Accessibility links

logo-print

რით იყო 2008 წელი განსაკუთრებული ქართული ლიტერატურისა და ხელოვნებისთვის?


ჯერ კიდევ ივლისში

ქართული თეატრალური დასები საზაფხულო გასტროლებისთვის ემზადებოდნენ; ტურისტული ფირმები ევროპელ, ამერიკელ, იაპონელ მოგზაურობის მოყვარულებს ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების დასათვალიერებლად სპეციალურ მარშრუტებს სთავაზობდნენ; მხატვართა წრეებში ამბობდნენ, შემოდგომაზე თბილისში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი გაიხსნებაო... მოკლედ, კულტურული ცხოვრება ზაფხულისთვის უჩვეულოდ გამოცოცხლებული იყო, იმდენად გამოცოცხლებული, რომ, მაგალითად, ბათუმში ალტერნატიული კულტურის მთავარმა დამცველმა და პროპაგანდისტმა ”ურბანულმა კლუბმა” დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება. ზაფხულში, როცა აჭარას ტურისტები მოაწყდებიან, შედარებით ”მსუბუქ კულტურაზე” იქნება მოთხოვნილებაო, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ”ურბანული კლუბის” ერთ-ერთმა დამაარსებელმა, გიორგი ათანაძემ, ალტერნატიული კულტურის ფესტივალზე, რომელიც მაისის მიწურულს დასრულდა.... მერე კი დაამატა: აბა, რა არის კულტურა, თუ არა ”ალტერნატიული”, განსხვავებული აზრი და განსხვავებული ფორმაო. ”ურბანული კლუბის” საღამოები 28 მარტიდან დაიწყო: შაბათობით - ჯერ ლიტერატურულ კაფეში, შემდეგ კაფე ”შარდენში” და, ბოლოს, ეგრეთ წოდებულ ”მწვანე ბარში” - იმართებოდა ალტერნატიული ლიტერატურის, მუსიკის საღამოები, გამოფენები... ფესტივალზე მოწვეული თბილისელი სტუმრები ჰონორარებს არ მოითხოვდნენ - ის, ვინც ალტერნატიულ ხელოვნებას ქადაგებს, მინიმალურით უნდა დაკმაყოფილდეს. გიორგი ათანაძის თქმით, ასეთი ხალხის შეგროვება ორგანიზატორებს არ გასჭირვებიათ:

[გიორგი ათანაძის ხმა] ”პრეზენტაციაზე იყო ზურა რთველიაშვილი და შოთა იათაშვილი, იყო ”ვარდისფერი ავტობუსი”, ”ლაბორატორია”, გვყავდა ნოდარ ლადარია, ლაშა ბაქრაძე... წევრები შერჩეულია ძაან ეკლექტიკურად. არაა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, რათა მაქსიმალური ინფორმაცია დაგროვილიყო და განსხვავებულ ადამიანებს შეხვედროდა ხალხი. რატომღაც ჩვენ გვეჩვენებოდა ასე, რომ ამ ხნის განმავლობაში ბათუმში კულტურული დეფიციტი იყო: მსგავსი არც საღამოები ტარდებოდა, ვერც ინფორმაციას მიიღებდი იმაზე, თუ რა ხდება თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაში...” (სტილი დაცულია)

ასე დაიძრა 2008 წელს საქართველოში ალტერნატიული კულტურა. თუმცა არა მარტო ალტერნატიული. სწორედ ივლისის დასაწყისში, როცა ხალხს, ჩვეულებრივ, ხელოვნებისთვის არ სცხელა ხოლმე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს რუსთაველის სახელმწიფო პრემიების აღდგენას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ხელახლა უნდა შემოვიღოთ რუსთაველის პრემია ხელოვნებაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში გაკეთებული მიღწევებისთვის, და ეროვნული პრემია, რომელსაც გასცემს ქართული სახელმწიფო ორ წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებაში და რომელსაც ექნება ძალიან სოლიდური ფინანსური მხარდაჭერა.“ (სტილი დაცულია)

იმავე დღეს ხელისუფლება დაგვპირდა, რომ რუსთაველის პრემიების ახალ ლაურეატებს სპეციალური კომისია 23 ნოემბერს დაასახელებს. ზაფხულში, ცხადია, ჯერ არავინ იცოდა, ვინ იქნებოდა, ვის წარადგენდნენ ქვეყნის მთავარ, ასე ვთქვათ, ”კულტურულ ჯილდოზე” - შეიძლებოდა ეს ყოფილიყო აკა მორჩილაძის ახალი რომანები (ეს ორი წელი ძალიან ნაყოფიერი იყო მწერლისთვის), ნინო ანანიაშვილის დასის ბოლო სპექტაკლები, ქართული ნაციონალური ბალეტის ახალი პროგრამა, ზაზა ურუშაძის ფილმი ”სამი სახლი”, ე.ი. წლის ყველაზე წარმატებული კულტურული პროექტები...ხელოვნებათმცოდნეებმა, ლიტერატურის კრიტიკოსებმა იმხანად უკვე დაიწყეს საუკეთესოების დასახელება. მაგრამ ერთ თვეში რუსთაველის პრემია უკვე აღარავის ახსოვდა. საერთოდ, აღარავის ახსოვდა კულტურა. საქართველოში ომი დაიწყო.

[ნიკა რურუას ხმა] ”უსაფრთხოების ხაზი დღეს გადის არა მხოლოდ დიპლომატიაზე, არა მხოლოდ პოლიტიკაზე, არამედ კულტურაზეც. კულტურა არის სფერო, რომელიც არის იარაღი, რომელმაც უნდა გაგვიმრავლოს მეგობრები და შეგვიმციროს არაკეთილმოსურნეები. და მე ამას გავაკეთებ მთელი ჩემი ენერგიით.” (სტილი დაცულია)

ეს კულტურის ახალი მინისტრის, ნიკოლოზ რურუას განცხადებაა...კულტურა ”თავდაცვის იარაღად” გამოცხადდა მინისტრის პოსტზე რურუას დანიშვნისთანავე, დეკემბრის დასაწყისში. ”ვარდების რევოლუციის” 5 წლისთავი უკვე ჩავლილი იყო. დაპირების მიუხედავად, რუსთაველის პრემიები 23 ნოემბერს არავისთვის გადაუციათ. ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ორი წლის მიღწევებს ლიტერატურასა და ხელოვნებაში მომავალ წელს, 26 მაისს, გამოგვიცხადებდა. ამასობაში რუსთაველის თატრმა გამოაცხადა კონკურსი ომის თემაზე დაწერილი საუკეთესო პიესისთვის... თეატრმა მოინდომა ომის თემაზე პიესის დადგმა, მაგრამ ასეთი პიესა, როგორც ჩანს, ბუნებაში არ არსებობდა - ლიტერატურისა და ხელოვნების მოღვაწეებს ჯერ კიდევ უჭირდათ აგვისტოს მოვლენების მხატვრულად გააზრება, მხატვრულ სახეებში წარმოდგენა.

იმ დროს, როცა მწერლები და არტისტები ამ მხატვრულ სახეებზე ფიქრობდნენ, თბილისს რუს ხელოვანთა და საეკლესიო მოღვაწეთა დიდი დელეგაცია ესტუმრა, რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლის მიხეილ შვიდკოის ხელმძღვანელობით. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ”ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში შვიდკოი იტყვის, ჩვენს დანახვაზე ქართულმა ორკესტრმა ქართული მუსიკის შესრულება შეწყვიტა და ”პოდმოსკოვნიე ვეჩერა” დაუკრაო... ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოვასწარით. თუმცა არ არის გამორიცხული, შვიდკოი, რომლის შესახებ მოსკოვში ცნობილი ანეგდოტი დადის, - ”თანამშრომლებს ”გამარჯობას” რომ ეუბნება, მაშინაც ტყუისო”, - ამჯერად მართლაც ამბობდეს სიმართლეს. ომის დასრულებიდან სულ ორი თვის შემდეგ თბილისში გაიმართა ტრადიციული ”იუმორინა”, რომელზეც ბილეთები პირველ კონცერტამდე ათი დღით ადრე გაიყიდა.

სანამ თბილისში პუბლიკა მტრის ჯიბრზე იცინოდა... ან, უბრალოდ, იცინოდა (არავის ჯიბრზე), დასავლეთში ჩვენი თანამემამულეები ისევ ცდილობდნენ აეხსნათ მსოფლიოსთვის, რა მოხდა საქართველოში აგვისტოში და, რაც მთავარია, ეხმარებოდნენ ომის შედეგად დაზარალებულებს. სწორედ აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულებს მიეძღვნა 8 ნოემბერს ციურიხში ქართველი პიანისტების საქველმოქმედო კონცერტი... კონცერტი, რომლის ორგანიზატორს და ერთ-ერთ მონაწილეს, ირინა ვარდელს, რადიო ”თავისუფლება“ ტელეფონით დაუკავშირდა ციურიხში:
[ირინა ვარდელის ხმა] ”იდეა დამებადა აგვისტოში, ომის მსვლელობის დროს, როცა გავიგე რამდენი ლტოლვილი იყო თბილისში საბავშვო ბაღებში, სკოლების შენობებში. აქ, შვეიცარიაში, არსებობს ორგანიზაცია ”საქართველოს მეგობართა გაერთიანება”. მათ მივმართე დახმარებისთვის, რომ ასეთი კონცერტი ჩამეტარებინა.” (სტილი დაცულია)

ასე რომ, წლის მეორე ნახევარში, როცა კრიზისი კულტურის დარგში ხელოვნების თითქმის ყველა დარგს მოედო, გააქტიურდნენ ჩვენი თანამემამულეები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საახალწლოდ ზოგიერთი მათგანი თბილისში ჩამოვიდა: დიტო ცინცაძე - თავისი ახალი ფილმის პრემიერაზე, ანსამბლი ”შინ” - სატელევიზიო პროექტ ”ჯეოსტარის” კონცერტზე, ლიანა ისაკაძე, ალექსნადრე კორსანტია და სხვები - საახალწლო მუსიკალურ ფესტივალზე... ქართულმა კულტურამ ნელ-ნელა დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა.
XS
SM
MD
LG