Accessibility links

logo-print

”კონსტიტუციის 42–ე მუხლი” საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ


არასამთავრობო ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“, ბრალდებისა და დაცვის მხარის უფლებების გათანაბრების მოთხოვნით,

საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ”42–ე მუხლის” ადვოკატები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84–ე მუხლის იმ დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომლითაც დაცვის მხარეს საქმის მასალების გაცნობის უფლება ეზღუდება.

„კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 24 დეკემბერს შევიდა. სარჩელით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმას ასაჩივრებენ, რომელიც დაცვის მხარეს უფლებას აძლევს მხოლოდ მას შემდეგ გადაიღოს სისხლის სამართლის საქმის ქსეროასლი, რაც საქმე, საბრალდებო დასკვნით, გადაიგზავნება სასამართლოში. ადვოკატს უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც ბრალდებას, -განმარტავს ”კონსტიტუციის 42–ე მუხლის” თავმჯდომარე მანანა კობახიძე, რომელიც აზუსტებს, რომ საქმე ეხება მოქმედ კოდექსს, რომელსაც უახლოეს ხანში - მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტს დაამტკიცებს - ახალი საპროცესო კოდექსი ჩაანაცვლებს. ამ პროექტში დაცვის მხარის პოზიციები შედარებით გამყარებულია. შესაბამისად, შეკითხვაზე, რატომ გადაწყდა 2001 წლიდან ასეთი სადავო ფორმით ჩამოყალიბებული მოქმედი მუხლის მხოლოდ ახლა გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში, ”კონსტიტუციის 42–ე მუხლის” ხელმძღვანელმა ასე გვიპასუხა:

[მანანა კობახიძის ხმა] “სამწუხაროდ, ნორმა რაოდენ არაკონსტიტუციურიც უნდა იყოს და ჩვენ როგორც უნდა ვასაბუთებდეთ ამას, თუ არა გვყავს კონკრეტული დაზარალებული, ვინც მოგვმართა ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, ჩვენ პოტენციური დაზარალებულის სახელით ვერ შევიტანთ სარჩელს. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი გვიკრძალავს ამას. ამიტომ ვიდრე არ გამოჩნდა კონკრეტული დაზარალებული, ვინც სურვილი გამოთქვა, რომ ეთანამშრომლა ჩვენთან და მისი სახელით შეგვეტანა სარჩელი, ჩვენ დაგვეწერა, ასე ვთქვათ, მანამდე ჩვენ ვიყავით მოკლებულნი ასეთ შესაძლებლობას.“ (სტილი დაცულია)

მანანა კობახიძე განმარტავს, რომ ახალი საპროცესო კოდექსის პროექტში დაცვისა და ბრალდების მხარის უფლებები თითქმის გათანაბრებულია, მაგრამ დაზარალებულის არსებობის გამო ”კონსტიტუციის 42–ე მუხლმა” სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში მაინც მიზანშეწონილად მიიჩნია, თუნდაც პრევენციის მიზნით. საკონსტიტუციო სასამართლო კი, კანონით, ვალდებულია, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის საკანონმდებლო შესწორებისა თუ შეცვლის შემთხვევაშიც კი, წარმოებაში მიღებული სარჩელი განიხილოს, რათა შემდგომში კიდევ არ მოხდეს შემზღუდავი ხასიათის ცვლილება კანონში.

საკონსტიტუციო სასამართლო ”42–ე მუხლის” სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს უახლოეს ორ კვირაში გადაწყვეტს. იურისტები მიუთითებენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84–ე მუხლის სადავო დებულება, ბრალდებულის სრულფასოვანი დაცვის უფლების უზრუნველყოფის შეზღუდვის თვალსაზრისით, არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ევროკონვენციას. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგაა შესული, თუმცა ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი იცის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, რომელიც ადასტურებს, რომ ახალი საპროცესო კოდექსი, მოქმედთან შედარებით, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სწორედ დაცვის მხარის უფლებების გაზრდის თვალსაზრისით:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] “ჩვენ რეალურად გადავდივართ შეჯიბრებითობის პრინციპზე. ამ შემთხვევაში უფლებებიც არის სრულად გათანაბრებული. ისიც, რომ, ვთქვათ, მოწმის დაკითხვა ხდება მხოლოდ სასამართლოზე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია დაცვისთვის. ამიტომ ძალიან ბევრი სიახლეა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსაკუთრებული სტატუსი - ეს ყველაფერი არის სწორედ დაცვის უფლებების გარანტირებისთვის.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის გათვლებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტის მუხლობრივი განხილვა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში უახლოეს 2–3 დღეში დასრულდება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კანონპროექტი თებერვლის შუა რიცხვებში განიხილება და დამტკიცებიდან რამდენიმე თვეში ამოქმედდება კიდეც.

[არჩილ ჩოფიკაშვილის ხმა] “ახალი სისხლის სამართლის პროცესის პროექტითაც პირდაპირი დეკლარირება იმისა, თუ რას ნიშნავს დაცვა და საქმის გაცნობა და როგორ უნდა განხორციელდეს საქმის გაცნობა, ეს პირდაპირ მითითებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ, ევროსტანდარტით, გაცნობა გულისხმობს ამონაწერების გაკეთებას, ქსეროასლების გადაღებას და ასე შემდეგ. თუ ეს გაწერილი არ იქნება პირდაპირ, ახალ პროექტშიც რეალურ ხარვეზებს წარმოშობს და დაცვის უფლებას ძალიან სერიოზულად დააზარალებს.“ (სტილი დაცულია)

ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი, რომელიც მოქმედი კოდექსით დაცვის მხარისათვის საქმის მასალების გაცნობის შეზღუდვის გამო, სამ სხვა კოლეგასთან ერთად, წარუძღვება ერთ–ერთ კონკრეტულ საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც უკვე ითქვა, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის წაროებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას 2 კვირაში გამოაცხადებს, საქმის განხილვის ვადად კი კანონი 9 თვეს განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG