Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ნიკოლოზ ჯოხაძე ამჯერად "თავისუფლების" დღიურებს

წერდა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი ნიკოლოზ ჯოხაძე.

30 ნოემბერი კვირა
დილით ადრე ვდგები. არასამუშაო დღეა, მაგრამ სამსახურში მელოდებიან. სახლში მცირე სარემონტო სამუშაოებს ვატარებ და, სანამ გავალ, მინდა, ხელოსანი მოვიდეს, რომ მითითებები მივცე. არ მოდის, მაგვიანდება. ისევ მეუღლეს ვუხსნი, რა გადასცეს, რა როგორ გააკეთოს.
ჰოსპიტალში პირდაპირ წყალმომარაგების კვანძისკენ მივდივარ, ერთ-ერთი ტუმბო მწყობრიდან გამოვიდა, ინფექციური განყოფილების კორპუსი ცხელ წყალს ვერ იღებს. ვხვდები, ორშაბათამდე ვერ შეკეთდება.
შევედი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, კოლეგებს გავესაუბრე. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე კონტინგენტი წევს, მიყვარს იქ ყოფნა, მსიამოვნებს ცქერა, როგორ აკადემიურად, აკურატულად მუშაობენ. ეს განყოფილება ჰოსპიტლის სიამაყეა.
ავდივარ კაბინეტში, რამდენიმე პასუხი მაქვს დასაწერი. დიდხანს მიჭირს გონების კონცენტრირება, სხვადასხვა ფიქრები მიტრიალებს თავში. როგორც იქნა, დავიწყე. პარალელურად სატელეფონო ზარებს ვპასუხობ. შუადღისას მეგობრები მეხმაურებიან საყვედურით, რომ მათთვის საერთოდ ვეღარ ვიცლი. ვთანხმდებით, ერთად ვსადილობთ გვიანობამდე.

1 დეკემბერი, ორშაბათი
ჩვეულებრივად, 8 საათისთვის მოდის მანქანა, მივდივარ სამსახურში. ძალიან სასიამოვნო დილაა, მიხარია, რომ ზამთარი დაიწყო და ჯერ კიდევ თბილა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტლის ეზოს დღეში ორჯერ ჰგვიან, ჩამოცვენილი ფოთლით მაინც მოფენილია მთელი ტერიტორია. მეეზოვეებს ვეუბნები, რომ კიდევ 2-3 თვეს მოუწევთ წვალება. ძალიან უბრალო და ერთგულები არიან, ომისა და ოკუპაციის დღეებში ერთი წუთით არ მიუტოვებიათ საქმე.
ათის ნახევარზე ვიწყებთ დილის თათბირს, ე.წ. „ხუთწუთიანს“. განვიხილავთ მთელი კვირის ნაშრომს, ვმსჯელობთ მძიმე ავადმყოფებზე. ძალიან გვაფიქრებს ჯინჭარაძის მდგომარეობა, გვახარებს კაიდარაშვილი – მე-100 დღეზე აპარატიდან ვხსნით.
11 საათზე შეხვედრა მაქვს ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან. სურვილს გამოთქვამენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გავუწიოთ სამედიცინო დახმარება მათ წარმომადგენლებს. ძალიან მოსწონთ ჰოსპიტალი, ვაფორმებთ ხელშეკრულებას.
ერთი მხრივ საამაყოა, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ცუდად გვიცნობენ. პირდაპირ აღნიშნავენ – ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასეთი დონე იქნებოდა და ამ ტექნოლოგიებს ფლობდითო.
შუადღისას ვიკრიბებით, სამეურნეო წელი მთავრდება. მაქსიმალური სიზუსტით უნდა დავგეგმოთ ბოლო თვე, რომ გეგმით გათვალისწინებული არც ერთი მიმართულების შესრულებას პრობლემები არ შეექმნას, რესურსები ზუსტად გადანაწილდეს.

2 დეკემბერი, სამშაბათი
დილა ჩვეულებრივ იწყება, ჰოსპიტლის ეზოს ვუვლი. როდესაც პატარა სკვერს გავუსწორდები, გული მიმძიმდება. ეს ის ადგილია, სადაც ჰოსპიტლის დაბომბვის დროს ჩვენი ექიმი გოგა აბრამიშვილი დაიღუპა. ძალიან დიდი სინანულის გრძნობა ჩნდება, რატომ ზუსტად იმ დროს, იმ ადგილზე მეც არ ვიყავი… არადა, მართლა შემთხვევით მოხდა, რომ არ ვიყავი – სულის მოსათქმელად წუთი რომ მოგვეცემოდა, იქ მივდიოდით ყველანი.
ომი ჩვენთვის 1 აგვისტოს დაიწყო. პირველი დაჭრილები მაშინ მოგვიყვანეს, როცა დაიბომბა ნიქოზის მიმდებარე ტერიტორია და შემოვლითი გზა, რომელსაც „სიცოცხლის გზას“ ვუწოდებდით და რომელიც პატარა ლიახვის ხეობასთან გვაკავშირებდა. მერე ყოველდღე მოჰყავდათ დაჭრილები და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა...
4-5 აგვისტოს ქალაქში უკვე მსხვილკალიბრიანი იარაღის სროლა ისმოდა, თითქმის ყველა მიმართულებით. ყოველ წამს ვკითხულობდი, განგაში ხომ არ გამოვაცხადო-მეთქი? პასუხი იყო, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. პირველი სრული მობილიზება 6 აგვისტოს საღამოს გამოვაცხადე. მერე კი 7 აგვისტოც მოვიდა...
მიჭირს იმის გახსენება, რა დღეები დაგვიდგა და რა ხდებოდა გარშემო. ჩვენი მდგომარეობა რა სალაპარაკოა – საქმეს ვაკეთებდით: დღეში 650-მდე დაზარალებულს ვიღებდით და ვუვლიდით.
ვხედავდით, როგორ ეძებდნენ დედები დაჭრილებს შორის საკუთარ შვილებს; თვითონ შევესწარი, როგორ იპოვნა ერთმა დედამ შვილი, რომელიც ცოცხალი აღარ იყო.
ჩვენი სამი ექიმის შვილებიც საომარი მოქმედებების ადგილზე იყვნენ. ჩემმა კოლეგებმა არაფერი იცოდნენ მათზე და ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ხვდებოდნენ დაჭრილბს და მათ შორის შიშით როგორ ელოდნენ საკუთარ შვილებს...
დილის კონფერენცია. ვგეგმავთ ნაომარი სამხედროების ახალი ნაკადის მიღებას მკურნალობის შემდგომ ეტაპზე. გავარჩიეთ ორი საკმაოდ რთული ქირურგიული ოპერაცია.
კონფერენციის შემდგომ ჯინჭარაძის მეუღლე ინტერესდება პაციენტის მდგომარეობით. სამწუხაროდ, სანუგეშოს ვერაფერს ვეუბნებით, ძალიან ძნელია უსუსურობის განცდა. 2 საათზე მივემგზავრები თბილისში, სამინისტროში სამედიცინო პროექტების მიმდინარეობის დეტალებია შესათანხმებელი.
საღამოს შვილებთან შევიარე, სტუდენტები არიან. ბოლო დროს იშვიათად მეძლევა ამის საშუალება დაკავებულობის გამო. უფროსი ავადაა, არცთუ სახუმაროდ. გამოცდის გამო არ მომყვება, არაფერია, მოვრჩებიო. ვუხსნი, რომ ხვალ ამას ვეღარ შეძლებს, დამიჯერა.
ჩამოვედით გორში, მთელი ღამე საწოლთან გავატარე. მივხვდი – ჰოსპიტალიზაციაა საჭირო. სიცხეს ვერ ვუმკლავდებით. ღრმა გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს.

3 დეკემბერი, ოთხშაბათი
ძალიან მაფიქრებს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დილით ადრე შევუდექით გამოკვლევებს. 9:30-ზე – დილის კონფერენცია, ჩვეულებრივი სამუშაო რიტმით.
სისხლის ბანკის ექსპლუატაციაში გაშვებას ვამზადებთ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დაგეგმვა უჩემოდ მოხდა, ძალიან მეამაყება მონაწილეობა. ასეთი დონის სისხლის პრეპარატების დამამზადებელი დაწესებულება არათუ საქართველოში, პოსტსაბჭოურ სივრცეშიც არსად არის. ომამდე ორი მოსკოველი სპეციალისტი ჩვენთან ჩამოიყვანეს ტრენინგზე, სურთ ანალოგიური სადგურის შექმნა მოსკოვში. როგორც მითხრეს, ეს ყველაფერი რუსულ პრესაშიც გამოქვეყნდა. ბანკის უნიკალურობა იმაშია, რომ პრეპარატები დამზადდება მსოფლიოში დღეს არსებული უმაღლესი ტექნოლოგიებით და ტექნიკური საშუალებებით. პრაქტიკულად გამოირიცხება ოდნავ მაინც არასაიმედო პროდუქციის წარმოება. რას ნიშნავს ეს, პროფესიონალებმა კარგად იციან. დონორების არსებობის შემთხვევაში, ბანკს თავისი სიმძლავრით შეეძლება დააკმაყოფილოს ქვეყანაში სისხლის პრეპარატების მოთხოვნილების 25%-მდე.
შუადღისას შვილის გამოკვლევების პირველ შედეგებს გავეცანი, ცოტა გულზე მომეშვა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის როლშია და სხვადასხვა მანიპულაციებს უტარებენ, გიორგის ჰოსპიტალი მოსწონს.
ძალიან მინდა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ატენის დედათა მონასტერში ასვლას. უნდათ, მოაწყონ სამედიცინო დახმარების პატარა კუთხე და მინდოდა ჩემი თვალით მენახა. ვაგზავნი კოლეგას, ქალბატონ ცირას. ქალბატონი ცირა ძალიან აქტიურად არის ჩაბმული ამ პროცესში. გავიგე, რაც სურთ. ვფიქრობ, ამ მარხვის დღეებში უფლის წყალობაა, რომ საშუალება მოგვეცა, ეს ყველაფერი ჩვენ აღვუჭურვოთ და მოვუწყოთ. ღამე ჰოსპიტალში ვრჩები.

4 დეკემბერი, ხუთშაბათი
ღამე პრაქტიკულად არ მძინავს, ავდივარ კაბინეტში. ირგვლივ აბსოლუტური სიწყნარეა. ქუჩაში იშვიათი მანქანის ხმა ისმის. მივდივარ ფანჯარასთან, ავტომატურად მახსენდება აგვისტოს თვის ღამეები. ზუსტად ამ ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ მიმოდიოდნენ რუსული ტანკები, როგორი გაუკაცრიელებული იყო ჩემი ქალაქი, განსაკუთრებით 12-13 აგვისტოს შემდეგ. უბრძოლველად და უშრომლად არაფერი მოდის, უბრალოდ, მიღებული შედეგი იყო ძალიან დამთრგუნველი.
ვრთავ კომპიუტერს, ვუყურებ ჩვენი ახალგაზრდა ეკონომისტის გადაღებულ სამოყვარულო ფილმს, რომელიც ჰოსპიტლის მუშაობის ეპიზოდებს ასახავს ომის დროს. ეს ყოველთვის ცოტა მამშვიდებს, სიამაყესაც განვიცდი, პირველ რიგში იმით, რომ ამდენ მშვენიერ ადამიანთან მიწევს მუშაობა და მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, 90-იანი წლების დასაწყისიდან ყველა ამ პროცესის მონაწილე ვარ, ვერ ვიხსენებ პროფესიული და სამოქალაქო თავდადების ამგვარ მშვენიერ მაგალითებს. რაც შეეხება ამ ფილმს, გვიან გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ დიდი უმრავლესობა ასეთივე განცდებით უყურებს ამ კადრებს. ბატონი გურამ გვასალია მეუბნება ერთხელ, როგორც ჯიგარხანიანი “თეირან 43”-ს, ეგრე ვატრიალებ ამ კადრებსო.
საერთოდ, ომმა ერთგვარი „საბრძოლო ნათლობა“ ჩაუტარა ჰოსპიტლის კოლექტივს. ერთი ახალგაზრდა ექიმი (რომელიც მე ვერ მხედავდა) უფროს კოლეგას ეუბნებოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამდენს შევძლებდიო. ვგრძნობ, სულ სხვა ადამიანი გავხდიო. ამას ერთგვარი სიამაყით ამბობდა და ეს საკუთარ თავში დაჯერების სიამაყე იყო.
ძნელი აღსაწერია, ის განცდა და გრძნობა, რომელიც იმ პერიოდში გორში მყოფ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა. მათ შორის იყვნენ ჩვენი ექიმებიც... განსაკუთრებით ახალგაზრდები ღელავდნენ. ეს იყო მუდმივი შიშისა და შფოთვის შეგრძნება: „ვაითუ ვერ შევძლო, ვაითუ ვერ გავაკეთო...” ნამდვილი გამოცდა იყო! მაგრამ მათ შეძლეს და იმ მძიმე დღეებმა მათი ყველა დაფარული შესაძლებლობა გამოამჟღავნა.
დღემ ჩვეული განრიგით ჩაიარა, მქონდა საინტერესო შეხვედრა სამედიცინო ბატალიონის უფროსის მოადგილესთან დემურ წიკლაურთან. ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ვისაუბრეთ.
გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა, ცოტა ვმშვიდდები. ძალიან მინდა დავისვენო.

5 დეკემბერი, პარასკევი
6 საათიდან მიმღებ განყოფილებაში ვარ. ბათუმიდან ორი სამხედრო მოსამსახურე გადმოიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები. ძალიან გული მწყდება – ამდენ განსაცდელს გადაურჩნენ და გაუფრთხილებლობის გამო იღუპავენ თავს. საკმაოდ მაღალია ავტოსაგზაო ტრავმატიზმი. ცენტერაძე უკიდურესად მძიმეა, ნოღაიდელი კომაშია…
8:30 საათზე ჯინჭარაძე მოგვიკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფესიის ხალხი უამრავი უბედურების შემსწრენი ვართ, ყოველთვის ძალიან მძიმე განცდაა, როცა უძლური ხარ, გაუმკლავდე დაავადებას. ვნიშნავ პათოლოგანატომიურ გამოკვლევას, ჭირისუფლები თანხმობას გვიცხადებენ. კვირის ბოლო სამუშაო დღე ძალიან მძიმედ დაიწყო.
9:30 საათზე ვითათბირეთ. საფინანსო-ეკონომიკურ ჯგუფთან კიდევ ერთხელ გავიარეთ საბოლოო შესწორებები ბიუჯეტში, უნდა შეთანხმდეს სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ამ წლის ბიუჯეტშივე ჩავტიო ჰემოდიალიზის განყოფილების აღჭურვა. რადგან ძირითად აპარატურას ქალბატონ ირმა ჭოხონელიძის მეცადინეობით გვჩუქნიან, ვფიქრობ, მოვახერხებ ამ პროექტის რეალიზებას.
კიდევ ერთხელ გავიარეთ სამეურნეო საკითხები, ტექნიკურად ყველაფერი გამართულია. ვფიქრობ, ზამთრის პერიოდს უმტკივნეულოდ გავივლით.
გიორგი მაბრაზებს, სახლში წაყვანის შემდეგ კვებისა და მკურნალობის საკითხებს არასერიოზულად ეკიდება. ტელეფონით მიხდება შენიშვნების მიცემა.
მეგობრები მირეკავენ, არ სჯერათ, რომ დრო არ მრჩება, თუნდაც ერთი-ორი საათი მათთან რომ გავატარო. გვიან ვბრუნდები სახლში.

6 დეკემბერი, შაბათი
დილიდან ინტერნეტით უმცროს შვილს ვესაუბრე ამერიკაში, მომიყვა სწავლის შესახებ, როგორ გააკეთა ამერიკულ ოჯახში ხინკალი, სურათებიც მოაყოლა. შუათანა შვილი ტელეფონით მირეკავს თბილისიდან და დღის განრიგს მითანხმებს, რომ ვნახო. იცის, თბილისში ვარ წასასვლელი.
10 საათზე მიმღებში ვარ, პერსონალი ადგილზეა, ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. მორიგეობიდან თავისუფალი თანამშრომელთა ჯგუფი გეგმავს ამაგდარი ქირურგის, ბატონი ალეკო ჩიჩუას გარდაცვალების დღის აღნიშვნას მოკრძალებული ტრაპეზით. ძალიან მინდა მოვასწრო და მეც შევუერთდე – როდესაც ასე არაოფიციალურ სიტუაციაში ვიკრიბებით, ყოველთვის დადებითი ემოციებით ვიმუხტები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG