Accessibility links

საქართველოს პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


მიმდინარე კვირა გასულ წელს დაიწყო. ნაახალწლევს კი გაზეთები ჯერ არ მისულა მკითხველამდე. ასე რომ, ამჯერად მიმდინარე კვირის მიმოხილვაში ბოლო დღეების, თუმცა უკვე შარშანდელ, ამბებს შევეხებით.

კვირა კი საახალწლო მოლოცვებით დაიწყო. ”მშვიდობიან 2009 წელს გისურვებთ!” - ამშვენებდა დიდი ქუდი ”კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერს. მთელ გვერდზე გადაფენილ ფოტოზე კი ჩანდა თბილისი, თოვლი და ხარები...

მომდევნო გვერდებზე კი გაზეთი გასული წლის უმთავრესი მოვლენების გახსენებას ცდილობდა და სათაურებიც ამგვარი იყო : ”ომის დღიურები”, ”ყბადაღებული პიარი და საბედისწერო შეცდომები”, ”რაც უფრო ბნელა, მით ახლოა განთიადი” და ასე შემდეგ.
"ტყუილია, რომ აშშ-ის დაზვერვას გამოეპარა რუსული არმიის ომისთვის მზადება!"
ეს სიტყვები კი მამუკა არეშიძეს ეკუთვნის, ექსპერტს კავკასიის საკითხებში. "კვირის პალიტრა” მასთან ინტერვიუს ბეჭდავს. ინტერვიუში საუბარი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენასაც შეეხო.
"ალასანიას გამოჩენა საჭირო და დროულია, რადგან ამჟამად ოპოზიციას შემაკავშირებელი ფიგურა არ ჰყავს. მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში... სააკაშვილი არ არის ის კაცი, რომელიც თავს ამოწურავს. აგვისტოს მოვლენების შემდეგ მას ძალიან გაურთულდა ურთიერთობა ევროპელ ლიდერებთან და ეს ბადებს პოლიტიკური დესტაბილიზაციის შეგრძნებას. დასავლეთის აზრით, აგვისტოში სააკაშვილმა შექმნა პრობლემა, რომელიც დასავლეთს არაფერში სჭირდებოდა. მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი არ უნდა წამოჰგებოდა პროვოკაციას. პრეზიდენტს ომი არ დაუწყია, მაგრამ მან თავი ჩაათრევინა საომარ ავანტიურაში, რაც უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ომის დაწყება. ალასანია სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე გახდა", - ამბობს მამუკა არეშიძე.
ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით გაზეთმა ”ვერსიამ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც დაუსვა კითხვა: ,,ალასანია ჩემი დიდი ხნის მეგობარია. შევხვდი თუ არა, ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ვფიქრობ, სადაც არ უნდა იყოს, მეგობრებად დავრჩებით”, - უპასუხა გაზეთს დავით ბაქრაძემ.

გაზეთი ”მთელი კვირა” კი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან ბეჭდავს ინტერვიუს: "გაზაფხულზე აუცილებლად უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები. საპარლამენტოს გამართვაზე არ უნდა დავთანხმდეთ", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე ინტერვიუში, სათაურით "ამ ხელისუფლებამ ქვეყანა დააქცია".

კვირის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ ამერიკა-საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა უკვე ახალ წელს, 4 იანვარს, უნდა შემდგარიყო. თუმცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი დეტალები მის შინაარსთან დაკავშირებით.

"არაფრის გასაიდუმლოება არ ხდება. უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს დოკუმენტზე მუშაობა. ... იდება პარტნიორობის ხელშეკრულება უსაფრთხოების მიმართულებით და ეს გულისხმობს სერიოზულ დახმარებას როგორც წვრთნასა და აღჭურვაში, ასევე შეიძლება იყოს ჯარით დახმარება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არის ლაპარაკი საფრთხეების ერთობლივ დაძლევაზე ყველანაირი თვალსაზრისით და საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაზე", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გაზეთ "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

”ბენდუქიძეს იჭერენ?” - ასეთი იყო ”კვირის პალიტრის” კიდევ ერთი პუბლიკაციის სათაური-შეკითხვა. ამბობენ, განხეთქილება ახალ ეკონომიკურ გუნდსა და ბენდუქიძეს შორის აშკარააო, - წერს გაზეთი. ”რეზონანსში” კი ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ მიჰყიდეს საქართველოს ქონება რუსეთს.: ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური, ქაღალდზე დაწერილი პირობები, თუ ვინ რას შემოგვთავაზებდა”, - მოჰყავს გაზეთს ზურაბ ნოღაიდელის სიტყვები.

მიმდინარე კვირას პრესა სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის თაობაზე წერდა.

"სახალხო დამცველის ანგარიშის პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით საზოგადოებასა და ასევე პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ დიდი მოლოდინი იყო, ვინაიდან სუბარმა განაცხადა, რომ პარლამენტში გამოსვლისას აქამდე გაუხმაურებელ ფაქტებს დაასახელებდა. ჩანს, ამ განცხადების გამო ელოდნენ, რომ იგი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადებდა. სუბარმა საზოგადოების ეს მოლოდინი არ გაამართლა და მოხსენების დაწყებისთანავე აღნიშნა, რომ იგი პოლიტიკაში ჯერ არ აპირებს წასვლას და თავის მოვალეობას უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეასრულებს”, - წერდა ”რეზონანსი” ახალი წლის დამდეგს.

და კიდევ ერთი ამონარიდი ამ პუბლიკაციიდან: "სუბარმა 2007 წლის 4 ნოემბრის მერაბიშვილი-კეზერაშვილი-ახალაია-ადეიშვილის "საიდუმლო სერობის" დეტალებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეებისთვის ძირითადად დარტყმები მუცლისა და თირკმლის არეში უნდა მიეყენებინათ, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი, სახეშიც. ამასთან, ვანო მერაბიშვილი ამ გეგმის შემუშავებისას იმასაც ამბობდა, რომ აქციის არც ერთი მონაწილე გაულახავი არ უნდა დარჩენილიყო, რათა შემდეგ არ "ებლატავათ". საქართველოში ნაცემი კაცი "ჩმორიაო" და "ბლატაობას" ვეღარ დაიწყებსო, - ასეთი ყოფილა მათი არგუმენტი, - განაცხადა სუბარმა. ” ”საპარლამენტო უმრავლესობამ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. სამაგიეროდ, სუბარს თანამშრომლობას საპარლამენტო ოპოზიცია სთავაზობს”, - ვკითხულობთ ”რეზონანსში”.

გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” კი წერდა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე კვლავ შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემას. დღეს ქართველი ერი დათრგუნულია, მაგრამ, ღვთის მადლით, საქართველოს მომავალი აქვს. კარგი მომავალიც ექნება, თუ ჩვენ სიბრძნით მივუდგებით არსებული პრობლემების გადაწყვეტასო, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ახალი წლის დამდეგს.
XS
SM
MD
LG