Accessibility links

logo-print

მეოთხე ხელისუფლება ძალაუფლების გარეშე


2008 წლის ბოლოს ჟურნალისტები გასული წლის მოვლენების შეფასებას ცდილობენ. საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილი

- ისევე როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - მიიჩნევს, რომ დღეისათვის ყველა პრობლემაზე უწინარეს მოსაგვარებელი მედიის ცენზურისგან გათავისუფლებაა. მინდა გესაუბროთ მეოთხე ხელისუფლებაზე, რომელიც დღეს ძალაუფლების სრულ დეფიციტს განიცდის.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი, მედია გაცილებით თავისუფალი და გავლენიანი იყო, ვიდრე დღეს არის. მაშინ მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ საჭიროა გაჩნდეს თავისუფლების კუნძულები და შემდეგ მათი სივრცე თანდათან გაფართოვდეს. ასეთ კუნძულად შერჩეულ იქნა სასამართლო, რომლის თავდაპირველი რეფორმირების პროცესი მედიის ძლიერი მხარდაჭერით განხორციელდა.

დღეს, როდესაც თავისუფლების კუნძულები თავიდან არის აღმოსაჩენი, საზოგადოება თანხმდება, რომ უპირველესი პრობლემა მედიის გათავისუფლებაა ცენზურის მარწუხებისგან, რადგან ვიდრე მედია ხელისუფლების ხელში პროპაგანდის იარაღია, რომელიმე სხვა სფეროს შველაზე საუბარი ზედმეტია.

თავიდან, როდესაც სხვადასხვა ტელევიზიის ეთერიდან ერთმანეთის მიყოლებით გაქრა დებატები, ბევრი ფიქრობდა, რომ ახალ, რევოლუციურ ხელისუფლებას არ სჭირდებოდა დისკუსია და კამათი ამა თუ იმ საკითხზე, რათა გაჭიანურებული განხილვის პროცესს ხელი არ შეეშალა სწრაფი რეფორმებისთვის. მაგრამ მოვლენების განვითარებამ დაადასტურა, რომ მედიაზე ცენზურის დაწესების მთავარი მიზანი იყო არა დისკუსიების მოხსნა ეთერიდან, არამედ ახალი ამბების - “ნიუსების” – ბოლომდე გაკონტროლება. შესაბამისად, დღეს მედიის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მაყურებელი პოლიტიკურ თოქ-შოუს ვეღარ უყურებს, არამედ ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ იცის სიმართლე თავის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ - მათ შორის, არც აგვისტოს ომის შესახებ.

სწორედ ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ ხელისუფლება ხვალ ან ზეგ ნებაყოფლობით იტყვის უარს მედიის – განსაკუთრებით, სატელევიზიო მედიის – კონტროლზე. შესაბამისად, იმისათვის, რომ ქვეყანაში სიმართლემ ამჟამად არსებულ ჭუჭრუტანებში მაინც გამოჟონოს, სხვა გზის მოძებნაა საჭირო. შესაძლოა, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც დღემდე ხელი მიუწვდება ეთერზე, ნაწილობრივ პირადად უნდა იკისროს ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობა და თავად იტვირთოს რეალური ამბების, სიმართლის გავრცელების ფუნქცია.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ამა თუ იმ ტელევიზიის ეთერში იწვევენ საკუთარი აზრის გამოსათქმელად, ნაკლებად იციან ფაქტები. ნაკლებად იციან, რა ხდება საქართველოში, როგორ ცხოვრობენ ადამიანები სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში, რა უჭირთ, რა სჭირდებათ, როგორ ირღვევა მათი უფლებები, როდის და რით იზღუდება მათი თავისუფლება. ზოგ შემთხვევაში, გასაკვირიც არ არის, რომ ტელეეთერების სტუმრებმა არ იციან ფაქტები, რადგან ცენზურის მიზანი სწორედ ეს არის, არ ვიცოდეთ ფაქტები. მაგრამ, მეორე მხრივ, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დანარჩენ მოსახლეობას არწმუნებს, რომ ტელეეთერში ცენზურაა, უნდა პირადად იღებდეს კიდეც ვალდებულებას, არ დაელოდოს ხელისუფლების კეთილ ნებას და თავად გაარღვიოს ეს ცენზურა: მოიპოვოს და გაავრცელოს ნამდვილი ამბები. ეს განსაკუთრებით ეხება პოლიტიკურ პარტიებს ორი ფაქტორის გამო: მათ აქვთ რესურსი რეგიონებიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად და მათთვის ხელმისაწვდომია სატელევიზიო ეთერი. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და ფაქტის პატივისცემა.

ცხადია, პოლიტიკური დებატებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ, როგორც წესი, ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილი დებატები არ მიმდინარეობს, რადგან უფრო ხშირად ხელისუფლება და უფრო იშვიათად ოპოზიცია ხან ერთ ტელევიზიას უცხადებს პროტესტს და ხან მეორეს. ამიტომ ის ფორმატი, როდესაც ადამიანი თანამოაზრეებთან ერთად რჩება მაყურებლის პირისპირ, ყველამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს არა რომელიმე პოლიტიკური ძალის გასაკრიტიკებლად, არამედ იმ ფაქტების გასავრცელებლად, რომლებსაც დამატებითი კომენტარი და განმარტება აღარ დასჭირდება. თუ დავაკვირდებით, დღეს ეს ძალიან ნაკლებად ხდება.

არადა, თუ საქართველოს სახელმწიფოში ვინმეს მაინც აქვს შემორჩენილი სურვილი, რომ მასმედიამ მეოთხე ხელისუფლების ფუნქცია შეასრულოს, სწორედ მათი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ტელეეთერით, რადიოთი ან გაზეთით გავრცელებულმა ინფორმაციამ მოიპოვოს ძალა და უფლება, იყოს სიმართლის და თავისუფლების პირველი კუნძული დღევანდელ საქართველოში.
XS
SM
MD
LG