Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ''ხანგრძლივი ბრძოლისთვის'' ემზადება, უცხოელი შუამავლები მხარეებს ზავისკენ მოუწოდებენ


ღაზის სექტორში მესამე დღეა გრძელდება ისრაელის სახმელეთო იერიში, რომელიც მანამდე ერთი კვირით ადრე, 27 დეკემბერს დაწყებულ საჰაერო რეიდებს დაემატა.

ისრაელი სამხედრო ოპერაციის მიზნად ასახელებს მოძრაობა “ჰამასის” ობიექტების განადგურებას, რათა ბოლო მოუღოს მის სარაკეტო იერიშებს ისრაელის ტერიტორიაზე. მაგრამ ღაზის სექტორში მილიონნახევრამდე პალესტინელი სამოქალაქო პირიც ცხოვრობს, - ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად, ბრძოლის ველზე აღმოჩნდნენ.

პალესტინელებს შორის მსხვერპლის რიცხვი 500-ს აღემატება - დაღუპულთა შორის არიან სამოქალაქო პირები, ქალები და ბავშვები. არადა, ბრძოლა საწყის ეტაპს არ გასცდენია: ისრაელი ხანგრძლივ სამხედრო კამპანიაზე ლაპარაკობს, "ჰამასის" სარაკეტო იერიშებისთვის ბოლოს მოღების მიზნით.

[ეჰუდ ბარაკის ხმა] “ამ დროისთვის ჰამასს ჩვენგან ძალიან მძიმე დარტყმა აქვს მიღებული, მაგრამ ჯერ ჩვენს მიზანს უნდა მივაღწიოთ და საამისოდ- ოპერაცია გრძელდება.”

ეს სიტყვები დღეს წარმოთქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა, და თუ ისრაელის არმიამ გადაწყვიტა შეჭრა ქალაქ ღაზაში - მის ვიწრო ქუჩებში - თითოეული სახლისთვის სისხლისმღვრელი ბრძოლაა მოსალოდნელი, და შესაბამისად, მრავალრიცხოვანი მსხვერპლი როგორ სამხედროების, ისე სამოქალაქო პირების რიგებში.

პალესტინელთა ოფიციალური წარმომადგენელი საებ ერექათი უკვე “ჰუმანიტარულ კატასტროფაზე” ლაპარაკობს:

[საებ ერექათის ხმა] "დღეს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ჰუმანიტარული კატასტროფა. ღაზაში მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ერთ კვადრატულ მეტრზე ექვსი სული მოსახლე მოდის. ეს ხალხი უწყლობაში ცხოვრობს, სამედიცინო მომსახურების გარეშე, ელექტრომომარაგების გარეშე. ასე რომ, ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას ეს ხალხი, ჩვენი ხალხი ღაზაში... იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად იმოქმედებს და იქ პასუხისმგებლობას იტვირთავს."

დღესვე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია რეგიონში ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ "ხანგრძლივი ბრძოლის" ნაწილია. ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ლივნიმ თქვა, რომ ისრაელი ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და ყოველ ღონეს ხმარობს ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თავის მხრივ, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ შვარცენბერგმა, კმაყოფილება გამოთქვა თავის ისრაელ კოლეგასთან მოლაპარაკების გამო.

[კარელ შვარცენბერგის ხმა] "ჩვენ უაღრესად ღია და გულახდილი საუბარი გვქონდა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს გავაცანით ევროპის კავშირის პოზიცია, რომ ცეცხლის შეწყვეტას რაც შეიძლება მალე უნდა მივაღწიოთ; ვთქვით ისიც, რომ ჯერ, ცხადია, ბოლო უნდა მოეღოს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმებს."

ვიდრე ისრაელში ჩავიდოდა, კარელ შვარცენბერგი ეგვიპტეს ეწვია და იქ მოლაპარაკება გამართა ამ ქვეყნის ლიდერებთან, რომლებსაც კავშირი აქვთ როგორც "ჰამასის", ისე მასთან დაპირისპირებული მეორე პალესტინური ორგანიზაციის, "ფათაჰის" ხელმძღვანელებთან.

სამშვიდობო ძალისხმევის თვალსაზრისით ქაიროს მართლაც საკვანძო მნიშვნელობის როლი ერგო: შვარცენბერგის გარდა დღეს იქ ცალკე - საკუთარი სამშვიდობო მისიით - ჩაფრინდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც. თუმცა სარკოზი ევროკავშირის ოფიციალურ ძალისხმევასთან კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეგვიპტეში დელეგაცია გაგზავნა "ჰამასმაც": არაბულენოვანი ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" "ჰამასის" ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს ვიზიტი პასუხია “დისკუსიაში” ევგიპტის მიწვევაზე.

"ჰამასი" ცდილობს, არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას ზავი ესაჭიროებდეს, მაგრამ ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პალესტინელების გასამხედროებული მოძრაობა სწორედ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს...

ასეა თუ ისე, უცხოეთში ძალიან ხშირად ისმის მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ: შაბათს ეს მოწოდება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა. დღეს თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ალი ბაბაჯანმა - ანკარაში სირიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. ამავე მოწოდებით მიმართა ღაზაში დაპირისპირებულ მხარეებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამ.

დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მან თქვა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ნებისმიერი საზავო შეთანხმება უნდა შეიცავდეს პირობას, რომ "ჰამასმა" ვეღარ შეძლოს ღაზის გამოყენება სარაკეტო იერიშების განსახორციელებლად."

ისრაელსა და პალესტინელებს “მტკიცე” ზავისაკენ მოუწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმაც, რომელმაც ღაზის კრიზისის გამო, ჩინეთში ვიზიტი გააუქმა. და გაუქმდა არა მარტო ჩინეთში მისი ვიზიტი - გავრცელებული ინფორმაციით, რაისის სამუშაო გრაფიკის შეცვლის გამო გადაიდო ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერა, რომელიც 4 იანვრისთვის იყო დაგეგმილი. ბოლო ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონია 9 იანვარს ვაშინგტონში უნდა გაიმართოს. 20 იანვრიდან კი შეერთებულ შტატებს, როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტი ეყოლება. თეთრი სახლის ადმინისტრაციის შეცვლისთვის მზადება ღაზის სექტორში მწვავე კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG