Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ცდილობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებას?


ორიოდე დღის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშჩენკოს ორი ბოთლი ქართული ღვინო გაუგზავნა.

მას თან ახლდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ოფიციალური წერილი, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლები ქართულ ღვინოზე არსებული ემბარგოს გაუქმებას მოითხოვდნენ. ონიშჩენკოს პასუხმა არ დააყოვნა.

თბილისიდან გენადი ონიშჩენკოს სახელზე გაგზავნილ ორ ბოთლ ღვინოსა და ოფიციალურ წერილს წინ უსწრებდა თავად ონიშჩენკოს განცხადება. დაახლოებით ერთი კვირის წინ მან თქვა, საქართველოში ჩამოსხმული მინერალური წყალი და ღვინო შეიძლება დაბრუნდეს რუსეთის ბაზარზე, თუ მწარმოებლები მოგვმართავენ და „როსპოტრებნადზორში“ სერტიფიცირებას გაივლიანო. „მოვლენ - ვნახავთ“, - დასძინა ონიშჩენკომ.

ამ განცხადების შემდეგ გენადი ონიშჩენკოს დეგუსტაციისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის ვაზისა და მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსმა ვასილ მანაგაძემ ”მუკუზანი” და ”წინანდალი” გაუგზავნა. ნიმუშებს თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატიც.

[ვასილ მანაგაძის ხმა] „ეს არის, უბრალოდ, სიმბოლური ჟესტი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში მოსახლეობა მონატრებულია ქართულ ღვინოპროდუქციას და, უბრალოდ, ეს აკრძალვა ნამდვილად ხელოვნური არის, ასეთი ხარისხის ღვინოები არ უნდა იყოს დაბლოკილი.“(სტილი დაცულია)

ვასილ მანაგაძის ამ ნაბიჯს გენადი ონიშჩენკომ ორიოდე დღეში უპასუხა და განაცხადა:

„თუ ეს არ არის იაფფასიანი პოლიტიკა და მართლაც გულწრფელი სურვილია, ბოლოს და ბოლოს, ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალურ დიალოგზე გადავიდეთ, მაშინ საკითხი სხვაგვარად უნდა დაისვას“, – განაცხადა ონიშჩენკომ.

მისივე თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ არის მხარე მწარმოებლებსა და მაკონტროლებელ ორგანოებს შორის, ამიტომ ”როსპოტრებნადზორს” თავად ღვინის მწარმოებლებმა ან მათმა გაერთიანებებმა უნდა მიმართონ.

საქართველოში ასეთი გაერთიანებაა ”ღვინის მწარმოებელთა კავშირი”, რომელსაც ონიშჩენკოს არც პირველი და არც მეორე განცხადება არ გაჰკვირვებია. კავშირის პრეზიდენტის ლევან კობერიძის განცხადებით, ორგანიზაციის წევრ კომპანიებს რუსეთიდან ჯერაც არ მიუღიათ დასაბუთებული განმარტება იმისა, თუ რატომ აიკრძალა მათი პროდუქციის რეალიზება:

[ლევან კობერიძის ხმა] „ასე პირდაპირ არანაირი ნიმუშების გაგზავნას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ თავდაპირველად გვაინტერესებს პოზიციების გარკვევა, იმიტომ რომ ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებული ყველა კომპანიის პროდუქცია აკმაყოფილებს არა მარტო რუსეთის მოთხოვნებს, არამედ ნებისმიერი ქვეყნისას.“(სტილი დაცულია)

ლევან კობერიძის განცხადებით, ნიმუშების გაგზავნას მას შემდეგ ექნება აზრი, რაც საკითხი პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება. ონიშჩენკომ ქართული ღვინის აკრძალვის დღიდან რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომელიც ურთიერთობის აღდგენის იმედს იძლეოდა, მაგრამ, ქართული მხარის მცდელობის მიუხედავად, რუსეთის ბაზარი კვლავაც ჩაკეტილია. ლევან კობერიძის კომენტარი:

[ლევან კობერიძის ხმა] „პოლიტიკურ ფონზე, რომელიც შექმნილია ამ ორ ქვეყანას შორის, მე მგონი, მსგავსი ინიციატივები აზრს მოკლებული იყო. გარკვეულ ეტაპამდე იყო მცდელობები, მაგრამ როდესაც ურთიერთობები ჩიხში შევიდა და საქმე ომამდეც მივიდა, მაშინ ასეთმა ინიციატივებმა აზრი დაკარგა.“(სტილი დაცულია)

ონიშჩენკოს ინიციატივების მიმართ დიდი იმედი არც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია და „როსპოტრებნადზორს“ ქართული ღვინოპროდუქციის ნიმუშები მხოლოდ სიმბოლურად გაუგზავნა.

როგორც ცნობილია, საქართველოში წარმოებული ღვინის რუსეთის ბაზარზე რეალიზაცია გენადი ონიშჩენკოს უწყებამ ორ-ნახევარი წლის წინ აკრძალა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა, თუმცა მაშინ ყველასთვის ნათელი იყო, რომ მოსკოვმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. მას შემდეგ საქართველოში წარმოებულმა ღვინის პროდუქციამ ბევრ ახალ ბაზარზე შეაღწია და მისი ექსპორტის მოცულობა თანდათან იზრდება. მხოლოდ 2008 წლის პირველ 10 თვეში საქართველომ იმაზე 10 პროცენტით მეტი ღვინის რეალიზება შეძლო, ვიდრე 2007 წლის ანალოგიურ პერიოდში.
XS
SM
MD
LG