Accessibility links

logo-print

ექნება თუ არა აფხაზეთს საერთაშორისო სატელეფონო კოდი?


რუსეთის მედიით გავრცელებული ცნობით, 2009 წელს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა საკუთარ სატელეფონო კოდს მიიღებს.

შედეგად, როგორც რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში განმარტავენ, აფხაზეთი დანარჩენ სამყაროს, საქართველოს ნაცვლად, რუსეთის არხებით დაუკავშირდება. საკითხავია, შესაძლებელია თუ არა თვითაღიარებული რესპუბლიკისათვის საერთაშორისო სატელეფონო კოდის მინიჭება.

ვიდრე რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და თვითაღიარებული აფხაზეთის მთავრობის განზრახვა საქმედ იქცევა, აფხაზეთთან სატელეფონო კავშირი კვლავინდებურად საქართველოს საერთაშორისო სატელეფონო კოდის - ცხრა-ცხრა-ხუთის - საშუალებით ხორციელდება.

(ისმის ტელეფონის ხმა)

ამასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტთან დასაკავშირებლად საჭიროა სამნიშნა საქალაქთაშორისო კოდის - ოთხი-ოთხი-შვიდისა - და ტელეფონის პირადი ნომრის აკრეფა. კომუნიკაციის ამგვარი გზით არაერთხელ უსარგებლია რადიო ”თავისუფლებას“, რომელიც კომენტარის მისაღებად სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებსაც უკავშირდებოდა.

(ისმის ხმა: „გამარჯობა, ბატონო ქიშმარია...“)

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სულ მალე, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ძალისხმევით, რესპუბლიკა დანარჩენ სამყაროს საქართველოსგან დამოუკიდებლად დაუკავშირდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული მასობრივი ინფორმაციისა და კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა კრისტიან ბჟანიამ განუცხადა, თუმცა აფხაზეთის სატელეფონო კოდის შეცვლას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეუძლებლად მიიჩნევენ. მიხეილ გოთოშიას, კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, განმარტებით, სატელეფონო კოდის მინიჭების საკითხს წყვეტს ელექტროკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი ”აი-თი-იუ”, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამყვანი დაწესებულებაა ინფორმაცია-კომუნიკაციის სფეროში და მსოფლიოს 195 ქვეყანას აერთიანებს:

[მიხეილ გოთოშიას ხმა] „რადგანაც მსოფლიოს სხვა ქვეყნები არ აღიარებენ ამ ორ სუბიექტს, ყველა ზარი, რომელიც იქნება განხორციელებული აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, წინ აიკრიფება 995 , რაც გახლავთ საქართველოს კოდი, და შემდეგ უკვე ეს ზარები შევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.“(სტილი დაცულია)

საქართველო ”აი-თი-იუს”, ანუ ელექტროკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის, წევრი 1993 წლიდანაა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ გაეროს აღიარების გარეშე აფხაზეთის საერთაშორისო სატელეფონო კოდის შეცვლა შეუძლებელია. დეპუტატის თქმით, რუსეთს სულ სხვა მიზანი ამოძრავებს:

[შოთა მალაშხიას ხმა] „ცხადია, ისევ ანექსიის გაგრძელებაა, ოღონდ ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ამდაგვარი ქმედებები არის ტელესაკომუნიკაციო სივრცეში, საბანკო სისტემაში, იმიტომ რომ აფხაზეთისთვის ცალკე კოდის მინიჭების უფლება რუსეთს არ აქვს. ამიტომ როგორც რუსეთის რეგიონი, ისე დაფიქსირდება.“(სტილი დაცულია)

შოთა მალაშხიას ამ მოსაზრებას იზიარებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა დავითაია, რომლის თქმითაც, რუსეთი არც ცდილობს აფხაზეთისათვის საერთაშორისო სატელეფონო კოდის მინიჭებას:

[პაატა დავითაიას ხმა] „სავარაუდოდ, ისინი ხელშეკრულების საფუძველზე მიანიჭებენ გარკვეულ კოდს, ალბათ, 250-ს, რაც რუსეთის სისტემაში შედის. ამის შემდეგ ის ქართული ზარები, რაც შედიოდა თბილისიდან 995-ის საშუალებით, ეს შეიცვლება, სავარაუდოდ, რუსეთის კოდით, ანუ 7-იანით.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებას ოფიციალური თბილისი უპასუხოდ არ დატოვებს. შოთა მალაშხიას თქმით, სამ თვეზე მეტია, რაც საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მოქმედებს:

[შოთა მალაშხიას ხმა] „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს ყველანაირ არამომგებიან ეკონომიკურ საქმიანობასაც კი, რომელიც არ იქნება შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან. გარდა ამისა, იმ პიროვნებებზე, რომლებიც ხელს აწერენ ოფიციალურ დოკუმენტაციას, ინტერპოლით გამოცხადდება ძებნა.“(სტილი დაცულია)

თუმცა, შესაძლოა, აფხაზეთის სატელეფონო კოდის შეცვლისას რუსეთს მხოლოდ ლოკალური ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები არ ამოძრავებდეს. საკითხავია, რას შეცვლის საქართველოს სპეცსამსახურებისთვის რუსეთის მთავრობის ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა. ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი განმარტავს:

[ბესიკ ალადაშვილის ხმა] „ეს ცოტა გაართულებს ინფორმაციის მიღებასა და მოსმენას, თუმცა მოსმენის სხვა საშუალებებიც არსებობს და შეიძლება მათი გამოყენება. თუმცა რეალურად გართულდება, მაგრამ შეუძლებელი არ იქნება. ცოტა მეტი გარჯა და თავის შეწუხება მოუწევთ ჩვენს სამსახურებს.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG