Accessibility links

გასული კვირა დატვირთული აღმოჩნდა


გასული კვირა დატვირთული აღმოჩნდა

პოლიტიკური მოვლენების თვალსაზრისით. კვირა დაიწყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შტაბბინიდან გავრცელებული ცნობით, რომლის თანახმადაც, საქართველოში ეუთოს მისიამ საქმიანობა შეწყვიტა. გასულ კვირაშივე სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა სამშობლოში დაბრუნებულმა საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ, რომელმაც თანამდებობა აგვისტოს ომის შემდეგ საკუთარი სურვილით დატოვა.


„საქართველოში ეუთოს მისია საქმიანობას წყვეტს“ - ასეთი ცნობა გავრცელდა 22 დეკემბერს ვენიდან, სადაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შტაბბინა მდებარეობს. საგანგებო პრესრელიზში ეუთომ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრმა 56-მა სახელმწიფომ ვერ მიაღწია კონსენსუსს მისიის მანდატისთვის ვადის გაგრძელების საკითხში. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ეუთოში ჯუდი ფინლიმ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადამწყვეტი აღმოჩნდა რუსეთის პოზიცია:

(ჯუდი ფინლის ხმა) "რუსები ძალიან მედგრად ეწინააღმდეგებოდნენ ამ მანდატის გაგრძელებას მისი ამჟამინდელი სახით. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთი მოითხოვდა, მანდატიდან ამოღებულიყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ყოველგვარი ხსენება, რადგან ეს ცალკე ერთეულებია, ცალკე ტერიტორიებია და იქ მოქმედი ნებისმიერი მისია ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს. არადა, ამ საკითხს ასე მხოლოდ რუსეთი და ნიკარაგუა უყურებენ!"

მომხდარის გამო სინანული გამოთქვა ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ ალექსანდრ სტუბმაც, ორგანიზაციის პრესმდივანმა მარტინ ნესირკიმ კი განაცხადა, რომ არსებობს საქართველოში ეუთოს მისიის ხელახლა გახსნის თეორიული შესაძლებლობა:

[მარტინ ნესირკის ხმა] „ეს ეუთოს წევრი 56 ქვეყნის გადასაწყვეტია. რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ საბერძნეთი, რომელიც იანვარში ფინეთისგან გადაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას, ფინეთივით მოწადინებულია და ყველაფერს იღონებს საიმისოდ, რომ ეუთომ რეგიონში საქმიანობა გააგრძელოს.”

ცნობას საქართველოში ეუთოს მისიის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გასულ კვირაშივე გამოეხმაურნენ თბილისში. ეუთოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ტერი ჰაკალას, უკმაყოფილების დამალვა არ უცდია:

(ჰაკალას ხმა) ”ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი... თანაც, ეუთოს მისია საქართველოში ბრწყინვალედ მუშაობდა მთელი ამ წლების მანძილზე... საქართველოში მუშაობს ევროკავშირის უზარმაზარი მისია და, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ ევროკავშირი თავის თავზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებს და გააგრძელებს საქმეს, რომელსაც ეუთო აკეთებდა.”

რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოს მისიის დაბლოკვის ფაქტი ასევე დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. გასულ კვირაშივე ამერიკის საგარეო უწყებამ განმარტა იმ ქარტიის შინაარსი, რომელსაც ხელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ უნდა მოაწერონ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტს, რომლის გარშემოც მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, რეგიონის უსაფრთხოების, საქართველოს მთლიანობის, ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატების საფუძველად მიიჩნვს:

(სააკაშვილის ხმა) ”არასდროს ადრე ამერიკას არ უხსენებია, რომ საქართველო არის მისი სტრატეგიული მოკავშირე, არასდროს არც ერთ განცხადებაში, არასდროს არც ერთ ხელშეკრულებაში... თუ ჩვენ მივედით იქამდე, რომ სიტყვა ”სტრატეგიული” გაჩნდა ამ ურთიერთობებში, აი, ეს იქნება ყველაზე ნათელი პასუხი საქართველოს ჩამოშლის და ნაგლეჯებად ქცევის მუდმივ მცდელობაზე...”

გასულ კვირაში ისიც ითქვა, რომ ქარტია გააფართოებს ამერიკისა და საქართველოს თანამშრომლობას უსაფრთხოების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის სფეროებში. ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი - მათ შორის, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი - მიიჩნევს, რომ ქარტია საქართველოს სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში დაეხმარება:

(დარჩიაშვილის ხმა) ”ამ დოკუმენტით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცდება და იღებს სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს და თავისთავად ეს მხოლოდ წაადგება საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესს.”

თუმცა გასულ კვირაში ისიც გაირკვა, რომ მხარეები ქარტიას დათქმულ დროს, ანუ ახალ წლამდე, ხელს ვერ მოაწერენ. ექსპერტთა ნაწილმა დოკუმენტის სახელწოდებაზე დავა და მისი ხელმოწერის თარიღის გადაწევა ამერიკის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დოკუმენტის იურიდიულ ძალმოსილებაზე არსებულ აზრთა სხვადასხვაობას დაუკავშირა. მარშალ ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნიკა ჩიტაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლების სურვილი არ ემთხვევა ამერიკის ადმინისტრაციის შესაძლებლობებს:

[ნიკა ჩიტაძე] ” მიმდინარეობს დისკუსია, იქნება ეს სტრატეგიული დოკუმენტი თუ თავდაცვითი პაქტი. ჩემი მოსაზრებაა, რომ, ალბათ, ქართული მხარის სურვილი იქნება, ეს იყოს თავდაცვითი პაქტი, ანალოგიური იმისა, რაც იყო იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ”ცივი ომის” შემდეგ, რომელიც გულისხმობდა ამ ქვეყნების თავდაცვას და ამ ქვეყნებში ბაზების განთავსებას.”(სტილი დაცულია)

გასულ კვირაში თბილისში დაბრუნდა გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია, რომელმაც ახალი პოლიტიკური ლიდერის მოლოდინში მყოფ საზოგადოებას სამომავლო გეგმები და თანამდებობიდან გადადგომის მიზეზები გააცნო:

(ალასანიას ხმა) ”პრეზიდენტმა ვერ შეაფასა ვერც ჩვენი ძალები, ვერც მოსალოდნელი აგრესიის მასშტაბები და კატასტროფული შედეგები. რუსეთთან ომის თავიდან აცილების გზები არსებობდა. ამ პროვოკაციულ ომში საქართველოს ჩაბმის პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება.“

”ქორთიიარდ მარიოტში” გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ქვეყნის მართვის ფილოსოფია, უნდა მოხდეს ხალხის კონსოლიდაცია და უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. 35 წლის პოლიტიკოსი საქართველოში ბევრ პრობლემას და ცვლილებების აუცილებლობას ხედავს, თუმცა ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რომელ პოლიტიკურ ძალებთან აპირებს თანამშრომლობას:

(ალასანიას ხმა) ”ჩემი აზრით, საქართველოში საკმარისად ბევრია უკვე პარტიები. მთავარი ამოცანა იქნება კონსოლიდაცია ყველა ჯანსაღი ძალის.” (სტილი დაცულია)

ამგვარი პასუხი ოპტიმისტურად ჟღერს ყველა იმ ოპოზიციური ძალისთვის, რომლებსაც ირაკლი ალასანია სასურველ ლიდერად მიაჩნიათ.

გასულ კვირაშივე საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა თორდიამ განმარტა, დაფინანსებას ის პოლიტიკური ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებმაც ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში, შესაბამისად, სამ და ოთხპროცენტიანი ბარიერები გადალახეს:

[ლაშა თორდიას ხმა] „განვიხილავთ მეორე მოსმენით კანონპროექტს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს დაფინანსების აღდგენას პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ასევე დაფინანსების გაზრდას. კერძოდ, პოლიტიკურ სუბიექტებს დაფინანსება გაეზრდებათ მინიმუმ 25 პროცენტით, ნაციონალურ მოძრაობას კი - 10 პროცენტით.“

ნაციონალური მოძრაობისა და ხელისუფლების ლიდერებმა გასულ კვირაში საზოგადოებას ამცნეს, რომ დასრულდა დევნილების კეთილმოწყობილ ბინებში შესახლების ძირითადი ეტაპი. პრესკონფერენციაზე, რომელიც შინაგან საქმეთა, რეგიონალური მართვისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებმა გამართეს, ითქვა, რომ ოთხი ათასამდე ახალ საცხოვრებელში ჩვიდმეტი ათასამდე ადამიანი შესახლდა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “გაზაფხულამდე ჩვენ შევძლებთ ასპროცენტიან დაკმაყოფილებას ყველა იმ ადამიანისა, ვინც უსახლკაროდ არის, მაგრამ დღეისათვის, მე მინდა გითხრათ, რომ 95 პროცენტს იძულებით გადაადგილებულ პირებს ან აქვთ მიღებული სახლები და ცხოვრობენ ამ სახლებში, ან მიღებული აქვთ ეს სახლები და ტექნიკურად მიმდინარეობს შესახლება, ან მიღებული აქვთ კომპენსაციები.“(სტილი დაცულია)

გასული კვირის მოვლენებიდან ასევე გამოსარჩევია აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში. დელეგაცია, რომელსაც რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ შვიდკოი ხელმძღვანელობდა, თბილისში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების ოცდათერთმეტი წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. გასულ კვირაშივე ქართველი მეღვინეები გამოეხმაურნენ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებას. გენადი ონიშჩენკომ ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ხარისხიანი ღვინის დაშვების წინააღმდეგი არაა, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში რუსეთთან რაიმე სახის, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების აღდგენის იმედი აღარავის აქვს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირში განაცხადეს, რომ საკითხის პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტის გარეშე რუსეთში ღვინის გაგზავნას აზრი არა აქვს.
XS
SM
MD
LG