავე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში და უამრავი ამერიკელი მეგობარი მყავს. „მარიოტში“ ბლომად იყვნენ სახელისუფლო წრეების წარმომადგენლებიც. ეტყობოდათ, რომ მაგრად „გაუტყდათ“!
ნამდვილად კარგი რამეა ობამას გამარჯვება! აშშ შეცვლის პოლიტიკას უფრო მშვიდობიანობის და კონსტრუქციულობისკენ, ეს კი ყველა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება. მათ შორის, ჩვენთვისაც. არ მჯერა, რომ იარაღის მოჟღარუნე ხელისუფლება (რესპუბლიკელების ახლანდელ ადმინისტრაციას ვგულისხმობ) რაიმე სასიკეთოს გააკეთებდა ჩვენთვის (და, საერთოდ, მსოფლიოსთვის). აშშ უნდა იყოს დემოკრატიის მეტრი და დარაჯი და არ უნდა წამოიკიდოს რაღაც პროექტები დემოკრატიის იმპორტისთვის („ვარდების“ თუ „ტიტების“ და სხვა), არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა კავშირს. დემოკრატები ყოველთვის უფრო შეუწყნარებლები არიან დემოკრატიის პრინციპების დარღვევისადმი და აშშ-ის ახალი ხელისუფლება არ დაუხუჭავს თვალს იმ დარღვევებს, რაც ასე ჩვეული რამაა ჩვენი ხელისუფლებისთვის. ასე რომ, გაუმარჯოს ობამას!
დღეს ქალთა პარტიამ პრესკონფერენცია მოვაწყვეთ და ქალებს მოვუწოდეთ, მონაწილეობა მიიღონ 7 ნოემბრის აქციაში. ყველა ტელეარხი იყო. ჩემდა გასაკვირვად, „რუსთავმაც“ გააშუქა. „კავკასიამ“, როგორც ყოველთვის, დიდი სიუჟეტი მისცა, საღამოსაც მე და ლია დაგვპატიჟა აქუმ და კარგად ავუხსენით ხალხს, 7 ნოემბერს რატომ უნდა გავიდეთ ქუჩაში და ლიამაც განავრცო თავისი იდეა. ხაზი გავუსვით, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი რესურსი არ გააჩნია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და რომ რაიმე ნორმალური განვითარების (მეტიც, ქვეყნის გადარჩენის!) შანსი ამ ხელისუფლებას აღარ დარჩა.
ნამდვილად არ მაქვს რაიმე აგრესია ხელისუფლებაში შემავალი ადამიანების მიმართ, მაგრამ ნათელია, რომ მათ ამოწურეს რესურსი, როგორც ხელისუფლებამ. ნიშანდობლივია, რომ როცა გირგვლიანის და სხვათა საქმეებზე, ან კერძო საკუთრების ხელყოფაზე საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა, ხალხი ჯერ კიდევ ამ ხელისუფლებას სთხოვდა პასუხს, მისგან მოითხოვდა ქმედებებს. ახლა ეს ხელისუფლება აღარც არსებობს ხალხის თვალში, ის უკვე წარსულია. ხალხი იმაზე ფიქრობს, ვინ და როგორ მოვა ახალ ხელისუფლებაში. ხალხის მხრიდან ამ ხელისუფლების მიმართ შინაგანი ერთიანობა და ნდობა ვეღარ იქნება, არადა, შინაგანი ერთიანობა თუ არ იქნა, ჩვენნაირი ქვეყანა ვერასოდეს გაუმკლავდება გარე საფრთხეებს. ამიტომაა სასიცოცხლოდ აუცილებელი მათი მშვიდობიანი წასვლა და წესიერი არჩევნებით ისეთი ხელისუფლების მოსვლა, რომლის მიმართ ხალხს არ ექნება ეჭვიც კი, რომ გაყალბებითაა მოსული. ის ხელისუფლება, ცხადია, იდეალურად კარგი ვერ იქნება, მაგრამ ხალხის მიერ იქნება არჩეული, ასეთ დროს კი უფრო მიიღწევა ერთიანობა.
კიდევ კარგი, „კავკასია“ არსებობს, თორემ ძალიან გაჭირდებოდა ხალხამდე რაიმე ოპოზიციური იდეის მიტანა.

6 ნოემბერი, ხუთშაბათი
სასწრაფო საქმე მაქვს, აშშ-ის დენვერის უნივერსიტეტთან გვაქვს ერთობრივი პროექტი: “მედიაციის კლინიკის ჩამოყალიბება თსუ-ში”. ამ პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი გვაქვს სასწავლო ლიტერატურა, ვამზადებთ „რიდერს“ და სახელმძღვანელოს. უკვე დროა, მზად გვქონდეს და რა თავებიც არაა ნათარგნი, მე უნდა ვთარგმნო, რაც შეიძლება მალე. 10-დან ოთხ საათამდე კომპიუტერიდან არ ავმდგარვარ. კიდევ კარგი, ჩემი კლასელის დაბადების დღეა და იქ მივდივარ, თორემ ცუდად გავხდებოდი მუშაობისგან.
მაგდა ბაქოშია. ერთი თვეა, ამერიკის საელჩოდან გადავიდა უმაღლესი განათლების ხელშემწყობი პროგრამის რეგიონალურ დირექტორად სამხრეთ კავკასიაში და უნდა გაეცნოს თავისი ქვეგანაყოფების მუშაობას აზერბაიჯანსა და სომხეთში.
ქალები მირეკავენ ახლო რაიონებიდან, გვინდა შემოგიერთდეთ და სად მოვიდეთო. რა მაგარი ხალხი გვყავს! ცოდო არ არის, ამ ხალხს ნორმალური ქვეყანა არ ჰქონდეს?

7 ნოემბერი, პარასკევი
დილიდან წვიმს, ეს გვინდა ახლა? მაგრამ მაინც მგონია, რომ ხალხი მოვა. არ ველი შარშანდელივით 100 ათასის მოსვლას – ბევრი შიშობს, მიტინგში მონაწილეობით რუსების წისქვილს არ დავასხათ წყალიო, ზოგს იმის ეშინია, ისეთივე დარბევა არ მოგვიწყოს ხელისუფლებამო… რას იზამ, ყველას ხომ ვერ მოსთხოვ გმირობას. ზოგიც მუშაობს, ეშინია, რომ გავაცდინო არ გამაგდონო. არც ოპოზიციამ ჩაატარა სათანადო საორგანიზაციო მუშაობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ იქნება ხალხი.
დილას, როგორც ყოველთვის, მარიამმა გამაღვიძა, ჯერ ჩემი სამკაულებით ითამაშა, მერე მთელი ლექსები ჩამოყვა. ლუკას მის ასაკში ლექსის თქმა კი არა, ლაპარაკიც ეზარებოდა. ბიჭები, ეტყობა, თავიდანვე უფრო ზარმაცები არიან. არ შემიძლია, არ დავეთანხმო თამრიკო ბერუჩაშვილს: გოგონები თავიდანვე ხვდებიან, რომ თავს თვითონვე უნდა მოუარონ, ბიჭებმა კი იციან, რომ ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც მათზე იზრუნებსო: დედა, მეუღლე, და და ა.შ.
წვიმს და ქარია. ცოტა ხალხი რომ მოვიდეს, მავანნი გაიხარებენ. თუმცა, კიდეც რომ არ იყოს 100 ათასი, ხომ ვიცით, რომ ამ ხელისუფლების მხარდამჭერები გაცილებით ნაკლებნი არიან. გუშინ ვუყურე „კავკასიაზე“ 30-წუთიან უკომენტარო ფილმს შარშანდელ 7 ნოემბერზე. კიდევ ერთხელ შევძრწუნდი და თან რისხვით ავივსე! როგორ დაუზოგავად ურტყამდნენ დამსჯელები საკუთარ ხალხს; როგორი აღჭურვილობა ჰქონდათ ამ დამსჯელებს და ყველაფერი ჩვენ ხარჯზე. ასეთი აღჭურვილობა უცხოეთის პოლიციასაც არ აქვს. თანაც, როგორი ცინიზმი გამოსჭვიოდა ნაზხმიანი ქალის გაფრთხილებაში, მანქანა რომ მოდიოდა წყლითა და გაზით: მოხუცები, ქალები და ბავშვები მოერიდეთო! კიდეც რომ მოესურვებინათ, როგორ უნდა გაქცეულიყვენენ ისე სწრაფად, რომ გაზი არ შეესუნთქათ? ასეთი ფარისევლობა აუტანელია! ამიტომაც კიდევ უფრო ძლიერდება პროტესტი.
აქციაზე წავედით მე და ჩემი ძმა, რომელიც ძალიან აქტიურია პოლიტიკურად და ხშირად ძალიან საჭირო და გონივრულ რჩევებსაც მაძლევს. კუკური ამბობდა, მგონი არაა ბლომად ხალხიო, მაგრამ თანდათან ემატა და ემატა და ასე, 40 ათასამდე ნამდვილად იქნებოდა. საკმაოდ ბევრ ქალს ეცვა შავი, მიღიმოდნენ და მესალმებოდნენ. პირველ სკოლასთან ვიდექით, ბევრი ნაცნობი შემხვდა. საინტერესო რამეებზე ვილაპარაკეთ კოკო გამსახურდიასთან, გოგა ხაინდრავასთან და სხვებთანაც. ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ მითხრა, ვფიქრობთ, თქვენთან ხომ არ შემოვიდეთ პარტიაში, ქალები უფრო აქტიურები ხართ და ადამიანის უფლებებსაც უკეთ იცავთო. ბევრი ვნახე ამ აქციაზე ისეთი, ვისაც რაიმე ეკონომიკური ან ყოფითი პრობლემა თითქოს არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში. ახლაც იტყვიან ხელისუფლება და მისი მეხოტბეები, ხალხი ქუჩაში სოციალური საკითხების გამო გამოდისო? ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ ამ ხელისუფლებამ, მეტი რომ არ ვთქვათ, ამოწურა თავისი რესურსი და უნდა წავიდეს. კარგია თუ მშვიდობიანად წავა. ამისთვის უნდა დავირაზმოთ.
ოპოზიციის მოთხოვნები ძალიან გონივრული და რეალისტურია. თუ ეს არ გაკეთდა, არც აქვს აზრი ამ ქვეყანაში ცხოვრებას. ეს ხომ ელემენტარული მოთხოვნებია: „ტელეიმედი“ დაუბრუნდეს პატრონს (აღდგეს სამართალი), I არხი საზოგადოებრივია და მისი ხელმძღვანელი საზოგადოების ნდობით უნდა სარგებლობდეს, გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ნორმალური საარჩევნო კანონითა და წესიერი საარჩევნო კომისიით. საერთოდ, ხელისუფლება რომელიც ომს წააგებს და ტერიტორიებს დაკარგავს, თვითონვე უნდა გადადგეს. არ გადადგება, ხალხმა უნდა გადააყენოს. ეს არის გარდაუვალი. ეს საჭიროა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რადგან, თუ კარგად გავაცნობიერებთ, ამ ხელისუფლების ხელში მოსალოდნელია, ჩვენი ქვეყანა მუდმივი ომის ასპარეზად იქცეს. ქალებმა ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელია დიდი მოძრაობის დაწყება საქართველოს მშვიდობიან არეალად გადაქცევის შესახებ. ესაა ჩვენი ქვეყნის მომავალი.
საღამოა, გადავხედე ჩემს ნაწერებს. ცოტა არ იყოს, ესეები უფროა, ვიდრე დღიური, მაგრამ ასეთი ცხოვრების წესი ჩამოგვიყალიბდა. თანაც, განსაკუთრებით პოლიტიზებული კვირა შემხვდა. თუმცა, ჩვენს ასეთ ყოფაში რომელი კვირა არაა პოლიტიზებული?

8 ნოემბერი, შაბათი
დილას მაგდა ჩამოვიდა ბაქოდან. შთაბეჭდილებები გაგვიზიარა. მიუხედავად ჩვენი პრეტენზიებისა, გვეუბნება, განათლების სფეროში კარგი სიტუაციაა საქართველოშიო, ქართველები უფრო წინ წასულები ვართო.
კომპიუტერი ჩავრთე. ინტერნეტს გადავხედე. კიდევ ერთხელ დავტკბი ამერიკული დემოკრატიით. ობამასთან დაკავშირებული ამბები წავიკითხე. მერე კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემს დღიურებს, ერთი ნახევარი საათი მოვუნდი, რომ თავი წესრიგში მომეყვანა და რადიო „თავისუფლებაში“ გავქანდი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG