Accessibility links

შესუსტდა თუ არა დასავლელ ინვესტორთა ინტერესი კასპიის ზღვის რეგიონისადმი?


ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების სტაბილურმა ზრდამ 2008 წლის დასაწყისში სერიოზულად დააფიქრა ევროპელები "ძველი კონტინენტის" ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე

და მსოფლიომაც კიდევ უფრო მეტი ინტერესით მიაპყრო თვალი ენერგეროსურსებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონს - კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს. ეს ინტერესი უცხოელი ინვესტორების გააქტიურებაში გამოიხატა. არაერთმა მათგანმა წამოიწყო ახალი საქმე, მაგრამ წლის ბოლოს ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრმა დაცემამ თავდაყირა დააყენა ახალი, თითქოსდა უკვე გარიგებული საქმეები. მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონისადმი ინტერესი შესუსტდა.

სანამ ნავთობზე ფასების მკვეთრი ვარდნა სერიოზულ თავსატეხს შეუქმნიდა კასპიის ზღვის აუზით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს, კასპიის აუზის ენერგორესურსების ექსპლუატაციაში აშკარა იყო რუსეთის უზარმაზარი პოტენციალი.

რუსეთი კასპიის რეგიონის სახელმწიფოებზე ტრადიციული გავლენით სარგებლობს. რუსეთის გიგანტი "გაზპრომი" ენერგომატარებლებზე "ევროპული ფასების" განსამტკიცებლად მოლაპარაკებას აწარმოებდა თურქმენეთსა და ყაზახეთთან კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე. ეს ახლი მიმართულება ხსენებული ქვეყნებიდან და ასევე აზერბაიჯანიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის "ევროპულ ფასებში" მიწოდებისთვის იქნა ჩაფიქრებული. ჩანაფიქრის პრაქტიკული განხორციელების მიზნით, მოსკოვმა ბაქოსა და აშხაბადს შესთავაზა პირობა, რომ "გაზპრომი" მათგან იმაზე გაცილებით მეტ ბუნებრივ აირს შეიძენდა, ვიდრე ამჟამად იძენს - ბუნებრივ აირზე საკუთრივ რუსეთში და, რაც მთავარია, დასავლეთში არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. როგორც ენერგეტიკის საკითხთა ექსპერტი, იტალიელი ფედერიკო ბორდონარო ამბობდა, ევროპელებს სჭირდებათ გაზი, ხოლო რუსეთს აქვს სურვილიც და საშუალებაც მას ეს გაზი მიაწოდოს. თანაც, მოსკოვი ამ საქმეში გაცილებით უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, ვიდრე ევროკავშირი.

მაგრამ 2008 წლის მეორე ნახევრიდან ყველაფერი შეიცვალა. მსოფლიო ფასი ბარელ ნავთობზე 150 დოლარიდან 40 დოლარამდე დაეცა და ამ გარემოებამ სრულიად აურია გეგმები რუსეთის ენერგოსექტორს. "გაზპრომმა" და "ლუკოილმა" გამოთქვეს სურვილი, დაეფინანსებინათ საკუთარი ექსპანსიონისტური გეგმები კასპიის ზღვის აუზში, მაგრამ აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა ეს წინადადება უარყვეს.

გაზის მიწოდების საკითხზე რუსეთის დავამ უკრაინასთან, ამავე საკითხზე რუსეთის დამოკიდებულებამ ბელორუსიასთან ბრიუსელი სერიოზულად შეაშფოთა. ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტები ევროკავშირისთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახდა. არსებობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, მაგრამ ეს არ კმარა. ევროკავშირი იმედს ამყარებს "ნაბუკოს" სახელით ცნობილ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ერთ მშვენიერ დღეს ევროპამ ყოველდღიურად 30 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უნდა მიიღოს.

ჩანაფიქრის რეალიზაციაში ერთ-ერთი პრობლემა ტრანს-კასპიური მილსადენის არარსებობაა, მიმართულების, რომელიც აზერბაიჯანის მიმართულებით გადაქაჩავდა თურქმენეთისა და, შესაძლოა, ყაზახეთის ბუნებრივ აირს. ამასთან, აღსანიშნავია პრობლემები აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ურთიერთობაში. ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ძალისხმევით მოხერხდა ამ ქვეყნების ლიდერების დათანხმება, მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ.

პროექტ "ნაბუკოს" დირექტორი რაინჰარდ მიჩეკი ამბობს

[რაინჰარდ მიჩეკის ხმა] "ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები და მოლაპარაკებები თურქმენეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის. ჩვენი კონსორციუმიდან, ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ გააგზავნა ექსპერტები რეგიონში რესურსების მოცულობის დასადგენად. დარწმუნებული ვარ, პროექტ "ნაბუკოს" მონაწილე კომპანიები, ჩვენი აქციონერები, შეძლებენ თურქმენეთსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასაც და საბოლოო ჯამში მივაღწევთ ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებას."

გასულ აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ შეაფერხა პროქტ "ნაბუკოს" განხორციელების პროცესი. საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ვითარება თითქოს ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა; მაგალითად, ნოემბერში ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მოილაპარაკეს, შეექმნათ კასპიის განვითარების კონსორციუმი, მაგრამ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რუსეთთან ერთად, ევროკავშირსაც შეუქმნა პრობლემები. კასპიის ოცნების პროექტის დაფინანსება პრობლემური გახდა. ამასობაში კი სულ უფრო თვალსაჩინო გახდა კასპიის რესურსით ჩინეთის დაინტერესება. ჩინეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციამ გააფორმა შეთანხმება თურქმენეთთან, ამასთან ჩინეთის კომპანიას აქვს კონტრაქტი ყაზახეთთანაც. ჩინეთმა დაიწყო ყაზახეთთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რათა მომავალში ამ გზით ყაზახეთიდან ჩინეთში ნავთობი გადაზიდოს.

2009 წლის ბოლოს დასრულდება მშენებლობაც ყაზახეთ-ჩინეთის დამაკავშირებელი ნავთობსადენისა, რომელიც სრული დატვირთვით ამუშავდება 2011 წელს. გეგმის თანახმად, მისი საშუალებით ყაზახეთიდან ჩინეთში ყოველწლიურად 20 მილიონი ტონა ნავთობი უნდა გადაიქაჩოს. ასევე 2009 წლის ბოლოს დასრულდება თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის მშენებლობა. ეს პროექტიც 2011 წელს ამუშავდება სრული დატვირთვით და თურქმენეთი ჩინეთს წელიწადში 30 მილიარდ კუბურ მეტრ ბინებრივ აირს მიაწვდის. ჩინეთის ბაზარი ღიაა და მოტივირებული, მიიღოს ენერგორესურსებიცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და ამ ქვეყნებისთვისაც მიმზიდველია ჩინეთის ინვესტიციები. მით უმეტეს, რომ ჩინეთის ინვესტიცია არ ნიშნავს მარტო ინვესტორისთვის საკუთარი პროდუქციის მიყიდვას, ჩინელები ყაზახებსა და თურქმენებს ინფრასტრუქტურის გამართვაშიც ეხმარებიან.
XS
SM
MD
LG