Accessibility links

logo-print

პეგაგოგებს ხელფასი 32 ლარით გაეზრდებათ


1 იანვრიდან მასწავლებელთა ხელფასები ეტაპობრივად მოიმატებს. პედაგოგების 70%-ის ხელფასი იანვრიდან არა 25 ლარით, არამედ 32 ლარით გაიზრდება.

ხელფასი მოემატებათ დამრიგებლებსაც. განათლების სამინისტრო ასევე ზრდის სასკოლო ვაუჩერის დაფინანსებას 30 მილიონი ლარით. უმაღლეს სასწავლებლებში კი სასწავლო გრანტების ოდენობა 8 მილიონი ლარით მოიმატებს.

განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების თვალწინ მოაწერა ხელი იმ ორ ბრძანებას, რომლითაც მასწავლებლების და კლასის დამრიგებლების ხელფასები ახალი წლიდან მოიმატებს:

[ნიკა გვარამია] ”მე ახლა თქვენს თვალწინ მოვაწერ ხელს ორ ბრძანებას, რომელიც ეხება დამრიგებელთა ხელფასის სამოცდაორი ლარით მატებას. ანუ ისინი ხელზე აიღებენ 50 ლარს. და ასევე 25+25 ლარით მატებას პირველი იანვრიდან და შემდეგ - პირველი სექტემბრიდან.”(სტილი დაცულია)

ხელფასის გაზრდის ეს პროცესი ორეტაპიანია და გულისხმობს:

[ნიკა გვარამია] ”მასწავლებელთა საბაზო ხელფასი მოიმატებს 25 ლარით, რაც იმას გულისხმობს, რომ მასწავლებელთა ორ მესამედს ხელფასი მოემატება 25 ლარზე მეტით, დაახლოებით 32 ლარით. და ჩვენი მეორე გზავნილი არის უკვე პირველი სექტემბრიდან კიდევ 25 ლარით გაზრდა მასწავლებლების ხელფასისა.” (სტილი დაცულია)

თუმცა, თუ პედაგოგთა და მეცნიერთა გაერთიანებული პროფკავშირის პრეზიდენტს მანანა ღურჭუმელიძეს ვკითხავთ, მასწავლებლებს საქმე საზეიმოდ არა აქვთ:

[მანანა ღურჭუმელიძე] ”თქვენ რომ გიმატებდნენ 25 ლარს და შემდეგ გაიგოთ, რომ 32 ლარით გიზრდიან და თანაც იცოდეთ, რომ ამ ხელფასით მაინც ვერაფერს იყიდით, რა აზრზეც იქნებოდით, ასეთივე აზრი გვაქვს ჩვენ. ეს არ არის არანაირი მატება მასწავლებელთა ხელფასისა, ის იბეგრება ისედაც ოცი პროცენტით და თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების მხოლოდ 10-15 %-ს აქვს 18 საათი, ხოლო დანარჩენებს - 3, 4 ან 7-8 საათი, ზოგიერთისთვის ამ ხელფასის მატება ნიშნავს სამი და ხუთი ლარით ხელფასის მომატებას. ეს კი რეალურად არ ცვლის იმ სოციალურ ფონს, რომელშიც იმყოფებიან მასწავლებლები. არც შრომის ბაზარს ცვლის და მასწავლებლობა ისევ დარჩება ისეთ პროფესიად, რომლის არჩევაც უნარიან ახალგაზრდებს არ სურთ.” (სტილი დაცულია)

რატომ აპროტესტებს პედაგოგთა პროფკავშირი ხელფასის მატებას? ბოლოს და ბოლოს, მათ ხელფასი გაუზარდეს და არა პირიქით. ღურჭუმელიძე გვიხსნის, რომ ასე რამდენიმე ლარის წამატებით მასწავლებლის ხელფასი არ უნდა განისაზღვრებოდეს და შემდეგ ვარიანტს სთავაზობს ხელისუფლებას:

[მანანა ღურჭუმელიძე] ”განვითარებად ქვეყნებში არსებობს ხელფასის განსაზღვრის წესი. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიცვალოს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების ხვედრითი წილი. მინიმუმ, ის უნდა იყოს 5 %, ჩვენთან კი ის 2,5 პროცენტია მხოლოდ. ერთ სულ მოსახლეზე მოსული მოსახლის რაოდენობა ლარებში მრავლდება მთლიან შიდა პროდუქტში რამდენიც უნდა იყოს განათლების ხვედრითი წილი, მინიმუმ 5%-ზე და უნდა გაიყოს თორმეტზე და ეს გამოდის 920 ლარი, რომელიც უნდა ჰქონდეს დამწყებ მასწავლებელს.”

ნიკა გვარამია კი, ასეთი სკეპტიკური განწყობის მიუხედავად, აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო ხელფასის ზრდის პროცესს 2009 წლის შემდეგაც განაგრძობს:

[ნიკა გვარამია] ”ეს არ არის ბოლო ასეთი გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომელსაც 2012 წლამდე მიზანმიმართულად შევასრულებთ.”
XS
SM
MD
LG