Accessibility links

logo-print

რუსეთ-უკრაინის დავა გაზის ფასების გამო


უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსეთის გაზის მიწოდება პრაქტიკულად შეწყდა.

ამის მიზეზია მოსკოვსა და კიევს შორის დავა გაზის ფასების გამო. ევროპის ათ ქვეყანაში სრულიად შეწყდა რუსეთის გაზის მიწოდება. დანარჩენები აცხადებენ, რომ გაზით მომარაგება ორი მესამედით შემცირდა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ შექმნილი ვითარებისთვის.

უგაზოდ დარჩენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაბრაზებულები მოითხოვენ რუსეთისგან და უკრაინისგან უთანხმოების მოგვარებას და გაზის მიწოდების განახლებას.

ბულგარეთი, რომელიც მთლიანად რუსეთის გაზზეა დამოკიდებული, იძულებული გახდა, სკოლები და საწარმოები დაეხურა მას მერე, რაც ქვეყანას სრულიად შეუწყდა რუსეთიდან გაზის მიწოდება.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი სტანიშევმა სამშაბათს სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოხატა იმედგაცრუება, რომელსაც მრავალი ადამიანი იზიარებს ევროპაში:

[სტანიშევის ხმა] "ნათელია, რომ პრაქტიკულად მთელი ევროპის კავშირი, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, გაზპრომსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მძევლებად იქცნენ. ისინი ვერ თანხმდებიან გაზის თაობქაზე 2009 წლის კონტრაქტზე. ჩვენთვის ეს მიუღებელია."

სამშაბათს დაიხურა სამი გაზსადენი ოთხიდან, რომელთა მეშვეობით უკრაინის გავლით მიეწოდება ევროპას რუსეთის გაზი. ოთხშაბათს დილას კი გაზის გადატუმბვა შეწყდა დარჩენილი მეოთხე მილსადენითაც.

უკრაინის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები რუსეთს სდებენ ბრალს შექმნილი ვითარებისთვის. რუსეთი კი აცხადებს, რომ გაზის ტრანსპორტირება უკრაინამ შეწყვიტა.

სულ ცოტა ევროპის ათმა სახელმწიფომ დაადასტურა, რომ რუსეთიდან გაზის მიღება შეუწყდა. იმავე მდგომარეობაში არიან თურქეთი და ბალკანეთის ქვეყნები.

როგორც იტყობინებიან, ოთხშაბათს სერბიაში მოსახლეობას გაზით მომარაგება შეუმცირდა გაზის მარაგის შესანახად იმ შემთხვევისთვის, თუკი გაზის იმპორტის შეფერხება დიდხანს გაგრძელდება.

ბოსნიაში სარაევოს გაზის კომპანიის წარმომადგენლის, ადის სალკიჩის თქმით, უკვე მიმდინარეობს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის პროცესი:

[სალკიჩის ხმა] "გაზის ყველა დიდმა მომხმარებელმა და იმათ, ვისაც ალტერნატიული საწვავის მოხმარების საშუალება აქვს, უკვე დაიწყო ან ემზადება ალტერნატიული საწვავის გამოსაყენებლად."

მართალია, ერთი კვირის წინ ევროკავშირის ერთიანი ენერგოპოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა, მაგრამ კავშირის ინდივიდუალურმა წევრებმა ცალმხრივი წესით დაიწყეს მოქმედება გაზის კრიზისის მოსაგვარებლად.

ზოგმა ქვეყანამ თავის სარეზერვო მარაგს მიმართა იმის იმედით, რომ კრიზისი დიდხანს არ გასტანს და გაზის ახალი იმპორტის გარეშე გაძლებს ამ ხნის მანძილზე.

როგორც იტყობინებიან, ჩეხეთის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, ცალმხრივი წესით აწარმოებს მოლაპარაკებას მოსკოვთან, რათა რუსეთიდან გაზი იამალის გაზსადენის მეშვეობით მიიღოს პოლონეთისა და ბელორუსიის გავლით.

უნგრეთმა გამოაცხადა, რომ გაზით მომარაგებას უზღუდავს ქარხნებსა და ფაბრიკებს, რათა დარჩენილი აირი მოსახლეობისთვის შეინახოს.

რუსეთი და უკრაინა ხუთშაბათს განაახლებენ მოლაპარაკებებს. მაგრამ ამ დავის გარშემო შექმნილი ატმოსფერო უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ რაიმე სახის სწრაფი შეთანხმების მიღწევა ძალზე ძნელი იქნება.

ოთხშაბათს კი გაზპრომის წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:

[კუპრიანოვის ხმა] "გაზის მოცულობები, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული უნებართვოდ იქნა აღებული უკრაინის კომპანია ნაფტოგაზის მიერ ტრანზიტული მოცულობიდან, რომელიც ევროპელი მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი, ჯერაც არ დაუბრუნებიათ. ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ნავთოგაზმა ტექნოლოგიური საჭიროებების საბაბით მოიპარა კიდევ 21 მილიონი კუბური მეტრი გაზი. ასეთ პირობებში იძულებული ვართ, გაზის მიწოდება კიდევ 21 მილიონით შევამციროთ."

რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ ეცდება, ევროპას ბუნებრივი აირის ნაწილი უკრაინისთვის გვერდის ავლით მიაწოდოს ორი სხვა გაზსადენის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG