Accessibility links

logo-print

საქართველოში შობის დღესასწაული აღნიშნეს


7 იანვარს საქართველოში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს.

დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა საზეიმო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, ხოლო მორწმუნეთა იმ ნაწილმა, ვინც შობის ღამეს ეკლესიებში მისვლა ვერ მოახერხა, პატრიარქის მოწოდების შესაბამისად, სარკმლებში ანთებული სანთლები გამოდგა. წლევანდელ შობას არც ალილოს - მახარობელთა საზეიმო მსვლელობისა და შეჭირვებული მოქალაქეებისთვის სურსათ-სანოვაგის შეგროვების -გარეშე ჩაუვლია.


7 იანვარს საშობაო ლიტურგია საქართველოში მდებარე ყველა მოქმედ მართლმადიდებელ ტაძარში აღევლინა. საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები შობას ყველაზე დიდ დღესასწაულად მიიჩნევენ, რადგანაც, მათივე თქმით, ქრისტეს დაბადებით კაცობრიობას უფლისკენ მიმავალი გზა გაეხსნა:

[მამაკაცის ხმა] „ვზეიმობთ იმ სიხარულს, რომელიც 2008 წლის წინ ბეთლემის გამოქვაბულში იზეიმა კაცობრიობამ და ანგელოზებმა უგალობეს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“

მოქმედი ტაძრების გარდა, შობის დღესასწაულს მორწმუნეები ოჯახებშიც აღნიშნავენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდების შესაბამისად, შობის დადგომას მართლმადიდებლები ფანჯრებში გამოდგმული ანთებული სანთლებით ხვდებიან. ინგა გავაშელი, ვისაც რადიო ”თავისუფლება“ რუსთაველის გამზირზე გამოელაპარაკა, ამბობს, რომ ტრადიცია წელსაც არ დაურღვევია:

[ინგა გავაშელის ხმა] „ანთებულ სანთელს უფალი ხედავს და შემოდის შენთან, თუ გულწრფელი ხარ და ლოცულობ. ჩემთვის შობა სასწაულსაც უკავშირდება...“

ინგა გავაშელი იმასაც ამბობს, რომ შობის ღამე სასწაულებისა და ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენის დროა:

[ინგა გავაშელის ხმა] „მე პირადად ვლოცულობ მსოფლიო მშვიდობისთვის. მინდა, რომ მშვიდობა იყოს. ჯერ საქართველო-რუსეთის ომმა გადამიყოლა, ახლა ისრაელის ამბები მიკლავს გულს. ჩემი და ცხოვრობს იქ.“

მშვიდობასთან დაკავშირებულ პრობლემებს საქართველოს საპატრიარქო, სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად, ჯერ კიდევ შობის დადგომამდე გამოეხმაურა. დეკანოზ დავით შარაშენიძის თქმით, წერილის უპირველესი ადრესატები ისრაელისა და პალესტინის ლიდერები არიან:

[დავით შარაშენიძის ხმა] „დარწმუნებული ვართ, რომ არ არსებობს პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის დიალოგზე უკეთესი გზები არსებობს. მოვუწოდებთ დაპირისპირებულ მხარეებს, სანამ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები. მივმართავთ მსოფლიოს პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, შესაძლებლობისამებრ გააკეთონ ყველაფერი, რათა თავიდან იქნას აცილებული ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გაღრმავება და მოსალოდნელი კატასტროფა.“(სტილი დაცულია)

მშვიდობასა და სხვა გლობალურ პრობლემებზე ბევრია ნათქვამი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეშიც, რომლის შინაარსი სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააცნო, თუმცა საქართველოსათვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე - ტერიტორიული მთლიანობის პროლემაზე - თავად პატრიარქმა ილაპარაკა:

[ილია მეორის ხმა] „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ქრისტეს შობის დღეს. ეს მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ღმერთი დაგვიბრუნებს ამ ძირძველ ქართულ მიწას. მე მინდა ვთქვა, რომ თვითონ აფხაზები და ოსები მივლენ იმ დასკვნამდე და გაიგებენ, რომ მათი გადარჩენა მხოლოდ საქართველოს ფარგლებშია შესაძლებელი.“

მოგვიანებით, საზეიმო წირვის დასრულებისა და ზიარების მიღების შემდეგ, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ტრადიციის თანახმად, საზეიმო მსვლელობის - ალილოს - მთავარი მოქმედი პირები იყვნენ "მახარობლები", რომლებიც გამვლელებს ქრისტესშობას ულოცავდნენ და აგროვებდნენ სხვადასხვა სახის სანოვაგეს ზრუნვას მოკლებული ბავშვებისა და ხელმოკლე ოჯახებისათვის.

[ქალბატონის ხმა] „დიდი დღესასწაულია. ბედნიერი ყოფილიყოს საქართველოსთვის.“

[ბავშვის ხმა] „ ალილოში ვმონაწილეობ. შემოწირულობები უნდა წავუღოთ სხვა ბავშვებს. აქედან სამების ტაძარში მივდივართ, გზად შემხვედრებს ვულოცავთ შობას და კამფეტებსა და სხვა ნუგბარს ვკრეფთ.“

[ქალბატონის ხმა] „მიგვაქვს კამფეტები, ხილი და ვულოცავთ ყველას შობას, რომელიც უდიდესი დღესასწაულია და ყველას ვულოცავთ.“

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეც, რომელიც 7 იანვარს გამოქვეყნდა, მთავრდება ერთგვარი მოწოდებით, რომ ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს; რომ ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა და უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დადასტურება. ნიშანდობლივია ისიც, რომ 21 საუკუნის წინ არა საზოგადოების რჩეულნი, - მწიგნობარნი, ფარისეველნი ან უხუცესნი, - არამედ უბრალო მწყემსები გახდნენ ღირსნი, მოესმინათ ანგელოზთა საოცარი საგალობელი: ”დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
XS
SM
MD
LG