Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირის მოვლენების მიმოხილვა


ახალი, 2009 წლის მოსვლის გარდა,

მიმდინარე კვირა სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებითაც გამოირჩეოდა და დღევანდელ მიმოხილვაში ჩვენ რამდენიმე მათგანს გავიხსენებთ.

1 იანვრიდან საქმიანობა დახურვის რეჟიმში განაგრძო ეუთოს მისიამ საქართველოში, რომელიც მუშაობის 16 წელიწადს ითვლის. შეგახსენებთ, რომ ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეუთოს, ამგვარი გადაწყვეტილება რუსეთის ერთპიროვნული გადწყვეტილების შედეგია. საქმე ის არის, რომ მოსკოვმა 22 დეკემბრის სხდომაზე გამოიყენა ვეტოს უფლება და ხელი შეუშალა კონსენსუსის მიღწევას მისიის საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მისაღებად კი ეუთოში 56-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. მოსკოვის პოზიციის მიხედვით, ”სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, მანდატის გაგრძელება უკანონოა. ვაჭრობის თემას სეპარატისტული რეგიონების სტატუსი რომ წარმოადგენდა, ეს რადიო ”თავისუფლებისთვის” მოცემულ ინტერვიუში დაადასტურა შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ეუთოში ჯული ფინლიმ:

[ჯული ფინლის ხმა] "რუსები ძალიან მედგრად ეწინააღმდეგებოდნენ ამ მანდატის გაგრძელებას, მისი ამჟამინდელი სახით. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთი მოითხოვდა მანდატიდან ამოღებულიყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ყოველგვარი ხსენება, რადგან ეს ცალკე ერთეულებია, ცალკე ტერიტორიებია და იქ მოქმედი ნებისმიერი მისია ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს. არადა, ამ საკითხს ასე მხოლოდ რუსეთი და ნიკარაგუა უყურებენ!"

რუსეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან აღშფოთების მთელი სერია მოჰყვა, თუმცა კრემლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. მეტიც, რუსეთი იმასვე უპირებს გაეროს მისიას საქართველოში, რომელმაც მანდატის მხოლოდ 2009 წლის 15 თებერვლამდე ერთგვარი ტექნიკური გაგრძელება მოახერხა. პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ მოსკოვი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, თავისი ავი ზრახვების დასამალავად, საერთაშორისო მეთვალყურეების ჩამოშორებას ცდილობს და ჯერჯერობით ახერხებს კიდეც.
თბილისს იმედი აქვს, რომ ეუთოს დახურულ მისიას საქართველოში სწორედ ევროკავშირის მეტი ძალისხმევა ჩაენაცვლება. იმასვე ვარაუდობს ეუთოს მისიის ხელმღვანელი საქართველოში ტერი ჰაკალა.

საქართველოს კიდევ ერთი დიდი იმედი უკავშირდება დოკუმენტს, რომლის ხელმოწერაც უკვე მეორედ გადაიდო. ლაპარაკია სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაზე, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უნდა გაფორმდეს. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, დოკუმენტი 2008 წლის ბოლოს უნდა გაფორმებულიყო, შემდეგ თარიღად 4 იანვარი დასახელდა, თუმცა მიმდინარე კვირაში გაირკვა, რომ ხელმოწერა კიდევ რამდენიმე დღით გადაიდო. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საქართველოსთან ხელმოსაწერი ქარტია უკრაინასთან ხელმოწერილის ანალოგიური იქნება.

აქვე ვთქვათ, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის სამომავლო სტრატეგიულ თანამშრომლობას 19 დეკემბერს მოეწერა ხელი. დოკუმენტი გულისხმობს ურთიერთობის გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარების სფეროებში, მაგრამ თუკი ტექსტს ყურადღებით წავიკითხავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ წინა პლანზე მაინც თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებები დგას. ორი ქვეყნის მიერ გაზიარებულ ფასეულობებს შორის დოკუმენტში მეტად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება. აქვეა მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

შეკითხვას, რატომ გადაიდო ქარტიის ხელმოწერა, ათასნაირი ეჭვი უკავშირდება. ექსპერტთა ნაწილი პროცესის გაჭიანურებას აბრალებს იმას, თითქოსდა ვაშინგტონმა და თბილისმა საერთო ვერ გამონახეს.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი კი ხელმოწერის გადადების ერთადერთ მიზეზად ასახელებს ახალი ძალით გამწვავებულ ურთიერთობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის:

(რონდელის ხმა) ”ეს არის გართულება ვითარების ახლო აღმოსავლეთში, ღაზას სექტორში, და, ფაქტობრივად, ქალბატონი კონდოლიზა რაისი იქ უნდა იყოს. ამის გამოა ყველაფერი ეს... ამის გამოა, რომ გადაიდო... ვითარება არის ძალიან დაძაბული და მთელი მსოფლიოს ყურადღება მანდ არის ახლა და ამერიკელები ცდილობენ, რომ განმუხტონ ვითარება. სწორედ ამის მსხვერპლი გახდა ეს ჩვენი მოსალოდნელი ხელმოწერა...” (სტილი დაცულია)

ალექსანდრე რონდელი გამორიცხავს ვაშინგტონსა და თბილისს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმის ჩაშლას და დარწმუნებულია, რომ დოკუმენტს ხელი პირველი შესაძლებლობისთანავე მოეწერება.

მიმდინარე კვირის მთავარ მოვლენებს შორის არის სახალხო დამცველის გამოსვლა პარლამენტში. სოზარ სუბარმა დეპუტატებს 2008 წლის პირველი ნახევრის ანგარიში 30 დეკემბერს წარუდგინა და საანგარიშო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ნიშნად პოლიტიკური ოპოზიციის დევნა დაასახელა - პროცესი, რომელიც, მისი თქმით, 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შემდეგ დაიწყო. გაირკვა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა 14 საქმე შეისწავლა. დასახელდა კონკრეტული გვარებიც:

(სუბარის ხმა) ”მე პირადად ვინახულე რამდენიმე მათგანი და კარგად ვიცი, როგორ სასტიკად იყვნენ ნაცემი. პრაქტიკულად, დღეების და ზოგიერთ მათგანს რამდენიმე კვირის განმავლობაში მოძრაობა და საწოლიდან ადგომაც არ შეეძლო... ზოგჯერ ხდებოდა მსხვერპლის გატაცება, თავზე პარკის ჩამოცმა ან წებოვანი ლენტით შებორკვა და ავტომანქანაში ძალით ჩასმა. თავდამსხმელები ხმარობდნენ რეზინის ხელკეტებს, ბეისბოლის ჯოხს და რკინის ნაჭრებს ცემის დროს.” (სტილი დაცულია)

სახალხო დამცველი ადამიანების ცემას სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს და იმის საილუსტრაციოდ, რომ პოლიტიკა უმაღლეს ეშელონებში იგეგმება, პარლამენტის წინაშე პირველად ახმაურებს საიდუმლო თათბირის დეტალებს:

(სუბარის ხმა) ”2007 წლის 4 ნოემბერს ჩატარდა თათბირი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდა ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი. ესენი იყვნენ: მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსი დათა ახალაია, რომელიც იმ დროს არსად არ მუშაობდა ოფიციალურად. სხდომის მასპინძელმა ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს გააცნო ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა. კერძოდ, მათ უნდა შეედგინათ მიტინგში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მომიტინგეები უნდა ეცემათ, ძირითადად, თირკმელებში და მუცელში, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში (ღიმილით დაამატა), სახეშიც შეიძლებოდა ცემა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის, განსაკუთრებით ”მოშავო ტიპებისთვის”, ნარკოტიკები უნდა ჩაედოთ. ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი დავით კეზერაშვილი მიხედავდა. მინისტრმა ცემის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა: ”აქტიური მომიტინგეები აქტიურად დაიწყებენ ბლატაობას, განსაკუთრებით - რეგიონებიდან ჩამოსულები. ხოლო გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას.” ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინების ხმარებისთვის, მაგრამ ეს არის ზუსტი ციტირება, რაც იქ, იმ შეხვედრაზე, ითქვა.” (სტილი დაცულია)

ამ ინფორმაციის წყაროს დასახელება საპარლამენტო უმრავლესობამ სოზარ სუბარს 30 დეკემბერს არაერთხელ სთხოვა, მაგრამ სახალხო დამცველმა თქვა, რომ მტკიცებულებებს მხოლოდ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გადასცემს, თუკი ის, რა თქმა უნდა, შეიქმნება.

უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატებმა სახალხო დამცველის გამოსვლა პოლიტიკოსის მიერ ქულების მოგროვების მცდელობად შეაფასეს. ასეთი იყო დეპუტატ აკაკი მინაშვილის გამოსვლაც:

(მინაშვილის ხმა) ”ეს ადამიანი, ბატონი სოზარ სუბარი, არის პოლიტიკოსი. ჩემი პოზიციაა, რომ ბატონმა სოზარმა ეს თანამდებობა გამოიყენა იმისთვის, რომ გაეგრძელებინა ან გაეფართოებინა თავისი პოლიტიკური კარიერა ადამიანების უფლებების ხარჯზე.” (სტილი დაცულია)

ბოლო დროს ატეხილი მითქმა-მოთქმის ფონზე, სახალხო დამცველის სამომავლო გეგმებით საპარლამენტო ოპოზიციაც დაინტერესდა. სოზარ სუბარმა არ დამალა, რომ პოლიტიკაში წასვლას აპირებს, მაგრამ არა დღეს ან ხვალ:

(სუბარის ხმა) ”ოთხი წელია მე ამას ვისმენ, რომ პოლიტიკაში ვაპირებ გადასვლას, რომ ან პოლიტიკური ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ ვარ, ან უმრავლესობის ზეწოლის ქვეშ ვარ... ეს ყველაფერი აბსოლუტურად არ იყო სიმართლე, ისევე როგორც არავითარი განცხადება პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ რამდენიმე თვის წინ არ გამიკეთებია... მე ბოლო პერიოდში ვამბობ,- გადავწყვიტე და იმიტომ ვამბობ ბოლო პერიოდში, - რომ როცა დავამთავრებ მე ჩემს მუშაობას სახალხო დამცველის პოსტზე, გადავალ პოლიტიკაში და ეს, მე მგონი, არ არის აკრძალული. მანამდე კი ეს არანაირად არ აისახება ჩემს არც განცხადებებში, არც მოქმედებაში.” (სტილი დაცულია)
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარი 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენებით პარლამენტის წინაშე 30 დეკემბერს წარდგა. 90 ხმით 13-ის წინააღმდეგ პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში ცნობად მიიღო. ჩავარდა საპარლამენტო ოპოზიციის ალტერნატიული დადგენილების პროექტი, რომლითაც ოპოზიცია სუბარის ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტების გამოძიებასა და ამ გამოძიებაზე პარლამენტის მონიტორინგს ითხოვდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG