Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეწყდა საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში რუსეთის გაზის ტრანზიტი?


ევროპის ქვეყნების შემდეგ, რუსეთის ბუნებრივი აირის გარეშე სომხეთიც დარჩა.

თუ ევროპას რუსეთმა გაზის მიწოდება უკრაინასთან წარმოქმნილი უთანხმოების გამო შეუწყვიტა, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი საქართველოზე გამავალ მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო შეფერხდა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, დაზიანებული მილსადენის აღდგენას დაახლოებით 5 დღე დასჭირდება.

„საქართველომ გადაწყვიტა გაყინოს სომხეთი“ - რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ასეთი სათაურებით გაავრცელეს ცნობა საქართველოს მიერ სომხეთში რუსეთის გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ. თუმცა გაირკვა, რომ სომხეთისთვის გაზის შეწყვეტა მაგისტრალურ გაზსადენზე გარდაბნის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგია და არა ოფიციალური თბილისის პოლიტიკა. ავარიის ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური. მისი განცხადებით, გაზსადენის დაზიანება კოროზიამ და მაღალმა წნევამ გამოიწვია:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „ათასმილიმეტრიან მილსადენზე არის დაზიანება. შესაბამისად,გაზის გაჟონვა არის საკმაოდ დიდი. ამიტომ დღეს დილას სომხეთში ტრანზიტი შევწყვიტეთ მთლიანად - რუსეთის გაზის ტრანზიტი, საერთოდ. გადაკეტილია მილი და ვიწყებთ ამ მილსადენის აღდგენას. აღდგენით სამუშაოებს, წინასწარი შეფასებით, დასჭირდება სადღაც ხუთი დღე და, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ტრანზიტი აღარ განხორციელდება.“ (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში რუსეთის გაზის ტრანსპორტირების შეწყვეტა ევროპაში გაზის კრიზისს დაემთხვა, საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ოპონენტი ექსპერტი გია ხუხაშვილიც კი გამორიცხავს, რომ საქართველომ გაზის ონკანი პოლიტიკური მიზნით გადაკეტა:

[გია ხუხაშვილის ხმა] „ვფიქრობ, რომ ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ძალიან უცნაური იქნებოდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, რომ სამხრეთ ოსეთიც კი მოამარაგოს გაზით, ამ ფონზე რომ შეეწყვიტა სომხეთისთვის გაზი. მე ვფიქრობ, რომ ეს წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემაა და ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი არგუმენტი.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ინფორმაციის თანახმად, მაგისტრალური გაზსადენის იმ მონაკვეთის შეკეთება, რომელზეც ავარია მოხდა, გაზაფხულისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ, მილსადენში გაზრდილი წნევისა და კოროზიის შედეგად მომხდარი ავარიის გამო, მილსადენის აღდგენითი სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დაიწყო. სპეციალისტების განცხადებით, მილსადენის შეკეთება, სავარაუდოდ, 5 დღეში დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება სომხეთში რუსეთის გაზის ტრანსპორტირება.

საქართველოს მიერ სომხეთისთვის გაზსადენის ჩკეტვის ფაქტს გაგებით შეხვდნენ ერევანში. „არმროსგაზპრომის“ პრესმდივანმა შუშან სარდარიანმა განაცხადა, რომ ქართველი კოლეგებისგან გაზის ტრანზიტის აღდგენის პორობა მიიღეს:

[შუშან სარდარიანის ხმა] “დღეს დილას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისაგან მივიღეთ ოფიციალური ტელეფონოგრამა, რომელშიც გვაუწყებენ, რომ მაგისტრალურ გაზსადენზე ახორციელებენ სამუშაოებს ავარიის შედეგების აღმოსაფხვრელად. ამ სამუშაოების გამო, დროებით შეჩერდა სომხეთისთვის გაზის მიწოდება. “არმროსგაზპრომის” სპეციალისტების ჯგუფი უკვე გაემგზავრა ავარიის ადგილას ვითარების გასაცნობად და, საჭიროების შემთხვევაში, ქართული მხარისთვის დახმარების გასაწევად. ჩვენი ქართველი კოლეგები აცხადებენ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულებენ სამუშაოებს. ჩემთვის ცნობილია, რომ საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან სომხეთისთვის გაზის მოწოდების, სავარაუდოდ, 5 დღით შეჩერების შესახებ. უახლოეს დღეებში, სანამ გაზი არ შემოვა, სომხეთი უზრუნველყოფილი იქნება სარეზერვო მარაგიდან.”

ამ დღეების მანძილზე სომხეთს ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენა არ ემუქრება, რადგან ამ ქვეყანას აქვს გაზსაცავი, რომელშიც თითქმის ორი თვის გაზის მარაგია შენახული.

მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარია არც საქართველოს გაზმომარაგებას შეაფერხებს. რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის მტკიცების მიუხედავად, რომ საქართველო რუსეთის გაზის მომხმარებელია, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ირწმუნება, რომ საქართველოში მხოლოდ აზერბაიჯანის გაზი შემოდის:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „საქართველოს გაზმომარაგება ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და საქართველოს მომხმარებელს არავითარი პრობლემა არ შეექმნება, ავარიის მიუხედავად.“

როგორც ცნობილია, ოროდე თვის წინ საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანთან დადო ხელშეკრულება ხუთი წლის მანძილზე გაზის სტაბილური მოწოდების შესახებ.
XS
SM
MD
LG