Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნის თუ არა საქართველოს ხელისუფლება ოსი ეროვნების მოქალაქეებს


საქართველოს ხელისუფლებამ კომენტარის გარეშე დატოვა ის უმძიმესი ბრალდებები, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ერთ დროს ”ნამდვილ გმირად” წოდებულმა ბიზნესმენმა გოჩა ძასოხოვმა საქართველოს ხელისუფლებას წაუყენა.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში გაქცეულმა ბიზნესმენმა გაზეთ ”სეგოდნიას” უთხრა, რომ ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ეთნიკური ნიშნით დევნის საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებს. განდევნილთა შორის ძასოხოვმა დაასახელა ცნობილი ქართველი ფალავანი ლერი ხაბელოვი, რომელიც ამჟამად, ლტოლვილის სტატუსით, ცხინვალში ცხოვრობს. რამდენად შეესაბამება გოჩა ძასოხოვის ბრალდება სინამდვილეს და რამ აიძულა საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი დაეტოვებინა საქართველო?

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი, რომელიც სპორტულ კლუბ ”დინამოს” თავმჯდომარეც იყო, საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალზე ”მუხანათურ თავდასხმაში” ადანაშაულებს და უმძიმეს ბარლდებებს უყენებს. რუსულ გაზეთ ”სეგოდნიასთვის” მიცემულ ინტერვიუში გოჩა ძასოხოვი ამბობს, რომ იგი იძულებული იყო გაქცეულიყო საქართველოდან ხელისუფლების ”ამორალური ქმედებების” გამო. გოჩა ძასოხოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებს ეთნიკური ნიშნით დევნის და ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა კახეთში, სადაც ოსები კომპაქტურად ცხოვრობენ. სინამდვილის გასარკვევად რადიო ”თავისუფლება” დაუკავშირდა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ბიუროს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა. კახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ არც ომის შემდგომ და არც მანამდე ეთნიკური ნიშნით ოსების შევიწროების ფაქტებს ადგილი არ ჰქონია:

[ გელა მთივლიშვილი] ”მსგავი სახის ინფორმაცია ადრე გავრცელდა და ეს შეეხებოდა ოსი ეროვნების მოქალაქეებს სოფელ არეშფერანიდან: თითქოსდა ადგილობრივ მცხოვრები ოსები გააძევეს. როგორც ლაგოდეხში, ისე კახეთში არის რამდენიმე სოფელი, სადაც ოსები კომპაქტურად ცხოვრობენ. მაგრამ მერე მე პირადად ვიყავი ჩასული არეშფერანში, გავესაუბრე დაახლოებით 20 ოჯახს, შევედით სახლებში მე და ჩემი ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი, მაგრამ არაფერი ამის მგავსი არ დადასტურდა.” (სტილი დაცულია)

გელა მთივლიშვილი დაგვპირდა, რომ კიდევ ერთხელ მოინახულებს ოსურ სოფლებს, რათა გადაამოწმოს, ხომ არ იყო რაიმე ზეწოლის ახალი ფაქტები. როგორც გოჩა ძასოხოვი, ოსი ეროვნების ქართველი ბიზნესმენი, ამტკიცებს, კახეთში მცხოვრებ ოსებს გაურკვეველი არაფორმალები ღამღამობით მეგაფონებით აკითხავენ და მოუწოდებენ დატოვონ სახლები. სააკაშვილის კიდევ ერთი ყოფილი მეგობარი, რუსეთში გაქცეული, ამტკიცებს, რომ ოსები სატვირთო მანქანებით მიჰყავთ და სოფელ ერგნეთში, ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან, ტოვებენ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი გოჩა ძასოხოვის ამ ბრალდებას ”უსინდისო სიცრუეს” უწოდებს:

[გიორგი არსენიშვილი] ”ყურადღებით არის ხალხი, ადგილობრივი თვითმმართველობები, და არაფერ ამდაგვარს ადგილი არ აქვს. მე ჩემს რაიონში თვე არ გავა, რომ არ გამოვკითხო საკრებულოს თავმჯდომარე, მას ვთხოვ ხოლმე, მიდის იმ პატარა სოფელში და ნახულობს, რომ ყველაფერი წესრიგშია და რომ რამე არ მოხდეს უკადრისი.” (სტილი დაცულია)


ეთნიკური ნიშნით ოსთა შევიწროებისა და დევნის ფაქტებს გამონაგონს უწოდებს ქართველთა და ოსთა კავშირ ”იბერ-ირონის” თავმჯომარე მაია ჩიბოევა-ცაგოშვილი. თუმცა იგი ადასტურებს ძასოხოვის ინფორმაციას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველო დატოვა ცნობილმა ქართველმა ფალავანმა, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა თანათავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა, რომელიც მხარს უჭერდა განსვენებულ მაგნატს ბადრი პატარკაციშვილს. ლერი ხაბელოვი, ძასოხოვის ინფორმაციით, აჟამად ცხინვალში ლტოლვის სტატუსით იმყოფება. ცხინვალის დაბომბვის შემდეგ საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ოსი ფიქრობს საქართველოს დატოვებაზე იმ მძიმე მორალური მდგომარეობის გამო, რაც ამ ომმა შეუქმნა. ასეთ დროს ძასოხოვისა და ხაბელოვის წასვლა, შესაძლოა, მათთვის ძალიან ცუდი სიგნალი იყოსო, - ამბობს მაია ჩიბოევა-ცაგოშვილი:

[მაია ჩიბოევა-ცაგოშვილი] ”ეს მე ვიცი, მაგალითად, მაია ცაბოშვილმა, რომ ლერი ხაბელოვს პრობლემები შეექმნა მანამდე და ეს პრობლემები გამოწვეული იყო არა მისი ეთნიკური წარმომავლობით, არამედ პოლიტიკური შეხედულებებით. მაგრამ ასეთი ინფორმაცია შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს. ამიტომ დანარჩენ საქართველოში მცხოვრები ბევრი ოსისათვის ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული სიგნალი, რომელმაც შეიძლება გაამყაროს ის ქვეცნობიერი განცდა შიშისა, რომლიც, - და ამას მე ნამდვილად ვადასტურებ, - შესაძლოა, თითოეულ მათგანში ნამდვილად იყოს.” (სტილი დაცულია)

რუსული პრესის ფურცლებზე ცნობილი ბიზნესმენის გოჩა ძასოხოვის ბრალდებებზე საქართველოს ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. თუმცა ხელისუფლების კულუარებში ამბობენ, რომ ძასოხოვი თავისი ბიზნესის წარუმატებლობის გამო აგვისტოს ომამდე შემოსწყრა ხელისუფლებას, ომის დროს კი საკუთარ რაზმთან ერთად ცხინვალს იცავდა. ძასოხოვი ამ ბრალდებას სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ იგი და მისი თანამებრძოლები გორს მაროდიორებისაგან იცავდნენ. მე და ჩემი თანამებრძოლები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მისი გაერთიანებისა და გამთლიანების იდეა გადავარჩინოთო, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტისაგან ერთ დროს გმირად შერაცხული და ამჟამად მისი პოლიტიკური ოპონენტი გოჩა ძასოხოვი.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG