Accessibility links

შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ხელმოწერა გადაიდო


საქართველო შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ხელმოწერას ჯერ ისევ ელოდება.

თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, დოკუმენტი 2008 წლის ბოლოს უნდა გაფორმებულიყო, შემდეგ თარიღად 4 იანვარი დასახელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ხელმოწერა კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო. რას გულისხმობს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია და რატომ და რა ვადით გადაიდო მისი გაფორმება?

სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე, რომელსაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უნდა მოეწეროს ხელი, არაფერია ცნობილი იმის გარდა, რომ თბილისი სამომავლო დოკუმენტს ისტორიულს უწოდებს, ხოლო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოსთან ხელმოსაწერი ქარტია უკრაინასთან ხელმოწერილის ანალოგიური იქნება. აქვე ვთქვათ, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის სამომავლო სტრატეგიულ თანამშრომლობას 19 დეკემბერს მოეწერა ხელი. დოკუმენტი გულისხმობს ურთიერთობის გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარების სფეროებში, მაგრამ თუკი ტექსტს ყურადღებით წავიკითხავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ წინა პლანზე მაინც თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები დგას. ორი ქვეყნის მიერ გაზიარებულ ფასეულობებს შორის დოკუმენტში მეტად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება.

აქვეა მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე: ”დაინტერესებული ვართ თანამშრომლობის გაფართოებით უსაფრთხოების სფეროში, რათა გაიზარდოს უკრაინის პოტენციალი ნატოში გასაწევრიანებლად”, - ვკითხულობთ 19 დეკემბერს ხელმოწერილ დოკუმენტში.

მსგავს პერსპექტივას იმედები თბილისშიც უკავშირდება. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს დავით დარჩიაშვილს ალიანსისკენ მიმავალი გზის გარკვეულწილად გაიოლების იმედი აქვს:

(დარჩიაშვილის ხმა) ”ამ დოკუმენტით ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო მტკიცდება და იღებს სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს და თავისთავად ეს მხოლოდ წაადგება საქართველოს ნატოსთან დაახლოების პროცესს.” (სტილი დაცულია)

როგორც უკვე ვთქვით, შეერთებულ შტატებთან სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის პერსპექტივას თბილისი ისტორიულ გარდატეხას უწოდებს. პრეზიდენტი სააკაშვილი ხედავს პერსპექტივას ”რეგიონის უსაფრთხოებისთვის, საქართველოს მთლიანობისთვის, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური წარმატებისთვის”:

(სააკაშვილის ხმა) ”არასდროს ადრე ამერიკას არ უხსენებია, რომ საქართველო არის მისი სტრატეგიული მოკავშირე, არასდროს არც ერთ განცხადებაში, არასდროს არც ერთ ხელშეკრულებაში... თუ ჩვენ მივედით იქამდე, რომ სიტყვა ”სტრატეგიული” გაჩნდა ამ ურთიერთობებში, აი, ეს იქნება ყველაზე ნათელი პასუხი საქართველოს ჩამოშლის და ნაგლეჯებად ქცევის მუდმივ მცდელობაზე...” (სტილი დაცულია)

ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ქარტიის ხელმოწერა, რომელსაც თბილისი ასეთ დიდ იმედებს უკავშირებს, ჯერ დეკემბრის ბოლოს უნდა შემდგარიყო, შემდეგ ვადამ 4 იანვრისთვის გადაიწია, ხოლო ამჟამად ხელმოწერის თარიღი ჯერაც უცნობია. ექსპერტთა ნაწილი პროცესის გაჭიანურებას აბრალებს იმას, რომ თითქოსდა ვაშინგტონმა და თბილისმა საერთო ვერ გამონახეს.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი კი ხელმოწერის გადადების ერთადერთ მიზეზად ასახელებს ახალი ძალით გამწვავებულ ურთიერთობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის:

(რონდელის ხმა) ”ეს არის გართულება ვითარების ახლო აღმოსავლეთში, ღაზას სექტორში და, ფაქტობრივად, ქალბატონი კონდოლიზა რაისი იქ უნდა იყოს. ამის გამოა ყველაფერი ეს... ამის გამოა, რომ გადაიდო... ვითარება არის ძალიან დაძაბული და მთელი მსოფლიოს ყურადღება მანდ არის ახლა და ამერიკელები ცდილობენ, რომ განმუხტონ ვითარება. სწორედ ამის მსხვერპლი გახდა ეს ჩვენი მოსალოდნელი ხელმოწერა...” (სტილი დაცულია)

ალექსანდრე რონდელი გამორიცხავს ვაშინგტონსა და თბილისს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმის ჩაშლას და დარწმუნებულია, რომ დოკუმენტს ხელი პირველი შესაძლებლობისთანავე მოეწერება.
XS
SM
MD
LG