Accessibility links

logo-print

”გიყვარდეს მუსიკა შენს თავში და არა შენი თავი მუსიკაში”


”გიყვარდეს მუსიკა შენს თავში და არა შენი თავი მუსიკაში”

- ამას გვიმეორებდა ჩვენი მასწავლებელი, ნოდარ გაბუნიაო, წერს პიანისტი ნატო წვერელი ნოდარ გაბუნიას დაბადების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტების პროგრამაში, დეკემბერში საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გამართული კონცერტებისა, რომელიც წლის კულტურული ცხოვრების ერთგვარ დაგვირგვინებად შეიძლება მივიჩნიოთ... სიმბოლურ დაგვირგვინებად. სიმბოლურად, რადგან თანამედროვე ქართულ კულტურაში უკვე სანთლით საძებნი გახდა ხელოვანი, რომელსაც ”ხელოვნება საკუთარ თავში უყვარს და არა საკუთარი თავი ხელოვნებაში”...ე.ი. რომელიც უანგაროდ ემსახურება კულტურას და რომლისთვისაც კულტურა არაა მხოლოდ და მხოლოდ თვითდამკვიდრების, ვარსკვლავად ქცევის საშუალება. ნოდარ გაბუნიას მთელი ცხოვრება საკუთარი შემოქმედების პროპაგანდისთვის რომ მიეძღვნა, მისი მუსიკა დღეს კიდევ უფრო მეტი სიხშირით შესრულდებოდა მსოფლიოს მუსიკალურ დარბაზებში... 1973 წელს, როცა ნოდარ გაბუნიას ვოკალურ-კამერულმა თხზულებამ ”იგავი” იუნესკოს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გრან-პრი მოიპოვა, უკვე შეიძლებოდა ლაპარაკი ქართველ კომპოზიტორზე, რომელსაც მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი კომპოზიტორების გვერდით მოიხსენიებდნენ.

[”იგავი”]

დაახლოებით ამ დროს დაწერა ნოდარ გაბუნიამ მუსიკა ნოდარ მანაგაძის ფილმისთვის ”ივანე კოტორაშვილის ამბავი”... გაბუნიას ამ ნაწარმოებს სპეციალისტები ქართული კინომუსიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ... იშვიათია კომპოზიტორმა ასე ზუსტად მიაგნოს ფილმის მუსიკალურ გასაღებს, გამოხატოს მოქმედ გმირთა ხასიათები. ამ ნაწარმოებში უკვე აშკარა გახდა, რომ, ხალხური მუსიკის დიდი გავლენის მიუხედავად, ნოდარ გაბუნიას მუსიკალური ენა მკვეთრად განსხვავდება ქართული კლასიკური მუსიკის ჰარმონიისგან... ამიტომაც ამბობენ მისი მოწაფეები (და არა მარტო მისი მოწაფეები) - ნოდარ გაბუნია ერთ-ერთი ყველაზე ”ევროპელი” კომპოზიტორია ქართველ მუსიკოსებს შორისო.

[”ივანე კოტორაშვილის ამბავი”]

მაგრამ ნოდარ გაბუნიამ, ალბათ მაინც, მისთვის ჩვეული თავმდაბლობის გამო, არაფერი გააკეთა საკუთარი ”პერსონის” პროპაგანდისთვის... კომპოზიციის გარდა, იგი ხომ სხვა საქმითაც იყო დაკავებული - როგორც პიანისტმა, შეასრულა ბეთჰოვენის სონატების სრული ციკლი, ბარტოკის საფორტეპიანო კონცერტები... და, რაც მთავარია, მას მოწაფეები ჰყავდა, რომლებიც შვილებივით უყვარდა, რომელთა აღზრდა - შემოქმედებითი აღზრდა - იყო თავისებური გამოხატულება იდეისა: გიყვარდეს არა შენი თავი მუსიკაში, არამედ მუსიკა შენს თავში...ანუ ემსახურე მუსიკას უანგაროდ, ემსახურე მუსიკოსებს უანგაროდ.

[მამიკონ ნახაპეტოვი]

ეს მამიკონ ნახაპეტოვია, პიანისტი ნოდარ გაბუნიას უკანასკნელი კლასიდან. მან, თავის თანაკურსელ ნატო წვერელთან ერთად, გახსნა საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში მოწყობილი ნოდარ გაბუნიას ხსოვნის საღამოები... დაუკრა რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც სათავეში ნიკა მემანიშვილი ედგა. ბგერის სიღრმე, უბადლო ტექნიკა და ზომიერების გრძნობა - ეს ყველაფერი დღეს უკვე გერმანიაში მოღვაწე მამიკონ ნახაპეტოვს სწორედ გაბუნიას კლასში სწავლის დროს განუვითარდა.

იგივე შეიძლება ითქვას ნატო წვერელზე, რომელიც დღეს ჰოლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნატომ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაამახსოვრა მუსიკის მოყვარულებს თავი როგორც ძალიან თამამმა ინტერპრეტატორმა. დღეს, სენსანსის საფოპრტეპიანი კონცერტის შესრულების დროს, გამოჩნდა, როგორ ”დაღვინდა”, უფრო სერიოზული გახდა ეს პიანისტი..თუმცა თავისუფალი ინტერპრეტაციის ეს ვნება კვლავაც წარმოჩნდა.

[ნატო წვერელი]

ნოდარ გაბუნიას ხსოვნის პირველი საღამო, ნატო წვერელისა და მამიკონ ნახაპეტოვის მონაწილეობით, 5 დეკემბერს გაიმართა..მუსიკალურ ცენტრს ამდენი ხალხი დიდი ხანია არ ახსოვს... ხალხით გაჭედილ დარბაზში ჩატარდა სხვა კონცერტებიც - ნუცა კასრაძის, ვალერიან შიუკაშვილის, ქეთევან ბადრიძის, ქეთევან ლოლაძის მონაწილეობით... ათი წელი გავიდა უკვე მას შემდეგ, რაც ამ პიანისტებმა თბილისის კონსერვატორია დაამთავრეს, 8 წელი გავიდა მათი პედაგოგის, ნოდარ გაბუნიას, გარდაცვალებიდან... მაგრამ გაბუნიას კლასის დასკვნითი კონცერტი, რომელიც თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, დღესაც კარგად ახსოვთ თბილისელ მუსიკის მოყვარულებს. იმხანად სწორედ გაბუნიას მოწაფეებმა გაიხსენეს მასწავლებლის გამონათქვამები პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. ”მასწავლებელი ტრაგიკული ფიგურაა, - უთქვამს ნოდარ გაბუნიას. - ძალიან ნიჭიერი მოსწავლე შთანთქავს მის გავლენებს, მისგან ნასწავლს ითვისებს და ითვისებს. მასწავლებლის შესაძლებლობები ძნელი შესამჩნევია იქ, სადაც მოსწავლე თავად არის ”მე”, ”პიროვნება”.

მაგრამ 2008 წლის, საქართველოსთვის ამ ძალიან მძიმე წლის, ბოლოს გამართული ნოდარ გაბუნიას ხსოვნის საღამოებით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ქართველი პიანისტის, კომპოზიტორის, პედაგოგის ამ მოსაზრებაში მაინც შეიძლება ეჭვი შევიტანოთ...აი, ბატონო, ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებიც ”პიროვნებად” ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში აღიქმებოდნენ... განა შთაინთქა მათი პედაგოგის ღვაწლი? განა ის, რაც ნოდარ გაბუნის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ ამ მუსიკოსებს აერთიანებთ, ნოდარ გაბუნიას პიროვნებას, მის ”მეს” არ გამოხატავს?

[მუსიკა]

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, შევეცადოთ ვიყოთ ოპტიმისტები და ნოდარ გაბუნიას ხსოვნის ეს საღამოები სიმბოლურად აღვიქვათ: თუკი 2008 წლის კულტურული ცხოვრება დასრულდა ”ყველაზე ევროპელი მუსიკოსის გახსნებით”, იქნებ მომავალ წელს ქართულ ხელოვნებას ”ევროპა” დაებედოს...მერე რა, რომ რუსული კულტურის მოღვაწეების დიდი დელეგაცია თბილისს სწორედ საახალწლოდ ეწვია.
XS
SM
MD
LG