Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი პარტიების დაფინანსების კანონპროექტს განიხილავს


საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

კანონშემოქმედების ამ ეტაპზე პროექტში პრინციპული ცვლილებების შეტანა შეიძლება. შესაბამისად, როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ კანონპროექტის განხილვას თან ახლავს აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე დისკუსიები. პარტიების ერთ ნაწილს დაფინანსების მოცულობა არ აკმაყოფილებს, მეორე ნაწილი კი უკვე განვლილი პერიოდის დაფინანსებასაც მოითხოვს.

საქართველოს პარლამენტში მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას ის პოლიტიკური ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებმაც ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში, შესაბამისად, სამ და ოთხ პროცენტიანი ბარიერები გადალახეს. ბიუჯეტიდან სულ 14 პარტია დაფინანსდება, ასევე 25 პროცენტით გაიზრდება მიმდინარე წლის ზაფხულში შეწყვეტილი დაფინანსების მოცულობა. კანონპროექტის ინიციატორის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლაშა თორდიას კომენტარი:

[ლაშა თორდიას ხმა] „განვიხილავთ მეორე მოსმენით კანონპროექტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს დაფინანსების აღდგენას პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ასევე დაფინანსების გაზრდას. კერძოდ, პოლიტიკურ სუბიექტებს დაფინანსება გაეზრდებათ მინიმუმ 25 პროცენტით, ნაციონალურ მოძრაობას კი - 10 პროცენტით.“

დაფინანსების მოცულობის 25 პროცენტით გაზრდა არასაკმარისად მიაჩნია ოპოზიციური პარტიის ლიდერს, საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთ წევრს, ჯონდი ბაღათურიას. ის აცხადებს, რომ რეალური დაფინანსება არც ერთი თეთრით არ იზრდება:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „25 პროცენტით ზრდა მიაჩნია უმრავლესობას ის, რომ მოგვაწვდიან უფასო კვლევებს, ანუ დააფინანსებენ საზოგადოებრივ კვლევებს. ამ კვლევებს ჩვენ ისედაც ვატარებთ. პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა პარლამენტის სესიაზე, რომ გაიზრდება საბაზისო დაფინანსება. საბაზისო დაფინანსება არც ერთი თეთრით არ იზრდება.“ (სტილი დაცულია)

სხვაგვარად ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივის” თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ აქტიურად იყო ჩართული ევროსაბჭოს მიერ შექმნილ ჯგუფში პარტიების დაფინანსების შესახებ მიმდინარე კონსულტაციებში:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] „ვითხოვდით, რომ სახელმწიფოს პარტიებისთვის მიეცა გარკვეული თანხა, რომელსაც ის საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, კვლევებისთვის და კონფერენციებისთვის გამოიყენებდა. მაშინ ამაზე ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა უარი განაცხადა. კარგია, რომ ახლა ეს გადაწყდა.“ (სტილი დაცულია)

დაფინანსების გაზრდის საწინააღმდეგო არაფერი აქვს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - „მრეწველთა პარტიის“ - ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს. ის საპარლამენტო უმრავლესობისგან მოითხოვს, რომ პარტიების დაფინანსების კანონი განვლილ პერიოდზეც გავრცელდეს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „იმ პოლიტიკურ პარტიებს, - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ”ახალ მემარჯვენეებს” და ”თავისუფლებას”, - რომლებსაც შეუწყდათ თავიანთი ბოიკოტის გამო, მათ უნდა აღუდგეთ დაფინანსება განაცდურის ანაზღაურებითაც.“ (სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება მას შემდეგ შეუწყდა, რაც ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს საქართველოს პარლამენტის მანდატებზე. დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2008 წლის გაზაფხულზე არჩეულმა პარლამენტმა მიიღო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ იმავე პარლამენტში გაჩნდა ინიციატივა პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიებისთვის დაფინანსების აღდგენის შესახებ. ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივის” ლიდერის კოკი იონათამიშვილის კომენტარი:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] „პირველი ეტაპისთვის მე მაინც მგონია, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი. ერთი მხრივ, პარტიებს აქვთ შექმნილი საარსებო პირობები და, ამავე დროს, სახელმწიფო ბიუჯეტი და სახელმწიფო ზრუნავს პარტიების განვითარებაზე.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკური სუბიექტების ბიუჯეტიდან დაფინანსება, ევროსაბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პარტიების დაფინანსებაში კორუფციის, შავი ფულის გავლენის აღმოფხვრისა და პარტიული ცხოვრების განვითარების მიზნით გადაწყვიტა.
XS
SM
MD
LG