Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 764-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. ვიწყებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას და რატომ ედავებიან პროფესორ ქუცნაშვილს; გავიხსენებთ დიდ რუს მწერალს, ოსიპ მანდელშტამს, რომელიც 70 წლის წინ გარდაიცვალა; შემოთგავაზებთ სიუჟეტს რუსეთში ხელისუფლებისა და ხელოვნების ურთიერთობის თემაზე.
ამ და სხვა თემებზე გვექნება დღეს საუბარი. მეათე სტუდიას პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.


რას და რატომ ედავებიან პროფესორ ქუცნაშვილს?

ბიძინა რამიშვილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია ცნობილ მეცნიერს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, 66 წლის ომარ ქუცნაშვილს ასამართლებს. პროკურატურა განსასჯელს ნახევარი მილიონი ლარის მითვისებაში სდებს ბრალს, თუმცა ადგილობრივი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პროფესორ ქუცნაშვილის მიმართ ადგილი აქვს უკანონო დევნას და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. უფრო მეტს იმაზე, თუ რას და რატომ ედავებიან პროფესორ ქუცნაშვილს, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

ჯიმშერ რეხვიაშვილი:
ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეოინჯინერინგმა“, რომლის გენერალური დირექტორიც ომარ ქუცნაშვილია, 2006 წლის შემოდგომაზე მოიპოვა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მილსადენის მდინარე გლდანულის გადამკვეთი და დაზიანებული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების უფლება. საბრალდებო დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებში ხელოვნურად მოხდა სამუშაოს პროცენტული მაჩვენებლების გაზრდა, რითაც ომარ ქუცნაშვილმა, პირთა ჯგუფთან ერთად, სახელმწიფოს კუთვნილი ნახევარი მილიონი ლარი მიითვისა. ბრალდება, როგორც სასამართლო პროცესზე ითქვა, ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნას, რომლის ერთ-ერთი ავტორი კობა ანდრიაძე ამბობს, რომ ექსპერტიზამ შემოწმებისას არაერთი შეუსაბამობა აღმოაჩნია.

[კობა ანდრიაძის ხმა] „არ დაემთხვა მოცულობები. ტრანშეის გათხრაზე აღმოჩნდა, რომ ბეტონის სამუშაოები, ეგრეთ წოდებული „დეზები“ ჰქონდათ შესრულებული... საბუთებში რომ ეწერათ 1000 კუბური მეტრი და რეალურად 366 კუბური მეტრი იყო შესრულებული. ასეთივე მდგომარეობაა რკინაბეტონის ნაკეთობებთან მიმართებაშიც. თითქოს ფილები იყო გადაზიდული, რაშიც, თუ სწორად მახსოვს, 80 ათასი დოლარის სამუშაო იყო ნაჩვენები, რომ მივიტანეთ და დავალაგეთო, მაგრამ არ აწყვია იქ, არაფერი დევს“.

თუმცა ექსპერტის პასუხად ომარ ქუცნაშვილის ადვოკატი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნა არაგონივრულად მოკლე დროში და, შესაბამისად, არაკვალიფიციურად ჩატარდა.

[სანდრო ბარამიძის ხმა] „ერთ დღეში ჩაატარეს ექსპერტიზა. მარტო დოკუმენტები 1200 გვერდი იყო შესასწავლი, საკონტროლო გათხრები იყო ჩასატარებელი. ჩვენ როცა ვკითხეთ ექსპერტებს, რატომ არ ჩაატარეთ საკონტროლო გათხრები, მათ გვითხრეს, რომ ეს დიდ დროს წაიღებდაო. არსებობს საპროცესო კოდექსის ვალდებულება, რომ საქმის გარემოებები გამოკვლეული უნდა იქნეს ყოველმხრივ ობიექტურად და სრულად“.

არადა, საბრალდებო დასკვნის მიხედვით, სამუშაოები ტენდერში წარმოდგენილის ნაცვლად ალტერნატიული პროექტის მიხედვით ჩატარდა, შედეგად მდინარე გლდანულის ქვეშ გამავალი შესაცვლელი მილის ჩაღრმავება და სიგრძე მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო იმ ტრანშეის მოცულობა, რომელშიც ჩაიდო გაზსადენის ახალი მილები, ნაჩვენები სამი ათას სამასი კუბური მეტრის ნაცვლად ორი ათას რვაასი კუბური მეტრი აღმოჩნდა, თუმცა იმის გამო, რომ გათვლები თეორიულადაა ჩატარებული, ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში ეჭვი ეპარება მშენებელ-ექსპერტთა ასოციაციის გამგეობის წევრს, პროფესორ თენგიზ ქუთათელაძეს, რომელსაც ასევე გაუმართლებლად მიაჩნია ორ, ძირითად და ალტერნატიულ, პროექტზე ლაპარაკი.

[თენგიზ ქუთათელაძის ხმა] „აუცილებლობამ გამოიწვია პროექტის კორექტირება. ამიტომ უნდა ვუწოდო მას არა მეორე, არამედ კორექტირებული პროექტი, რომლის მიხედვითაც მოცულობები გაიზარდა და ეს პროექტი დამკვეთის მიერ დამტკიცების შემდეგ მოქმედი გახდა, პირველი კი ავტომატურად გაუქმდა. ამიტომ მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამ ორი პროექტის შედარება შეუძლებელია სამშენებლო წესებისა და ნორმების თანახმად.“

გარდა ამისა, ომარ ქუცნაშვილის დაცვა არგუმენტის სახით იშველიებს ამერიკის სამთავრობო სააგენტოს “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” დირექტორის, კოლინ ბაკლის 2008 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებულ ოფიციალურ წერილს, რომლის თანახმადაც, ”ჯეოინჯინერინგმა” კონტრაქტის პირობები შეასრულა კეთილსინდისიერად საქართველოში არსებულ პრაქტიკაში მოთხოვნილზე უკეთესი სტანდარტების შესაბამისად. სწორედ ამ წერილის შინაარსი შეახსენა განსასჯელის შვილმა ივერი ქუცნაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, როცა ეს უკანასკნელი 15 დეკემბერს ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.

[ივერი ქუცნაშვილის ხმა] „ეს არის ისეთი ტიპის კონტრაქტი, რომლითაც შეუძლებელია თანხების მიტაცება იმიტომ, რომ ეს არის ფიქსირებულ თანხაზე კონტრაქტი და ამაზე ჩვენ გვაქვს ამერიკელების („ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“) წერილი, რომ არანაირ ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. და ეს ადამიანი დაპატიმრებულია ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მინდა, რომ გთხოვოთ დახმარება, რათა სამართლიანობამ გაიმარჯვოს“.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „დამიწერეთ ეს ყველაფერი... ერთი რამე არის, რომ ჩვენ პირველი იანვრიდან შემოგვაქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს“.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რაზეც მიხეილ სააკაშვილი ლაპარაკობდა, საქართველოში მომავალი წლიდან უნდა დამკვიდრდეს, თუმცა როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩხეიძე ამბობს, სამართლიანი პროცესისა და კვალიფიციური გამოძიების გარეშე ნაფიცი მსაჯულები ვერაფერს შეცვლიან. მისივე თქმით, ასევე გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „ჩვენთან, როგორც ვიცი, განაცხადეს, რომ აპირებენ ნაფიცი მსაჯულების დაშვებას მხოლოდ 109-ე მუხლის, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისა და ისიც მხოლოდ თბილისში გამართულ პროცესებზე. ანუ თეორიულადაც კი უახლოეს წლებში არ არის გაცხადებული, რომ ასეთი ტიპის დავა იქნება ნაფიც მსაჯულთა განსჯადი“.

გიორგი ჩხეიძის თქმით, ახალგაზრდა იურისტებმა პროფესორ ქუცნაშვილის საქმის შესწავლის შედეგად დაასკვნეს, რომ საქმის სასამართლოში გაგზავნის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა პროცესის მსვლელობისას ორმა ძირითადმა მოწმემ - „ჯეოინჯინერინგისა“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა ჩვენებები შეცვალეს და, საპროცესო გარიგების გაფორმების შემდეგ, განაცხადეს, რომ ფული ომარ ქუცნაშვილთან ერთად მიიტაცეს, განსასჯელის ადვოკატი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ ეჭვს ბადებს ბრალდების მიერ უკანასკნელ პროცესზე დაყენებული შუამდგომლობაც.

[სანდრო ბარამიძის ხმა] „როგორც ჩანს, ბრალდება თვითონ მიხვდა, რომ საექსპერტო დასკვნა მათთვის ბევრი ვერაფერი მტკიცებულებაა, ამიტომ დააყენეს შუამდგომლობა, რომ დაინიშნოს დამატებითი საკომისიო ექსპერტიზა. იმედი აქვთ, რომ ამ ახალი ექსპერტიზით რაღაცის დამტკიცებას შეძლებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ წინააღმდეგობას შევეწინააღმდეგეთ. მივუთითეთ იმაზე, რომ თუ საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, პროკურორი უბრალოდ ვალდებულია შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა. სასამართლომ, რა თქმა უნდა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა“.

თუმცა, ადვოკატისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი კობა ანდრიაძე ბრალდების შუამდგომალობაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს.

[კობა ანდრიაძის ხმა] „როცა ერთი მხარე მაინც აყენებს ეჭვის ქვეშ ექსპერტიზის დასკვნას, მას აქვს უფლება რომ მოითხოვს და ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა. მომხრე ვარ, რომ ჩატარდეს ალტერანატიული ექსპერტიზა. შესაძლოა სხვამ შემოწმებისას ჩემგან განსხვავებული მეთოდი გამოიყენოს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ცდომილებას ვერ მიიღებენ. ამ შემთხვევაშიც იგივე პასუხი იქნება“.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ომარ ქუცნაშვილს ბრალი დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების გაყალბებაში ედება, რაც ჯამში თერთმეტიდან თვრამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი იურისტი ლია მუხაშავრია ვარაუდობს, რომ ადგილი აქვს ომარ ქუცნაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნას.

[ლია მუხაშავრიას ხმა] „მისი ვაჟი ზაქარია ქუცნაშვილი არის ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, პრაქტიკოსი იურისტი და მისი საქმიანობის გამო პირდაპირ მასზე ვერ განხორციელდა დევნა, მაგრამ მის მამაზე განხორციელდა, რაც ძალიან ეფექტური შემაკავებული ფაქტორია ხოლმე ასეთი ადამიანების საქმიანობის შესაჩერებლად“.

ლია მუხაშავრია და არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან სასამართლო პროცესს და ყველა საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ ირღვევა ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მათივე თქმით, სამომავლოდ ადამიანის უფლებათა ევრუპულ სასამართლოში სარჩელის გაგზავნის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი


გოგი
ოსიპ მანდელშტამის ხსოვნას

ბიძინა რამიშვილი:
წლის ბოლოს საქართველოშიც და რუსეთშიც აქტიურად დაიწყო საუბრები ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების აღდგენის შესახებ. თბილისში გამართულ კონფერენციას „რწმენა და ცოდნა - მსოფლიო კულტურის საფუძველი“ დაემთხვა რუსი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის გარდაცვალების 70 წლისთავი... 27 დეკემბერს - მანდელშტამის გარდაცვალების დღეს - პოეტს რუსეთშიც იხსენებენ და საქართველოშიც. მანდელშტამის ხსოვნას ეძღვნება ჩვენი კოლეგის, გიორგი გვახარიას სიუჟეტი, რომელიც რუსი კინორეჟისორის, ელდარ რიაზანოვის ხმით იწყება - რიაზანოვი გვიამბობს სტალინისადმი მიძღვნილ მანდელშტამის ლექსზე, რომელსაც მოგვიანებით „თვითმკვლელ ლექსს“ უწოდებენ.


[ელდარ რიაზანოვის ხმა] “ეს ლექსი მან თავის მეგობრებს წაუკითხა - მგონი სულ შვიდ მეგობარს, რასაც მოჰყვა გადასახლება, შემდეგ მეორე გადასახლება და ადამიანი გარდაიცვალა ისე, რომ ჩვენ ისიც არ ვიცით, სადაა მისი საფლავი”.

ელდარ რიაზანოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ბრეჟნევის, ე.ი. „უძრაობის ეპოქაში“, მანდელშტამის რეაბილიტაცია გაბედა. პრინციპში იმხანად, როცა რიაზანოვი იღებდა ფილმს „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“, მანდელშტამის კრებულები დრო და დრო გამოიცემოდა კიდეც. თუმცა იმდენად მცირე ტირაჟით, რომ ამ წიგნების შეძენა მხოლოდ კრემლის წიგნის მაღაზიაში თუ იყო შესაძლებელი. „ბედის ირონია“ კი მილიონობით საბჭოთა მაყურებელმა ნახა... და მილიონობით საბჭოთა მაყურებელმა მოისმინა მანდელშტამის ლექსებზე დაწერილი სიმღერები... მართალია, მანდელშტამმა ლექსი პეტერბურგს, და არა „ლენინგრადს“ მიუძღვნა (როგორც ეს ფილმშია), მართალია ტექსტი სიმღერაში, რომელსაც ალა პუგაჩოვა მღეროდა, მნიშვნელოვნად გადაკეთდა, ფილმის ფინალურ ტიტრებში მაინც გაჩნდა ოსიპ მანდელშტამის სახელი - ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა ადამიანები, პირველ რიგში კი ახალგაზრდები, შეიძლებოდა დაინტერესებულიყვნენ მანდელშტამის შემოქმედებით და ცხოვრებით.


[პუგაჩოვა „ლენინგრად“]

ბოლშევიკური რევოლუციის დღეებში ოსიპ მანდელშტამს 25 წელი შეუსრულდა. ისევე, როგორც თითქმის ყველა რუსმა პოეტმა, რევოლუციას აღფრთოვანებული ლექსები მიუძღვნა. მისთვის, პეტერბურგელი ვაჭრის შვილისთვის, რევოლუცია ახალი ეპოქის დასაწყისი, უფრო მეტიც, მოახლოებული წარღვნისგან გადარჩენის საშუალება გახდა.

მანდელშტამის პოეზიის ღირსებად მისი ბიოგრაფები კულტურულ-ისტორიული სახეების სიმდიდრეში ხედავენ. თუმცა იოსიფ ბროდკის თქმით, როცა პოეტის მუზა ისტორია ხდება, მის შემოქმედებაში აუცილებლად დგება გადაფასების და იდეალების მსხვრევის ეტაპიც

თავისი „ლექსი-თვითმკვლელობა“, რამდენიმე სტროფი, რომელიც სტალინს ეძღვნებოდა, მანდელშტამმა 1933 წელს დაწერა, საბჭოთა მწერალთა ყრილობის გახსნის წინა დღეს. ლექსი იმ დროისთვის წარმოუდგენელი გულახდილობით და ბელადის მიმართ განსაკუთრებული ქილიკით გამოირჩეოდა. იოსიფ ბრიოდსკის აზრით, ასეთი პირდაპირობა მანდელშტამის პოეზიის ღირსებაცაა და ნაკლიც

[იოსიფ ბროდსკის ხმა] „როგორც პოეტი, იგი არ იყო საინტერესო - მისი რითმები არც თუ ისე საინტერესოა, ძალიან ტრადიციულია... მაგრამ ფენომენალურია ის, რასაც იგი ამბობს ამ რითმებში.... მანდელშტამს შეუძლია პირისპირ, ახლოს დადგეს თავისი ფიქრის ობიექტთან...“

6 თვის შემდეგ მანდელშტამი დააპატიმრეს. ანა ახმატოვა იმავე დღეს გაემართა კრემლში და აბელ ენუქიძეს სთხოვა დახმარება. პოეტი არ დახვრიტეს - მას მხოლოდ გადასახლება მიუსაჯეს ურალში. ამასობაში მანდელშტამის მეუღლე, ნადეჟდა, სტალინს წერილს უგზავნის და სთხოვს ქმრის გადაყვანას შედარებით უკეთეს პირობებში, ვორონეჟის ბანაკში. იოსიფ ბროდსკის თქმით, მანდელშტამმა სწორედ ამ წლებში დახვეწა თავისი პოეტური ენა.

[იოსიფ ბროდსკის ხმა] „ეს პოეტის საოცარი ევოლუციაა; მან დაიწყო, როგორც კლასიცისტმა, პუშკინისეული მოტივებით... 30-იან წლებში კი სულ უფრო მეტად უახლოვდება სველ მიწას, შავ მიწას... მის ლექსებში უკვე ნიადაგს ვხედავთ.... იგი ცდილობს გამოხატოს სამყაროს ელემენტარული სუბსტანცია შიგნიდან”.

მაგრამ „შავი მიწა“ მანდელშტამის შემოქმედებაში ყოველთვის არ აისახება სიმართლის სახით. 1937 წელს ოსიპ მანდელშტამი ყველასთვის მოულოდნელად წერს „ოდას“ სტალინზე, ლექსს, რომელშიც ამტკიცებს, რომ სტალინის მზერას მთების გადაადგილებაც კი შეუძლიაო. დღეს უკვე ცხადი ხდება, რომ ეს „ოდა“ უფრო მეტად სტალინის კარიკატურას ქმნის, ვიდრე მის ჭეშმარიტ სახეს. შეიძლება ამიტომაც გახდა „ოდა“ პატიმრობიდან განთავისუფლებული მანდელშტამის დაპატიმრების საბაბი. 1938 წლის მაისში იგი ვლადივასტოკის ბანაკში გადაასახლეს. აქ, პატიმართა ჰოსპიტალში, გარდაიცვალა პოეტი 1938 წლის 28 დეკემბერს.

[მუსიკა. პუგაჩოვა]

50-იანი წლების მეორე ნახევარში ოსიპ მანდელშტამის რეაბილიტაციის შესახებ თავად ნიკიტა ხრუშჩოვმა გამოაცხადა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლება პოეტს მაინც არ წყალობდა. საბჭოთა კავშირში არასდროს აძლევდათ ხელს პოეტი, რომელიც „სველ მიწას“, ე.ი. წაბილწულ და განადგურებულ სამყაროს ახლოდან დაგვანახებდა.

გიორგი გვახარია, რადიო თავისუფლება, თბილისი.


პუტინი და რუსული კინემატოგრაფი

ბიძინა რამიშვილი:
გასულ კვირაში რუსეთიდან გავრცელებულმა ერთმა ცნობამ ბევრს გაახსენა ლენინის სიტყვები ხელოვნებათაგან კინოს გამორჩეულ მნიშვნელობაზე. საქმე ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა როგორც განაცხადა 15 დეკემბერს, ის სათავეში ჩაუდგება მრჩეველთა სამთავრობო საბჭოს, რომელიც კინემატოგრაფიის საკითხებზე იმუშავებს. დიდ მითქმა-მოთქმას იწვევს, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს ეს ნაბიჯი: ერთ-ერთ მიზნად ითვლება პუტინის მცდელობა, ზურგი გაუმაგროს თავის ახლო მეგობარს, რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვს, რომელსაც კოლეგებს შორის არაერთი ოპონენტი ჰყავს. დავით კაკაბაძეს მოუსმინეთ.

დავით კაკაბაძე:
რუსეთის კინემატოგრაფისტების კავშირის მეშვიდე ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ყრილობას უკანონო და გაუმართლებელი უწოდა კაცმა, რომელიც მრავალი წელია, სათავეში უდგას კინემატოგრაფისტთა კავშირს: ნიკიტა მიხალკოვმა. ის თვეების მანძილზე ცდილობდა, არ დაეშვა ყრილობის ჩატარება - აკრიტიკებდა დელეგატების შერჩევის წესს. თვით მიხალკოვს უარი უთხრეს დელეგატის მანდატზე რეჟისორების გილდიის წარმომადგენლის რანგში. მას სცენარისტების გილდიის მანდატზე დაყაბულება მოუწია. ეს არის ჯერ-ჯერობით ბოლო ეტაპი დაპირისპირებისა მიხალკოვსა და მისი მმართველობით უკმაყოფილო კოლეგებს შორის. კრიტიკის საგანია მიხალკოვის მმართველობის ავტორიტარული სტილი და ნაციონალისტური პოლიტიკური შეხედულებები, რასაც - როგორც ოპონენტები შიშობენ - შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხე უკავშირდება.

თვით მიხალკოვი კი აპირებს, წინააღმდეგობა გაუწიოს კინემატოგრაფისტების - მისთვის მიუღებელი - ყრილობის შედეგების ლეგიტიმიზაციას. აი რა თქვა ცნობილმა რეჟისორმა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ოპონენტ კოლეგებზე:

[მიხალკოვის ხმა]“ილაპარაკებენ, იხმაურებენ, რევოლუციურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. წავლენ დალევენ, ერთმანეთს მოუყვებიან, მიულოცავენ გამარჯვებას. მერე წავლენ და ქაღალდებს დასარეგისტრირებლად წაიღებენ იუსტიციის სამინისტროში. თუ მიიღებენ მათს ქაღალდებს - ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოთ. თუ არ მიიღებენ - ესე იგი, მე მაქვს უფლება, როგორც მოქმედ თავმჯდომარეს - მოვითხოვო რიგგარეშე საგანგებო ყრილობის მოწვევა. ჩვენი ქვეყანა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე კინოს სახლი, ან კინემატოგრაფისტების კავშირი. და არის საკმარისი ხალხი, ვინც მე გამიწევს მხარდაჭერას და დამეხმარება”.

ნიკიტა მიხალკოვი 1997 წლიდან ხელმძღვანელობს კინემატოგრაფისტთა კავშირს და ცნობილია არა მარტო თავისი ფილმებით, არამედ ვლადიმირ პუტინთან ახლო მეგობრობით. თავის დროზე მწავავე რეაქცია გამოიწვია პუტინისადმი მისმა ღია წერილმა, რომელშიც მიხალკოვი - სხვათა შორის, კინემატოგრაფისტთა კავშირის სახელით - პუტინს სთხოვდა პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით დარჩენას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კონსტიტუცია პრეზიდენტობის ორ ვადაზე მეტს არ ითვალისწინებს.

სავარაუდოდ, ახლა პუტინი გაუმაგრებს ზურგს მიხალკოვს... პრემიერ-მინისტრმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ პირადად უხელმძღანველებს კინემატოგრაფიის სამთავრობო საბჭოს. ლაპარაკია საბჭოზე, რომლის შექმნის იდეითაც ერთად გამოვიდნენ პუტინი და მიხალკოვი - ჯერ კიდევ ოქტომბერში, რუსული კინოს მომავლის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სანკტ პუტურბურგში.

ვლადიმირ პუტინი მანამდეც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა კინომრეწველობის მიმართ: ამ ყურადღების მეშვეობით დაიძლია 90-იანი წლების ჩავარდნა. მარტო 2007 წელს, რუსეთში 250 ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, მათგან 100-ზე მეტი ფილმისა - ნაწილობრივ ან მთლიანად სამთავრობო უწყებების დაფინანსებით. უშიშროების ფედერალურ სამსახურს, ისევე როგორც უშიშროების სხვა უწყებებს, საგანგებო ბიუჯეტები აქვთ გამოყოფილი მასმედიაში თავიანთი იმიჯის პოზიტიურად წარმოსაჩენად. კინომრეწველობის მთავარ სპონსორებს შორის არის სახელმწიფო ტელევიზიაც.

კინოს ბევრი მოღვაწე გახარებულია მთავრობის ყურადღებით, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც შეშფოთებას გამოთქვამს ზედმეტი იდეოლოგიზების საფრთხის გამო. კინოკრიტიკოს იური ბოგომოლოვს მოვუსმინოთ:

[ბოგომოლოვის ხმა] “ახლა, როგორც ჩანს სახელმწიფოში, უმაღლეს ეშელონებში, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ კინო ისევ, ძველებურად რჩება უმნიშვნელოვანესად ხელოვნებათაგან ისევე, როგორც ტელევიზია რჩება უმნიშვნელოვანესად კომუნიკაციის სფეროში. მაგრამ ტელევიზია ტელევიზიაა, ხოლო კინო არის ძრავა მითების შესაქმნელად, რაც ძალიან სჭირდება სახელმწიფოს. ეს, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა პუტინმაც ძალიან ნათლად გააცნობიერა - ვფიქრობ, ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვის დახმარებით. საკამარისია შევადაროთ, რომ ნაცისტურ გერმანიაში მითების შესაქმნელად აქცენტი არქიტექტურაზე გააკეთეს. მაშინ, როცა ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში - სწორედ კინოზე. ახლა ყველამ თვითონ განსაჯოს, რამდენად უფრო წარმატებული აღმოჩნდა ეს უკანასკნელი პროექტი”.

კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრები არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ავლენენ ახალი სამთავრობო საბჭოსა და კინოსადმი პრემიერ-მინისტრ პუტინის განსაკუთრებული ყურადღების მიმართ. კავშირის წარმომადგენლის, კინომცოდნეთა და კინოკრიტიკოსთა გილდიის თავმჯდომარე ვიქტორ მატისენის თქმით,

[მატისენის ხმა ]“ჩემი რეაქცია უდავოდ დადებითია. თუ პრემიერ-მინისტრი პირადად მიაქცევს ყურადღებას კინემატოგრაფს, ვვარაუდობ, რომ წაგებული არ დავრჩებით. თუმცა მაქვს გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო კინემატოგრაფისტებს დაუწყებს კარნახს, რისი გადაღებაა აუცილებელი”.

ამ შეფასებას იზიარებს პროდიუსერი სერგეი ჩლიანცი:

[ჩლიანცის ხმა] “მე წინააღმდეგობრივი რეაქცია მაქვს. მე თვითონვე მაქვს ნათქვამი, რომ საჭიროა პირველი პირის ნება ზოგი მტკივნეული საკითხის მოსაგვარებლად: შემოქმედებით სფეროს არ ვგულისხმობ! უბედურება ის იქნება, თუ საბჭო პუტინის მეთაურობით - სცენარების კითხვას შეუდგება, შეუდგება ე.წ. “სოციალურად მნიშვნელოვანი” სურათების თემების განსაზღვრას, ან გაუყვება რაღაც ვერტიკალური ინტეგრაციის გზას, ან შეეცდება თანამეგობრობის ძალით შეკრებასა და კონსოლიდაციას რაღაც სტრუქტურებზე დასაქვემდებარებლად. თუ ეს ორგანიზაცია დაკავებული იქნება მეკობრეობასთან ბრძოლით, თუ ეს ორგანიზაცია შეძლებს გამოასწოროს შეცდომები უცხოეთში რუსული კინოს პოპულარიზაციის პოლიტიკაში, მაშინ ეს კარგია, რადგან ჩვენს ქვეყანაში რაღაცის გაკეთება მართლაც მარტო პირველ პირთა ნებითაა შესაძლებელი.”

“პირველ პირად” - კინოპროდიუსერი სერგეი ჩლიანცი მოიხსენიებს რუსეთის პერმიერ-მინისტრს: ვლადიმირ პუტინმა 15 დეკემბერს გამოაცხადა, რომ სათავეში ჩაუდგება მრჩეველთა სამთავრობო საბჭოს, რომელიც კინემატოგრაფიის საკითხებზე იმუშავებს.

თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა.
XS
SM
MD
LG