Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანვრის პირველ რიცხვებში თბილისი და ვაშინგტონი თანამშრომლობის ქარტიას გააფორმებენ


25 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ხელმოწერა მომავალი წლის 4 იანვარს შედგება.

მანამდე თბილისი დარწმუნებული იყო, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ახალ წლამდე მოხდებოდა. ვადების გადაწევამ დამატებითი არგუმენტები მისცა კრიტიკოსებს, რომლებიც ხელისუფლებას დანაშაულად უთვლიან ზედმეტი აჟიოტაჟის და ხმაურის ატეხას, რის გამოც დოკუმენტზე ხელმოწერა ”ყავაზე მარჩიელობას” დაემსგავსა. რა მიზეზით გადაიდო ქარტიაზე ხელმოწერის ვადა?

ქართველი სამხედრო ექსპერტები და პოლიტოლოგები გაკვირვებას ვერ მალავენ. საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის პროექტი, რომელზე მუშაობაც, ხელისუფლების მტკიცებით, 23 დეკემბერს უნდა დაზუსტებულიყო. 25 დეკემბერს გაირკვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერა, წლის ბოლოს ნაცვლად, მომავალი წლის 4 იანვარს მოხდება. სტრატეგიის საკითხთა ექსპერტი პროფესორი კახა კაციტაძე ამბობს, რომ დაპირება ახალ წლამდე - და, მით უფრო, საშობაო უქმეებში - ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ხელისუფლების მორიგი პიარი გახლდათ:

[კახა კაციტაძე] ”ვინც კი იცის ამერიკაში დაწესებულებების მუშაობის გრაფიკი, შობაზე და შობის წინ რომ ერთი ათი დღის პერიოდში რაღაცას რომ მოეწეროს ხელი, აბსოლუტურად გამორიცხულია. ომის გამოცხადება რომ იყოს, შეიძლება ესეც კი გააცდინონ, შობა იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის.” (სტილი დაცულია)

დღემდე ბუნდოვანია ამერიკა-საქართველოს შორის ახალი თანამშრომლობის დოკუმენტის სახელწოდება და იურიდიული ძალმოსილება. სახელისუფლებო ექსპერტები დღემდე მარჩიელობენ თავად დოკუმენტის სახელწოდებაზე. თავიდან ითქვა, რომ ეს იქნებოდა ჩარჩო-ხელშეკრულება, შემდეგ კი უპირატესობა მიენიჭა ქარტიას. 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ლაპარაკი კვლავ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მიდის, რომელსაც 4 იანვარს მოეწერება ხელი:

[გრიგოლ ვაშაძე] ”საქართველოს დელეგაცია გადაფრინდება ვაშინგტონში და მოაწერს ამ ისტორიულ დოკუმენტს ხელს. ჯერჯერობით დოკუმენტი არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ მალე გამოქვეყნდება იგი.”


თუმცა ექსპერტთა ნაწილი დოკუმენტის სახელწოდებაზე დავას და მისი ხელმოწერის თარიღის გადაწევას უკავშირებს ამერიკის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აზრთა სხვადასხვაობას დოკუმენტის იურიდიულ ძალმოსილებაზე. მარშალ ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის პრეზიდენტი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილი არ ემთხვეოდეს ამერიკის ადმინისტრაციის შესაძლებლობებს:

[ნიკა ჩიტაძე] ” მიმდინარეობს დისკუსია, იქნება ეს სტრატეგიული დოკუმენტი თუ თავდაცვითი პაქტი. ჩემი მოსაზრებაა, რომ, ალბათ, ქართული მხარის სურვილი იქნება, ეს იყოს თავდაცვითი პაქტი, ანალოგიური იმისა, რაც იყო იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ”ცივი ომის” შემდეგ, რომელიც გულისხმობდა ამ ქვეყნების თავდაცვას და ამ ქვეყნებში ბაზების განთავსებას.” (სტილი დაცულია)

მეორე მიზეზი, რამაც ამერიკასთან სტრატეგიული დოკუმენტის ხელმოწერის გაჭიანურება გამოიწვია, არის ამერიკის სურვილი, შეთანხმება არ დაიყვანოს, უბრალოდ, ქარტიის დონეზე, ქარტიისა, რომელსაც ცოტა ხნის წინ უკრაინასთან მოეწერა ხელი. უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, მომავალი დოკუმენტი, შესაძლოა, ამერიკის მიერ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ერთგვარი კომპილაცია გახდეს:

[ვახტანგ მაისაია] ”ამ შემთხევაში არის საუბარი უფრო ახალი სტრატეგიული მოკავშირეობის, ანუ ”კორეული მოდელის”, ელემენტების გადმოღებაზე, რა თქმა უნდა, სამხედრო ბაზების განლაგების გარეშე.” (სტილი დაცულია)


ერთი სიტყვით, საქართველოს მოსახლეობას მომავალი წლისთვის ახალი მოლოდინის თემა გაუჩნდა. 4 იანვარს საბოოლოოდ უნდა გაირკვეს, თუ რას მოაწერენ ხელს ამერიკისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელები - ჩარჩო-ხელშეკრულებას, ქარტიას თუ უბრალო მემორანდუმს. ერთ რამეში კი ექსპერტები ნამდვილად დარწმუნებულნი არიან: შეთანხმებას ვაშინგტონთან ნამდვილად არ ეწევა MAP-ის ბედი და იგი აუცილებლად მალე იხილავს დღის სინათლეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG