Accessibility links

logo-print

ნავთობი და დემოკრატია. ნაწილი 3


ორიათასი წლის წინათ რომის იპერატორმა პლინიუს უფროსმა ცივილიზაციის ორი უდიდესი წყევლა უწოდა ვერცხლსა და ოქროს.

შეიძლება თუ არა მათ რიგს ნავთობი და გაზიც მივუმატოთ? როცა სახელმწიფო რეჟიმი ბოროტად იყენებს მოგებას, ზრდის ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაში სხვაობას და ახანგრძლივებს საკუთარ მმართველობას, მრავალმა იმედგაცრუებულმა მოქალაქემ შეიძლება თქვას, რომ ეს ასეა.

მაგრამ ოქროსა და ვერცხლის მსგავსად, ნავთობი და გაზიც მხოლოდ და მხოლოდ საქონელია და მათი მოხმარება შეიძლება როგორც ბრძნულად, ისე უგუნურად.

დღეს გთავაზობთ ნავთობისა და დემოკრატიის თემაზე გადაცემების სერიის მესამე, დასკვნით ნაწილს. მასში საუბარი გვექნება იმაზე, თუ როგორ ახერხებენ დემოკრატიული ქვეყნები ნავთობით დაგროვებული სიმდიდრის მოხმარებას საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.

ნავთობით მიღებულ მოგებას უცნაური თვისება ახასიათებს: არასწორი განკარგვის შემთხვევაში მან შეიძლება ხელი შეუშალოს ქვეყანას ხელი მოწიფული ეკონომიკის განვითარებაში.

მოწიფული ნიშნავს საკმარისად დივერსიფიცირებულს საიმისოდ, რომ მოცემულმა სექტორმა გაუძლოს ეკონომიკისთვის ჩვეულ ნებისმიერ რყევებს.

ირონიაა, რომ ერთ-ერთი სექტორი, რომელსაც ყველაზე უფრო ჩვევია ფასების რყევები, თავად ნავთობის ექსპორტის ბაზარია. და ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ნავთობზე დამყარებულ ეკონომიკებს მოეპოვებოდეთ სხვა სექტორები ან ინვესტიციები, რომლებიც ნავთობიდან შემოსავლების შემცირების პირობებშიც გააგრძელებდნენ მოგებას.

ნავთობს რომ ეკონომიკის შეფერხება შეუძლია, იმდენად კარგად არის ცნობილი, რომ ამ მოვლენას სპეციალური სახელიც კი მოეპოვება. მას "ჰოლანდიურ დაავადებას" უწოდებენ. ტერმინი მომდინარეობს ჰოლანდიის გამოცდილებიდან, რაც მოჰყვა ამ ქვეყანაში 60-იან წლებში ბუნებრივი აირის აღმოჩენას.

გაზის ექსპორტის მეშვეობით ჰოლანდია უცებ კიდევ უფრო გამდიდრდა. მაგრამ ამავე დროს დრამატულად შესუსტდა მისი სამრეწველო სექტორი, რომელიც მანამდე ყვაოდა.

გაზის მრეწველობამ კაპიტალი და კვალიფიცირებული მუშახელი მიიზიდა მრეწველობიდან და სოფლის მეურნეობიდან.

უცხოური ინვესტიციების გაზრდამ ხელი შეუწყო ჰოლანდიის ვალუტის გამყარებას. ახალმა კურსმა ჰოლანდიური საქონელი ერთობ გააძვირა უცხოელი მყიდველებისთვის, რამაც საწარმოების დახურვა გამოიწვია. იმპორტი იმდენად გაიაფდა, რომ უცხოურმა საქონელმა ჰოლანდიური შეცვალა შიდა ბაზარზეც.

ბოლოს და ბოლოს ჰოლანდია გაუმკლავდა პრობლემებს გაზით მიღებულ მოგებაზე გადასახადების გამოყენებით. მაგრამ ჰოლანდიური დაავადება დღემდე ყვავის მთელ რიგ ქვეყნებში. ერთ-ერთი მათგანია აზერბაიჯანი. მოუსმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის ხელმძღვანელს, ინგილაბ ამედოვს:

[ამედოვის ხმა] "ჩვენს ბაზარზე ძირითადად იმპორტირებული საქონელი გვაქვს, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლებიც ადრე აზერბაიჯანული ტრადიციული პროდუქტები იყო. აზერბაიჯანში არაკონკურენტუნარიანი გარემოა, რაც ჰოლანდიური დაავადების პირდაპირი შედეგია. ინფლაცია მაღალია, რაც ისევ და ისევ ჰოლანდიური დაავადების აშკარა სიმპტომია. პრობლემები გვაქვს ჩვენი ადგილობრივი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის სფეროში, განსაკუთრებით სამრეწველო სექტორში."

ბრიტანეთის ყოველკვირეულ "ეკონომისტის" თანახმად, აზერბაიჯანი შეიძლება უფრო სწრაფად იქცეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორიდან იმპორტიორად, ვიდრე მაგალითად, ნიგერია, სადაც ეს 15 წელში მოხდა.

ჰოლანდიური დაავადების ეფექტის შესამცირებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის ნავთობით მდიდარი მრავალი ქვეყანა - მათ შორის რუსეთი და აზერბაიჯანი - ენერგეტიკის სექტორიდან მიღებული მოგების ნაწილს ათავსებენ სპეციალურ ფონდებში. ამ ფონდების მიზანია, სწრაფი მოგებით არ მოახდინონ ადგილობრივი ვალუტის ზედმეტად გაძლიერება, სხვა მნიშვნელოვანი სექტორების დასუსტება და ინფლაციის ზრდა.

მაგრამ ასეთი სტაბილიზაციის ფონდების მიუხედავად აზერბაიჯანის ტიპის ქვეყნებში ჰოლანდიური დაავადების ნიშნები არ ქრება.

რატომ რჩება ჰოლანდიური დაავადება აზერბაიჯანში და რატომ ქრება ის იმავე ჰოლანდიაში?

პოლიტოლოგების თანახმად, ეს აიხსნება ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის სხვაობით.

ავტოკრატიული რეჟიმები საზოგადოების გავლენიანი ჯგუფების მხარდაჭერის ყიდვას უფრო ცდილობენ, ვიდრე მართვას.

ამის საპირისპიროდ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოიპოვება მაკონტროლებელი ინსტიტუტები - არჩეული პარლამენტი, თავისუფალი პრესა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა - რომლებიც მთავრობას ნავთობით მიღებული მოგების არაკეთილსინდისიერად გამოყენებაში უშლიან ხელს.

ავიღოთ ნორვეგია, მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მესამე ექსპორტიორი. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა, მაგრამ ნავთობზე და გაზზე მისი საერთო შიდა პროდუქტის მხოლოდ 25 პროცენტი მოდის. ნორვეგიაში ეკონომიკის სხვა სექტორებიც კარგად არის განვითარებული.

მოუსმინეთ კარნეგის ფონდის თანამშრომელს, მარინა ოტეუეის:

[ოტეუეის ხმა] "მნიშვნელოვანწილად პასუხი არის ფულის დაზოგვა, ფულის შენახვა და არა მისი ერთბაშად დახარჯვა. ნორვეგიას ძალიან მნიშვნელოვანი ფონდი მოეპოვება მომავალი თაობისთვის და ის ცდილობს, ნავთობიდან მიღებული მოგების განაწილებას ბევრად უფრო ხანგრძლივ პერიოდზე, რათა ღრეობას შიმშილობა არ მოჰყვეს, როცა ნავთობის შემოსავალი გაქრება."

ნორვეგიამ ნავთობიდან მიღებული მოგებით გაისტუმრა საგარეო ვალები, რომლებიც მოჰყვებოდა ძველი დროიდან, სანამ ნავთობს აღმოაჩენდნენ ჩრდილოეთის ზღვაში. მან მოახდინა მოგების მთელი ეკონომიკის მასშტაბით რეინვესტიცია და შექმნა ფონდები მომავალ რყევებთან გასამკლავებლად. ამგვარად მან შეძლო თანაბრად განვითარებული ძლიერი ეკონომიკის შექმნა.

ნორვეგიაში, ფაქტობრივად, ცხოვრება ისევე გამოიყურება, როგორც სხვა მაღალგანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებსაც არ მოეპოვებათ ნავთობი.
XS
SM
MD
LG