Accessibility links

logo-print

როგორ შეაფასებენ ისტორიკოსები ჯორჯ ბუშის რვაწლიან პრეზიდენტობას?


2008 წლის მიწურულს ჩატარებულმა არჩევნებმა ამერიკელებს - და არა მარტო მათ - სერიოზული ცვლილებების მოლოდინი გაუმძაფრათ.

ამ არჩევნების შემდეგ მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინშია, იმ დღის მოლოდინში, საიდან მოყოლებულიც, ბარაკ ობამას ცვლილებების თაობაზე დადებული დაპირებების შესრულებას მოსთხოვენ. ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობა დღეებს ითვლის, ცვლილებების მომლოდინე ამერიკელები მოქმედი ადმინისტრაციის საქმიანობას აჯამებენ და მსჯელობენ იმაზე, როგორ შეაფასებენ მომავალში ისტორიკოსები ჯორჯ ბუშის რვაწლიან პრეზიდენტობას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შეერთებულ შტატებში დადგა დრო თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებისა. ჯორჯ ბუშ უმცროსი ემშვიდობება შეერთებული შტატების პრეზიდენტობას პოპულარობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით, ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა კი იღებს პასუხისმგებლობას, რომელსაც კიდევ უფრო ამძიმებს ობამაზე დამყარებული დიდი იმედები. შეძლებს კი ის ამ იმედების გამართლებას? - კითხულობენ ამერიკელი ანალიტიკოსები.. მომავალზე მსჯელობას ისინი სამომავლოდ იტოვებენ, დღეს კი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობას აძლევენ შეფასებას, ოღონდ მომავლის გადმოსახედიდან, და აქაც სვამენ შეკითხვას: პრეზიდენტის მიმართ, რომელიც პოპულარობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით ასრულებს ამერიკის მართვას, ისტორიკოსები ხომ არ იქნებიან თანამედროვეებზე გაცილებით შემწყნარებელნი?

ჯორჯ ბუშმა ერთხელ თავი პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს შეადარა. ჰარი ტრუმენიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობიდან მეტად არაპოპულარული წავიდა, მაგრამ დღეს მას პატიოსან და გაბედულ ლიდერად მიიჩნევენ. ჰარი ტრუმენს, რომელიც მთელი ნახევარი საუკუნის წინ იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუშმა თავი 2006 წლის მაისში შეადარა ნიუ-იორკში, სამხედრო აკადემიაში, სიტყვით გამოსვლისას:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "პრეზიდენტმა ტრუმენმა ჩაუყარა საფუძველი ამერიკის გამარჯვებას ცივ ომში. აი, რას ამბობდა ის თავისი პრეზიდენტობის მიწურულს: "როცა ისტორია იტყვის, რომ ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისი დაემთხვა ცივი ომის დაწყებას, იტყვის იმასაც, რომ ჩემივე რვაწლიანი პრეზიდენტობისას გავკვალეთ გზა ამ ომში გამარჯვებისთვის." სწორედ პრეზიდენტმა ტრუმენმა გაჭრა გზა თავისი მომდევნოებისთვის ორივე პოლიტიკური პარტიიდან, იქნებოდა ეს აიზენჰაუერი, კენედი თუ რეიგანი, და ეს იყო გზა საბჭოთა საფრთხის მოგერიებისა. დღეს, ახალი საუკუნის დასაწყისში, ჩვენ ისევ გვიწევს ომი და, პრეზიდენტ ტრუმენისა არ იყოს, ვყრით საფუძველს მომავალი გამარჯვებისათვის."

"თუ ჰარი ტრუმენის პრეზიდენტობას იხსენებენ ცივი ომის დაწყების ნიშნით, იმ ომის დაწყებისა, რომელშიც საბოლოოდ დასავლეთმა გაიმარჯვა, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობა ერაყში ომის დაწყებით იქნება დასამახსოვრებელი”, - ამბობს ნორმან ორნშტეინი, ვაშინგტონში მოქმედი პოლიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენელი. მისი სიტყვებით: თუ მივიხედავთ უკან და თუ ობიექტურობის პრეტენზიაც გვექნება, ორი ვარიანტი უნდა განვიხილოთ: ერაყის მმართველობიდან სადამ ჰუსეინის მოცილებას შეეძლო რეგიონის ტრანსფორმაცია, - ალბათ, ისტორიკოსების მიერ ამ ვარიანტის აღიარებაზე ოცნებობს თავად ჯორჯ ბუში. და მეორე ვარიანტი: ომი ერაყში იყო შეცდომა, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდა ამერიკას. ნორმან ორნშტეინი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის ყველაზე შთამბეჭდავ მომენტებს იხსენებს - ამბობს, რომ მოხიბლული იყო 2001 წლის ტერორისტულ აქტებზე პრეზიდენტის პირველივე რეაქციით და მისი წარმატებული ძალისხმევით, უმძიმეს მომენტში მიეღწია ქვეყნის ერთიანობისთვის.

მაგრამ 2001 წლის უმძიმეს დღეებში მიღწეული ერთიანობა ამერიკელების მეხსიერებაში უკვე 8 წლის წინანდელი წარსულია. ამერიკელების ნაციონალური კონსენსუსი მოგვიანებით უცხო მიწაზე - ერაყში - ამერიკის შეერთებული შტატების ოპერაციამ დაარღვია. ბილ ფრენზელი, რომელიც მთელი 20 წლის მანძილზე წარმოადგენდა მინესოტის შტატს შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში, ფიქრობს, რომ ისტორიკოსები ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობაზე, პირველ რიგში, ერაყის ოპერაციის შეფასების მიხედვით იმსჯელებენ, თუმცა ფრენზელი ოპტიმისტია და დარწმუნებულია იმაშიც, რომ ამერიკელებს ჯორჯ ბუში იმ პატიოსან ლიდერად დაამახსოვრდებათ, რომელმაც უმძიმესი სამუშაო გასწია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ბილ ფრენზელი ჯორჯ ბუშ უმცროსის 2 მნიშვნელოვან ინიციატივას გამოკვეთს: "ერთი მათგანი იყო თანხის გამოყოფა შიდსის ეპიდემიასთან საბრძოლველად - მარტო აფრიკაში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ 150 მილიონი დოლარი გამოყო შიდსთან საბრძოლველად - და, მეორე: ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში ბუშის ადმინისტრაცია სტიმულს აძლევდა განვითარებად ქვეყნებს რაციონალურად გამოეყენებინათ საგარეო დახმარება განვითარების გზების მოსაძებნად.

ჯორ ბუში წუხდა იმის გამო, რომ მისი პრეზიდენტობისას რთული იყო პარტიული მომხრეობის ნიშნით ლამის პარალიზებულ კონგრესთან მუშაობა. ეს პრობლემა ბარაკ ობამამაც შეამჩნია ჯერ კიდევ 2007-ში, როცა საკუთარი ვებსაიტით გაავრცელა შემდეგი ვიდეომიმართვა:

[ბარაკ ობამას ხმა] "ჩვენს საკუთარ პრობლემებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ამერიკა დიდი პრობლემების, დიდი გამოწვევების წინაშე დგას და, მიუხედავად ამისა, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ვერ იჩენენ საერთო მიზნების გარშემო გაერთიანების უნარს. პოლიტიკა გახდა მწარე, მასში იმძლავრა პარტიულმა დაპირისპირებამ, ფულისა და გავლენის ნიშანმა, თან ისე, რომ აღარ შეგვიძლია გადავჭრათ სერიოზული პრობლემები. აი, რა უნდა შევცვალოთ. უნდა შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა და უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების გარშემო ამერიკელების გაერთიანება."

ჩვენ მიერ ნახსენები ბილ ფრენზელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბარაკ ობამას ამ მიზანს. ის აღფრთოვანებული იყო, როცა შეიტყო, რომ ობამას ადმინისტრაციაში რესპუბლიკელი რობერტ გეიტსი შეინარჩუნებს თანამდებობას. ფრენზელმა ამას ობამას კარგი დასაწყისი უწოდა პარტიული ინტერესების ნიშნის დაძლევის გზაზე.
XS
SM
MD
LG