Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები განხორციელდა გასული წლის მანძილზე


სამომხმარებლო ფასების მატება, ლარის კურსის მყისიერი ვარდნა, საბანკო კრედიტების ნაკლებობა - გაძვირება და სამშენებლო ბიზნესის პრობლემები გასული წლის ძირითადი ეკონომიკური მახასიათებლებია.

ფასების მატება ლარის კურსის მოულოდნელ და მყისიერ ვარდნას ბრალდება, ეროვნული ვალუტის კურსის კორექციის აუცილებლობა კი - მსოფლიოში მიმდინარე ფინანსურ კრიზისს. ამავე კრიზისის გამოძახილია სირთულეები დეველოპერულ თუ საბანკო სფეროში, რასაც ემატება აგვისტოს თვეში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის სიმძიმე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. ამ სირთულეების მიუხედავად, გასული წლის მანძილზე მაინც გრძელდებოდა ეკონომიკური რეფორმები.

რიგითი მოქალაქეების დიდ ნაწილს გასული ეკონომიკური წელი, ძირითადად, იმით დაამახსოვრდა, რომ ლარის კურსის ვარდნამ სამომხმარებლო ფასების მომატება გამოიწვია:

[მოქალაქეთა ხმა] ”გაძვირდა პროდუქტი და იმდენს ვეღარ ვყიდულობთ, რამდენსაც ადრე...
...ყველაფერი გაძვირდა 20 პროცენტით...
... რას აკეთებენ, მე ვერ გავიგე. ყველა აბრალებს იმას, დოლარი ავარდა, დოლარი დავარდა... თუ დოლარი დავარდა, მაშინ ხომ უნდა დაიკლოს ფასებმა?”(სტილი დაცულია)

როგორც ცნობილია, ეროვნული ვალუტის კურსი ნოემბრის დასაწყისში მოულოდნელად დაეცა, რამაც ბევრი მოქალაქის დანაზოგი შეამცირა, ხოლო ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვია. გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩენილ მოქალაქეებს, მთავრობის ნაცვლად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა უპასუხა:

[დავით ამაღლობელის ხმა] „ლარი აღმოჩნდა ხელოვნურად გამყარებული მთელი რიგი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ და დადგა ლარის კურსის კორექციის საჭიროება. ეს უნდა მომხდარიყო ერთდროულად, რომ დანაკარგები მინიმუმამდე შემცირებულიყო.“(სტილი დაცულია)

ამაღლობელმა მოსახლეობას აღუთქვა, რომ ლარის კურსის ვარდნის ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს და მისი კურსი ახალი ნიშნულის ფარგლებს აღარ გასცდება. მანვე დასძინა, რომ არც ფასების ზრდის ეკონომიკური საფუძველი არსებობდა, თუმცა ამ განცხადებას ფასების მატების პროცესი არ შეუმცირებია.

თუ რიგითმა მოქალაქეებმა ეკონომიკური ზარალი ლარის კურსისა და პროდუქციის გაძვირების გამო განიცადეს, ეკონომიკურ პროცესებში - ბიზნესში - უფრო აქტიურად ჩართულ მოქალაქეებს ზარალი სხვა მოვლენებმაც მიაყენა, კერძოდ კი, აგვისტოს თვეში რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა. ეს ორი მოვლენა, ფაქტობრივად, ერთმანეთს დროში დაემთხვა. ამიტომ იმის ზუსტად გარკვევა, რომელმა მოახდინა უფრო მეტი უარყოფითი გავლენა, რთული აღმოჩნდა. საქართველოს ბიზნესზე აგვისტოს კონფლიქტის ზემოქმედების შედეგების შესწავლას ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია” შეეცადა.

ასოციაციის მიერ გამოკითხულ იქნა სხვადასხვა ზომის ათასამდე ბიზნეს ორგანიზაცია. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, კონფლიქტმა ნეგატიური გავლენა იქონია მათ საქმიანობაზე. კომპანიების 70 პროცენტს პროდუქციის გაყიდვა გაუჭირდა, ყველაზე მეტად - ტურიზმის სფეროს. ტურისტული ფირმების თითქმის ნახევრის გაყიდვა 80 პროცენტით შემცირდა ან მუშაობა საერთოდ შეჩერდა. გაყიდვის მოცულობა თითქმის გაუნახევრდა სამშენებლო ბიზნესსაც. ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ანი ქათამიძის კომენტარი:

[ანი ქათამიძის ხმა] „ვნახეთ, რომ საშუალო მაჩვენებელი ეს არის 40 პროცენტი. საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია. როცა ქვეყანაში ეკონომიკური ბრუნვა 40 პროცენტით მცირდება, საკმაოდ ცუდი არის.“(სტილი დაცულია)

გაყიდვის შემცირება, ძირითადად, მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული. ეს ყველაზე ნაკლებად მომსახურების სფეროს შეეხო, სადაც კლება მხოლოდ საერთო მოცულობის მეხუთედია.

საომარმა მოქმედებებმა დაღი დაასვა საინვესტიციო გარემოსაც, რომელიც ბიზნესის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ეს უმალვე დაეტყო სამშენებლო ბიზნესს, რომელიც არც მანამდე იმყოფებოდა სახარბიელო მდგომარეობაში. ის სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკვე გაყიდული ბინების აშენებას ვეღარ ახერხებენ დაფინანსების პრობლემების გამო, ამ საკითხებზე საჯარო საუბარს ერიდებიან. მათ პრობლემებზე დეველოპერული კომპანია ”ცენტრ პოინტ ჯგუფის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი საუბრობს. რჩეულიშვილის კომპანიის საქმიანობაში საბანკო კრედიტებს უმნიშვნელო ადგილი უკავია:

[მაია რჩეულიშვილის ხმა] ”ბანკის სესხი აღმოჩნდა არანორმალურად დიდი. სამომხმარებლო სესხმა მიაღწია 35 პროცენტს. ვერანაირი ბიზნესი 35 პროცენტიან კრედიტს ვერ აიტანს საქართველოში.“

ამ და დეველოპერული ბიზნესის სხვა ბრალდებებს არ იზიარებს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. იგი სამშენებლო ბიზნესის პრობლემებს თავად დეველოპერულ სფეროში ხედავს:

[ზურაბ გვასალიას ხმა] ”როდესაც ვერ ახდენენ თავისი ბიზნესის სწორ მართვას, მაშინ ურთულდებათ საკრედიტო რესურსების მიღება. გაყიდვები აქვთ ჩამოვარდნილი და ბევრ კომპანიას ნულზე აქვს დასული. და რანაირად შეიძლება ბანკმა დამატებითი დაფინანსებები ასე ადვილად მისცეს.”(სტილი დაცულია)

ექსპერტების შეფასებით, ამჟამად საქართველოში იმაზე მეტი უძრავი ქონება შენდება, ვიდრე მოთხოვნილებაა. შესაბამისად, მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება ფასის შემცირების ხარჯზე მოხდება.

დეველოპერული ბიზნესის სირთულეებმა და საბანკო აქტივობის შემცირებამ უმალვე წარმოშვა აზრი უმუშევრობის ზრდის შესახებ, რაც სხვადასხვა ჭორებისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის მიზეზადაც იქცა. ზოგიერთი შეფასებით, საქართველოში უმუშევართა რიცხვი დაახლოებით 100 ათასით გაიზარდა.

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ნოემბრის თვეში ექვსი სფეროს 400 სხვადასხვა ზომის კომპანიის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიებმა თანამშრომელთა მხოლოდ 3 პროცენტი დაითხოვეს. ეს საშულოდ ერთი კომპანიიდან ერთი თანამშრომლის გათავისუფლების ტოლფასია. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ”საქართველოში სამეწარმეო გარემოს ხელშეწყობის პროექტის” მენეჯერის, ირინა კოკაიას განცხადებით, გამოკითხულმა ორგანიზაციებმა, ომამდე დაგეგმილი 16 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, 23 პროცენტიანი შემცირება მიიღეს:

[ირინა კოკაიას ხმა] ”შედეგები არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, უარყოფითი გავლენა იქონია ამ მოვლენებმა საწარმოების 77 პროცენტის შემოსავლებზე. მაგრამ ოპტიმიზმი ისევ ძლიერია და საწარმოთა 75 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი შემოსავლები გაიზრდება საშუალოვადიან პერსპექტივაში. ასეთ შემთხვევაში, მათ იმედი აქვთ იმისა, რომ ის მოვლენები დასრულდა და ოპტიმისტურად არიან განწყობილი.”(სტილი დაცულია)

ეს ოპტიმიზმი ჩანს მსოფლიო ბანკის გლობალურ კვლევაშიც, რომელიც საქართველოში შექმნილ მდგომარეობას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მდგომარეობას ადარებს. საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს თითქმის ყველა პარამეტრის მიხედვით, გარდა კრედიტების ხელმისაწვდომობისა. საქართველოში ფინანსების მოზიდვა გაცილებით რთულია, ვიდრე შესადარ ქვეყნებში. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ვახტანგ ლეჟავას კომენტარი:

[ვახტანგ ლეჟავას ხმა] ”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც საინვესტიციო სკეპტიციზმი გაიზარდა. ანუ ჩვენ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ, რაც ჩანს კვლევის შედეგებიდან, რომ სხვებზე უფრო კონკურენტუნარიანები ვართ.”(სტილი დაცულია)

საამისოდ საქართველოს მთავრობამ საგადასახადო კოდექსის 400-მდე მუხლის ცვლილება მოამზადა, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის 25-დან 20 პროცენტამდე შემცირება, დივიდენდის გადასახადის - 10-დან 5 პროცენტამდე და, დაახლოებით, ამავე მოცულობით მოგების გადასახადის შემცირება გადაწყვიტა. პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის კომენტარი:

[გრიგოლ მგალობლიშვილის ხმა] ”ეს ნიშნავს 250 მილიონ ლარს დამატებით ქართულ ეკონომიკაში. ეს ნიშნავს, რომ მთელს ქართულ საზოგადოებას გაეზრდება დანაზოგები. ეს არის ყველაზე კარგი პირობა, რომ შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.”(სტილი დაცულია)

ასევე, პირველი იანვრიდან ძალაში შევა საბაჟო კოდექსის ცვლილებებიც, რომლის მიხედვით, უამრავი კეთილსინდისიერი და კარგი რეპუტაციის მქონე კომპანია პროდუქციის იმპორტს საბაჟო კონტროლის გარეშე ან მსუბუქი შემოწმების რეჟიმში განახორციელებს.

დაბოლოს, აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარების მიღების გარანტია მოიპოვა. ასევე, კიდევ უფრო დაჩქარდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მომზადება, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის მარტივი რეჟიმი უკვე ამოქმედდა თურქეთსა და საქართველოს შორის.
XS
SM
MD
LG