Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სპორტი 2008


გიორგი ჭანიშვილი, თბილისი ახლა, როდესაც 2008 წელი დასრულდა და შედარებით მშვიდად შეგვიძლია გასული სეზონისათვის თვალის გადავლება,

პირდაპირ ითქმის, რომ 2008 წელი ქართული სპორტისათვის უმნიშვნელოვანესი წარმატებებისა და გამარჯვებების წელი აღმოჩნდა.
გასული წლის მთავარი სპორტული მოვლენა ზაფხულის 29-ე ოლიმპიური თამაშები იყო. პეკინის ოლიმპიადა საქართველოსათვის მართლაც განსაკუთრებული გამოდგა, განსაკუთრებული როგორც შედეგიანობით, ასევე ძალიან ემოციური მუხტით. ეს იყო ოლიმპიადა, რომელმაც საქართველო, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია...
სამწუხაროდ, ამის მიზეზი მხოლოდ სპორტი არ გახლდათ.... ოლიმპიური თამაშები პეკინში 8 აგვისტოს დაიწყო, სწორედ იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა და ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გაჩაღდა.

1 სინქრონი – ოლიმპიადის თემა
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისათვის პეკინში ყოფნა ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან მაშინ, როდესაც გუნდის ყურადღება სპორტულ სამზადისზე უნდა ყოფილიყო მიმართული, დელეგაციის ყველა წევრი საქართველოში მიმდინარე ამბების გამო ღელავდა და სპორტული ჟინი, შეიძლება ითქვას, დღითი დღე იკლებდა...

მუშაობის ხალისი დაკარგული ჰქონდათ პეკინში აკრედიტებულ ქართველ ჟურნალისტებსაც., რომლებიც ინერციით დადიოდნენ დარბაზიდან დარბაზში, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად სპორსტმენებზე.

თავიდან იყო იმედი, რომ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი აღარ გაღვივდებოდა, თუმცა თბილისიდან სულ უფრო ცუდი ამბები ისმოდა, რაც პეკინში მყოფ ქართველებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. პოლიტიკური მდგომარეობის გამო, “ქართველები პეკინში” რამდენიმე დღის მანძილზე საერთაშორისო მედიის მთავარი თემა იყო. ისეთი გავლენიანი ტელეკომპანიები, როგორებიცაა “როიტერი”, “სი ენ ენი”, “ბი ბი სი” და ასევე სხვა მედია-საშუალებები, ქართველებზე სიუჟეტებს ლამის ყოველდღიურად ამზადებდნენ.

მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც, პროტესტის ნიშნად, პეკინის დატოვებაზე მიდგა საქმე. ეს სულაც არ გახლდათ იოლი, რადგან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კანონების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში საქართველო 8 წლიან დისკვალიფიკაციას მიიღებდა, ანუ ოლიმპიადაზე ვერც 2012 და ვერც 2016 წელს ვეღარ მოვხვდებოდით, რაც ქართულ სპორტს არნახულ ზიანს მიაყენებდა.

უნდა ითქვას, რომ, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ომის გამო, ქართველი ოლიმპიელები მზად იყვნენ ოლიმპიადა დაეტოვებინათ ნებისმიერი დისკვალიფიკაციის ფასად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო და ეს ყოველივე დელეგაციას აცნობა, გუნდი პეკინში დარჩა და, როგორც შემდგომ გამოჩნდა, მართებულადაც.

იმ ურთულესი დღეების შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციის წევრებმა ერთად გადაიტანეს, დიდი გამარჯვებების ჯერი დადგა. 13 აგვისტოს, დაახლოებით ნახევარი საათის ინტერვალში, ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველია გახდა, შემდეგ კი ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე. ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო: საქართველოს ჰიმნი 13 აგვისტოს ორჯერ შესრულდა....

პირველი მანუჩარ კვირკველია იყო,

2. მანუჩარ კვირკველია....

შემდეგ ირაკლი ცირეკიძე, რომელმაც ნახევარფინალში რუსეთის მაშინდელი პირველი პირის, ვლადიმირ პუტინის, ფავორიტი სპორტსმენი ივან პერშინი დაამარცხა.... კიდევ ერთი გამარჯვება კი წინ გველოდა.

3. ირაკლი ცირეკიძე.........

ორმა ოქროს მედალმა საქართველოს თავდაჯერებულობა შემატა, თუმცა აქ ნინო სალუქვაძის ბრინჯაოს მედალიც უნდა ვახსენოთ, რომელიც ნინომ 10 აგვისტოს მოიპოვა და ჩვენს წარმატებებს საფუძველი ჩაუყარა. ბრინჯაოს მედლები საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთარ თუშიშვილმა და გიორგი გოგშელიძემაც მოუტანეს, ბოლოს კი რევაზ მინდორაშვილის გამარჯვება იყო, ასევე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი.

4. რევაზ მინდორაშვილი
ასე რომ, 2008 წლის მთავარი სპორტული შეჯიბრებიდან საქართველო გამარჯვებული დაბრუნდა. 204 ქვეყანას შორის 27-ე ადგილი ჩვენნაირი ქვეყნისათვის მართლაც მიღწევაა. ქართველმა სპორტსმენებმა პეკინში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და დევიზი “უკეთ, ვიდრე ათენში” წარმატებით შეასრულეს.

ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ, 2008 წელს, საბოლოო აკორდი ჭადრაკში საქართველოს ქალთა ნაკრებმა დასვა. გერმანიის ქალაქ დრეზდენში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ჩვენმა ქალბატონებმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ ქართულ ჭადრაკს კვლავ დაუბრუნეს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული, გუნდის ლიდერმა მაია ჩიბურდანიძემ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს.

ქართველ სპორტსმენებს 2008 წელს, ტრადიციულად, წარმატებები ჰქონდათ ძიუდოსა და ჭიდაობის ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რაც მართალია, მართალია, სპორტული საქართველო ჯერ ისევ ინდივიდუალურ სახეობებშია ძლიერი და, იმედია, ახალ, 2009 წელს სათამაშო სახეობებშიც გვექნება სატრაბახო.

XS
SM
MD
LG