Accessibility links

მოსკოვი საერთაშორისო მეთვალყურეების დაბლოკვას განაგრძობს, თბილისს კი ისევ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედი აქვს


მას შემდეგ, რაც, რუსეთის წინააღმდეგობის შედეგად, ეუთოს მისიას საქართველოში მანდატი აღარ გაუგრძელდა, გაჩნდა რეალური ეჭვი,

რომ სულ მალე გაეროს მანდატსაც იგივე ბედი ეწევა. საკითხის განხილვამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება და გამოსავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოინახება, თუკი საქართველო შეძლებს და რუსეთს კონფლიქტში მონაწილე მხარედ წარმოაჩენს. პარალელურად, დიდი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის წარმომადგენლობის გაფართოებას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში. როგორ აფასებენ თბილისის შანსს პოლიტოლოგები და რა როლის თამაში შეუძლია ამერიკას საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების გზაზე?

15 თებერვალს იწურება 4-თვიანი ვადა, რომლის მანძილზეც გაეროს მანდატის მხოლოდ ტექნიკური გაგრძელება მოხერხდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ბან კი მუნის მითითებით, ამ ვადაში უნდა გაირკვეს, თუ რა ფორმით გააგრძელებს გაერო 14-წლიან მუშაობას აფხაზეთის რეგიონში. კრემლი ხელს უშლის გაეროს მანდატის არსებული ფორმით გაგრძელებას და მოითხოვს, რომ, თუკი ორგანიზაციის მეთვალყურეები აფხაზეთის ტერიტორიაზე იმუშავებენ, მისიის სახელწოდებაში მითითებული უნდა იყოს არა ”საქართველო”, არამედ ”აფხაზეთი”, როგორც მოსკოვის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო. კრემლის სურვილები 24 დეკემბერს ვიტალი ჩურკინმაც გაახმოვანა, რუსეთის ელჩმა გაეროში.

საკითხისადმი ამგვარ მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება თბილისი, რადგანაც დათმობა ამ შემთხვევაში სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი იქნება.

ვეტოს უფლებით აღჭურვილი რუსეთი კი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, საკითხის დაბლოკვას აუცილებლად მოახერხებს, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა მას ქმედით ბერკეტს არ დაუპირისპირებს. თბილისი ცდილობს მოიპოვოს მხარდაჭერა და შეძლოს რუსეთის წარმოჩენა, როგორც კონფლიქტში მონაწილე მხარისა. ამ შემთხვევაში მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ ამისათვის შესაბამისი ბაზა უკვე არსებობს:

(მალაშხიას ხმა) ”...ეს არის ყველა საერთაშორისო დონეზე მიღებული დოკუმენტები - ეუთო, ევროკავშირი... ყველა ამ დოკუმენტში წერია, რომ რუსეთი არის კონფლიქტში მონაწილე მხარე. გარდა ამისა, რუსეთს მოუწოდებენ, უკან წაიღოს დამოუკიდებლობის ცნობა და ის, როგორც სუბიექტი, რომელმაც ცნო ეთნოწმენდა, როგორც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ეს უკვე იმაზე მეტია, რასაც ჰქვია კონფლიქტის მონაწილე მხარე. ეს არის დამნაშავე მხარე, რომელიც აქ შეფასებებს იძლევა... და გარდა ამისა, ჩვენ ეს საკითხები გვაქვს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც რუსეთს, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარეს, ვედავებით ჩადენილი დანაშაულებების გამო.” (სტილი დაცულია)

რუსეთის კონფლიქტის მხარედ გამოცხადებისთვის უეჭველ საფუძველს პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილიც ხედავს, თუმცა ეეჭვება, რომ მტკიცე და ერთიანი პოლიტიკური ნების გარეშე საერთაშორისო საზოგადოება რუსეთთან დაპირისპირებას შეძლებს. ხუციშვილი ფიქრობს, რომ სწორედ ამ ფაქტორის არარსებობამ ჩააგდო 22 დეკემბერს ეუთოს მანდატის გაგრძელების საკითხიც. სხვა შემთხვევაში ერთი რუსეთი ეუთოს დანარჩენ 55 ქვეყანას ვერ მოუგებდა:

(ხუციშვილის ხმა) ”ერთიანობა რომ ყოფილიყო და რუსეთი ყოფილიყო იზოლაციაში, ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. იმიტომ რომ არსებობს ფორმალური წესები და არსებობს კიდევ რაღაც შეთანხმებული პროცედურები... თუ 55 ქვეყანა ამბობს - ”არა” და მარტო რუსეთი ამბობს - ”კი”, რომ ასე მინდაო, ეს არ გავა... ამიტომ, თუ მოხდება საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული აქტივირება და გარკვეულ პლათფორმაზე მათი გაერთიანება, სერიოზული ბერკეტი იქნება, რომ რუსეთმა თავისი ინტერესები ვერ გაიტანოს.” (სტილი დაცულია)

თუკი რუსეთი გაეროში თავისი სურვილის გატანას მაინც მოახერხებს და ეუთოს შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად სათარეშოდ, კიდევ ერთ საერთაშორისო მეთვალყურეს ჩამოიშორებს, საქართველოს ერთადერთი იმედი ევროკავშირი რჩება. მეთვალყურეების მისიის გაფართოების გარდა, შოთა მალაშხია სავსებით რეალურად მიიჩნევს საქართველოში ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსისა და პოლიციური ძალების განთავსებას. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ჩეხეთის რესპუბლიკასთან, რომელმაც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან უკვე გადაიბარა.

ევროკავშირის მხარდაჭერის განმტკიცების გზაზე საერთაშორისო სამართლის ექსპერტი ვახტანგ მაისაია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის პოზიციას:

(მაისაიას ხმა) ”ევროპამ გაუშვა სიგნალი, რომ ობამა მისაღები კანდიდატურაა ევროპისათვის და ამიტომ ამერიკის პოზიცია იქნება საკვანძოდ მნიშვნელოვანი... მით უმეტეს, რომ ისეთ მყიფე გეოპოლიტიკურ არეალში, როგორიც კავკასია და, ვთქვათ, ჩვენი ქვეყანაა, აქ ამერიკასა და ევროკავშირს მოუწევთ მჭიდრო მუშაობა, ეს ბუნებრივია... და ქარტია, რომელსაც მოეწერება ხელი ვაშინგტონში, ამის ერთგვარი წინაპირობა იქნება.” (სტილი დაცულია)

ქარტიას, რომელიც ვახტანგ მაისაიამ ახსენა, საქართველოსა და ამერიკას შორის ხელი, სავარაუდოდ, 9 იანვარს მოეწერება. პოლიტოლოგები დოკუმენტს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობისა და თბილისისადმი ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერის გარანტად მიიჩნევენ. მათი აზრით, ყოველივე ამას ევროკავშირიც აუცილებლად გაითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG