Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეხვდა ახალ წელს ოკუპირებული პერევი?


საჩხერის რაიონის ოკუპირებული სოფელი პერევი ახალ წელს შეძლებისდაგვარად საზეიმოდ შეხვდა - საახალწლოდ სოფელში დაბრუნებულ ბავშვებს თოვლის ბაბუამ საჩუქრებიც კი გადასცა.

რაც მთავარია, 2009 წლის დადგომამ პერევში სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა.

სოფელმა საახალწლოდ საზეიმო ღონისძიება - ძირითადად, ადგილობრივი ძალებით - პერევის სკოლაში მოაწყო. თუმცა მათ საახალწლო განწყობილების შექმნაში საჩხერიდან ჩამოსული თოვლის ბაბუაც დაეხმარა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა. პერევში ჩავიდნენ საჩხერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებიც, მათ შორის, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე, რომელმაც რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საახალწლოდ დახმარება ხელმოკლე ოჯახებმაც მიიღეს:

[ზურაბ ცერცვაძის ხმა] ”ახალმა წელმა მშვიდობიანად ჩაიარა სოფელში. ბავშვებს ჰქონდათ საშუალება საახალწლოდ ზეიმი მოეწყოთ სკოლაში, საჩუქრებიც მიიღეს თოვლის ბაბუისაგან. ჩვენც ვიყავით იქ. ხელმოკლე ოჯახებზე სოციალური დახმარების პაკეტი გვქონდა და დაახლოებით 10 ოჯახამდე მოვინახულეთ. ასევე, ორი ინვალიდი მოვინახულეთ...” (სტილი დაცულია)

ახალ წელს პერევი კიდევ ერთი მიზეზით იყო განსაკუთრებულად გამოცოცხლებული - ამ დღეს დაბრუნდა სოფლიდან გახიზნული მოსახლეობის ნაწილი, ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს ახალ წელს, ტრადიციულად, ოჯახებში შეხვედროდნენ. თუმცა ზურაბ ცერცვაძემ გვითხრა, რომ სოფელში საახალწლოდ დაბრუნება მხოლოდ ნაწილმა მოახერხა:

[ზურაბ ცერცვაძის ხმა] ”ნაწილი დაბრუნდა, მაგრამ ნაწილი ბავშვებისა არ იყო სოფელში და ძალიან ცუდი, რომ არ დახვდნენ თოვლის ბაბუას. დაახლოებით ას ბავშვამდე იყო სოფელში.” (სტილი დაცულია)

ახალი წელი პერევში რუსმა ოკუპანტებმაც აღნიშნეს. სოფლის მოსახლეობის ნაწილი სწორედ ამას უფრთხოდა - ალკოჰოლს რაიმე ექსცესები არ გამოეწვია. საჩხერის გამგებლის თქმით, საახალწლო ალკოჰოლს მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია, მაგრამ განსაკუთრებული, საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა:

[ზურაბ ცერცვაძის ხმა] ”ახლა ახალი წელი მარტო ჩვენთვის არ ყოფილა, ოკუპანტებიც აღნიშნავდნენ ახალ წელს. პატარ-პატარა ექსცესები იყო მოსახლეობასთან, მაგრამ არაფერი ისეთი, რომ ამას რაიმე მოჰყოლოდა.” (სტილი დაცულია)

თუმცა, მიუხედევად თოვლის ბაბუის ვიზიტის და საზეიმო ღონისძიებისა, ბუნებრივია, რომ ახალი წელი პერევში ბოლომდე მხიარული მაინც ვერ იქნებოდა. პერეველები თავის გულისტკივილს საახალწლო სადღეგრძელოებშიც გამოხატავდნენ:

[პერევის მოსახლის ხმა] ”ქართველ ხალხს ვუსურვებ ისეთი ახალი წელი ყოფილიყოს, რომ ასეთი გულისტკივილები აღარ გვქონოდეს და სიკეთისკენ შემობრუნებულიყოს ქართველი ერის ცხოვრება. არა ვართ ქართველები ამის ღირსი, რომ ასე დავკნინებულიყავით. ამაზე მწყდება გული.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG