Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”საიდუმლო სერობა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში”, ”ნაციონალებმა სუბარის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვეს”, ”პოლიტიკაში მიმავალი ომბუდსმენის მოხსენება”

- პრესა მკითხველს გუშინდელ საპარლამენტო მოსმენაზე მოუთხრობს. ”მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სახალხო დამცველის ანგარიშს არაკომპეტენტურად მიიჩნევს და სოზარ სუბარს - პოლიტიკურად ანგაჟირებულად, იგი ვადის გასვლამდე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. სამაგიეროდ, ხელისუფლება სუბარს სამაგიეროს იმით უხდის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარს ეუბნება, თუმცა ოპოზიცია ამას იმით ხსნის, რომ ხელისუფლებას ამ კომისიის შექმნის ეშინია”, - წერს ”რეზონანსი”. ”ახალი თაობა” სახალხო დამცველის ანგარიშის იმ ნაწილსაც აქცევს ყურადღებას, რომელიც სატელეფონო მოსმენებს ეხება: ”ჩვენში რომ სატელეფონო საუბრები ისმინება, არავისთვის სიახლე არ არის. ამ მოსმენების გამო ერი და პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ამბროსევიჩის დროს ჩიოდნენ, მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსმენებმა ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, დედამთილს რძლისთვის გასალანძღავად ვეღარ დაურეკავს”, - წერს ”ახალი თაობა”.

”რეზონანსი” ეკონომიკური განვითარების მინისტრ ლაშა ჟვანიასთან ინტერვიუს ბეჭდავს. ჟვანია ამბობს: ”მინისტრობის პირველივე დღეს დამისვეს კითხვა, ბენდუქიძის ინტერესებს ხომ არ დაეჯახეთო? მე გამოვდივარ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, ვმოქმედებ ისე, როგორც ჩემი ქვეყნისთვის იქნება სწორი. ნამდვილად არ ვიცი, ტყეებთან დაკავშირებით ვის აქვს ინტერესი. შესაბამისად, ბენდუქიძესთან დაპირისპირების არანაირი მიზეზი არ მქონია. ჩემთვის ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა მისაღებია, მაგრამ აღვირახსნილი ლიბერალიზმი ეკონომიკაში არ ვარგა”, - ასე ფიქრობს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

დღევანდელ გაზეთებში გასული წლის ამბებიც არის მიმოხილული და მომავლის პროგნოზირებასაც ცდილობენ: ”2009 წელს პოლიტიკური დაპირისპირების ქვაკუთხედი რიგგარეშე არჩევნები იქნება - ხელისუფლების ყოფილი გავლენიანი წევრებით გამდიდრებული ოპოზიციური სპექტრი ამ მოთხოვნას ერთსულოვნად აყენებს და თავის მთავარ გამოწვევად ამ ნაბიჯზე ხელისუფლების დათანხმებას ასახელებს”, - წერს ”24 საათის” ერთ-ერთი ავტორი და წერილს ასე ამთავრებს: ”2009 წლის ყველაზე მთავარ გამოწვევად ისევ უსაფრთხოების პრობლემა რჩება და კითხვა, როგორ დაგვეხმარება ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ამერიკასთან ორმხრივი ხელშეკრულება, რადგან უსაფრთხოების ელემენტარული გარანტიების გარეშე ნებისმიერი დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესის განვითარება თითქმის წარმოუდგენელია”, - წერს ”24 საათი”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ერთ-ერთი წერილი ასე სრულდება: ”...საახალწლო იმედები და ზღაპარი არ შეიძლება პესიმისტური იყოს. ამიტომ მომავლისა და წარმატების იმედით ვიყოთ; ვიფიქროთ, რომ ნახტომი სიცარიელეში მომავალ წელს მაინც დასრულდება - ”საუკეთესო ათეულში” ილია ნამდვილად დაფასდება, ხოლო ლტოლვილებს საკუთარ სახლებში არა სასწაული, არამედ სახელმწიფო დააბრუნებს”. ”საქართველოს რესპუბლიკაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ კომპოზიტორ გია ყანჩელთან. ის ამბობს: ”ვიმედოვნებ, დაგვიდგება დრო, როდესაც გავითავისებთ, რომ არავის ჩამოვუვარდებით და არც არავის ვჯობივართ. ასევე ვიმედოვნებ, რომ დადგება დრო, როცა ერთი პიროვნების გაფეტიშება დავიწყებას მიეცემა. მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი შეიცვალოს აწმყო და, შესაბამისად, მომავალიც.”
XS
SM
MD
LG