Accessibility links

logo-print

კრიზისი ღაზის სექტორში


მესამე დღეა გრძელდება ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების იერიშები ღაზის სექტორში.

დაიღუპა 300-ზე მეტი პალესტინელი. ისრაელი აცხადებს, რომ შეიძლება დამატებითი სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო იერიშების აღსაკვეთად. ჰამასმა ისრაელის ტერიტორიების დაბომბვა მას მერე განაახლა, რაც 19 დეკემბერს უარი თქვა მასთან საზავო შეთანხმების გაგრძელებაზე.

გაერო და ევროპის კავშირი ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ, მაგრამ ისრაელმა 6000 რეზერვისტის მობილიზაცია დაიწყო და განაცხადა, რომ მზად არის, გააფართოვოს ღაზაში იერიში.

უკანასკნელი იერიშებისას ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ღაზის ისლამური უნივერსიტეტი და მთავრობის შენობები - ორივე ჰამასის დასაყრდენად ითვლება. ღაზის სექტორის საზღვართან განლაგებულია ისრაელის ტანკები.

ჯერჯერობით ჰამასი დათმობას არ აპირებს. მისმა წარმომადგენელმა, ფავზი ბარჰუმმა მოუწოდა პალესტინელებს, ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის თვითმკვლელობითაც უპასუხოს ისრაელის აგრესიას:

[ბარჰუმის ხმა] " ეს აშკარა ომი ღაზისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, დაუმორჩილებლობისა და ჰამასის წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს სიმტკიცეს, წინააღმდეგობა გავუწიოთ სიონისტ მტერს, დავიცვათ ჩვენი ხალხი და ოჯახები, დავიცვათ პალესტინა და გავაგრძელოთ დაუმორჩილებლობა, როგორც ჩვენი მეთოდი. ჩვენ ამას თავდასხმების საპასუხოდ გავაგრძელებთ ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის თვითმკვლელი ოპერაციებით."

გაეროს უშიშროების საბჭო გამოვიდა მოწოდებით, ყველგან შეწყდეს ძალის გამოყენება. მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ექვსთვიანი ზავის აღდგენისთვის პასუხისმგებლობა ჰამასს ეკისრება მას მერე, რაც შეთანხმებას 19 დეკემბერს გაუვიდა ვადა.

ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის იერიშებისას დაიღუპა მისი 180 წევრი, მათგან ბევრი უშიშროების სამსახურების წევრი. ჰამასის თანახმად, დაღუპულ 300-ზე მეტი ადამიანიდან დანარჩენი სამოქალაქო პირები არიან. მათ შორის 16 ქალი და რამდენიმე ბავშვი. მაგრამ გაეროს ინფორმაციით, დაიღუპა 51 სამოქალაქო პირი.

ისრაელმა, რომელიც აცხადებს, რომ მისი ერთი სამოქალაქო პირი იქნა მოკლული სარაკეტო იერიშისას, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ღაზაში შესვლის ნებართვა მისცა. როგორც საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანე-სოფი ბონეფელდმა უთხრა ჩვენს რადიოს, ღაზის საავადმყოფოებში ვითარება კრიტიკულია:

[ბონეფელდის ხმა] "საავადმყოფოებს ესაჭიროებათ მედიკამენტები, სამედიცინო ტექნიკა, სისხლი, პლაზმა და ასე შემდეგ, რათა შეძლონ დაჭრილთათვის დახმარების გაწევა. მაგრამ ვითარება, განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების ოთახებში, ერთობ ქაოტრია."

ამასობაში იტყობინებიან, რომ ღაზის სექტორიდან ხალხმა ეგვიპტის საზღვრის გადაკვეთა დაიწყო მას მერე, რაც აფეთქებებმა და ბულდოზერებმა სასაზღვრო კედელი რამდენიმე ადგილას გაარღვიეს. ეგვიპტის ერთი მესაზღვრე და ერთი პალესტინელი მოზარდი იქნენ მოკლული, როცა პოლიცია ხალხის ზეწოლის შეკავებას შეეცადა.
XS
SM
MD
LG