Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარღვევა გაზის კრიზისის მოგვარების ძალისხმევაში


პარასკევს გავრცელებული ინფორმაციით, გაზის გარშემო რუსეთ-უკრაინის დავით გამოწვეულ კრიზისში გარღვევას მიაღწიეს.

ევროპის კომისიის განცხადებით, მისი პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, პარასკევს შუადღეს გამართული სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, როგორ უნდა მოეღოს ბოლო კრიზისს.

ევროკომისიის პრეს-მდივან პია არენკილდეს განცხადებით, პრემიერ-მინისტრნმა პუტინმა პირობა დადო, რომ გაზის ექსპორტი უკრაინის გავლით განახლდება, როგორც კი მეთვალყურეები განთავსდებიან უკრაინის საზღვრებზე - რუსეთთან და ევროკავშირთან.

მეთვალყურეებს რაც შეეხება, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ექსპერტების გაგზავნას უკრაინაშიც და რუსეთშიც, ისევე როგორც რუსეთიდან მეთვალყურეების გაგზავნას უკრაინაში, უკრიანელებისას კი რუსეთში.

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის პერს-მდივან ფერან ტარადეიასის განმარტებით, “გაზპრომის” ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პარასკევს დილას უთხრეს ბრუსელში ევროკავშირის გაზის ექსპერტებს, რომ 30 საათი სჭირდება გაზის უკრაინამდე ჩასვლას მას შემდეგ, რაც რუსეთი ისევ გაუშვებს აირს მილსადენში. ხოლო უკრაინის კომპანია “ნაფტოჰაზის” ინფორმაციით, კიდევ 36 საათი გავა, ვიდრე გაზი უკრაინის ტერიტორიაზე გაივლის და ევროკავშირს მიაღწევს. ამდენად, სამი დღე გავა რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპის გაზმომარაგების აღდგენამდე.

გაზის გარშემო დაპირისპირებაში გარღვევა მოხდა კრიზისის მე-9 დღეს - ევროპაში უაღრესად ცივი ზამთრის პირობებში, როცა მილიონობით ადამიანს შეეხო უგაზობის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში და ევროკავშირი იძულებული იყო, სასწრაფოდ მიეგნო გამოსავლისთვის.

მან ხუთშაბათს გადადგა ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც თავდაპირველი გეგმით არ აპირებდა: ევროკავშირის წარმომადგენლები პირდაპირ ჩაერთნენ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, ბრიუსელში რომ გაიმართა რუსეთის და უკრაინის გაზის მონოპოლისტი კომპანიების ლიდერების მონაწილეობით. მაგრამ მოლაპარაკებები ხუთშაბათს წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც ღამითაც გაგრძელდა კრიზისის მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევა. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მირეკ ტოპოლანეკი ტელეფონით ესაუბრა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს - კომპრომისზე მის დასაყოლიებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოლანეკს დახმარება გაუწია ევროკავშირში რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირედ მიჩნეული გერმანიის კანცლერმა -ანგელა მერკელმა.

და აი, ევროკავშირის ძალისხმევას პარასკევს უკვე წარმატება მოჰყვა. თუმცა, ევროპისთვის გაზის კრიზისის მოგვარებაზე შეთანხმება, როგორც ჩანს, არ ნიშნავს რუსეთ-უკრაინას შორის დავის მოგვარებას, რაზეც ვლადიმირ პუტინის შემდეგი განცხადებაც მეტყველებს: [პუტინის ხმა] “დღეს ვითარება ისეთია, რომ უკრაინის მოქმედ ხელმძღვანელობას არ ძალუძს ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, ნორმალური, გამჭვირვალე ფუნქციონირების ორგანიზება. და მეტიც: თავისი ქმედებებით ის დიდ ზიანს აყენებს როგორც უკრაინის ხალხს, ისე უკრაინის სახელმწიფოს პრესტიჟს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახეზეა პოლიტიკური კოლაპსი თვით უკრაინის შიგნით და, სამწუხაროდ, მე ამის კონსტატირება მიწევს, ეს მეტყველებს სახელისუფლო სტრუქტურების ძლიერ კორუმპირებულობაზე”.

ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრმა პუტინმა ხუთშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარმოთქვა.

ბრიუსელში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი ცდილობს ზიანი მიაყენოს უკრაინის იმიჯს ევროპაში, რათა ევროკავშირმა ყურადღება და ფინანსები მიმართოს “ჩრდილოეთის ნაკადისკენ” - გაზსადენის ეს პროექტი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიასთან დაკავშირებას ითვალისწინებს. მაგრამ ბრიუსელიდან ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ბრიუსელში იმას უფრო ვარაუდობენ, რომ უკრაინა-რუსეთის დავით დაზარალებული ევროკავშირი ახლა გაცილებით მეტ ინტერესს გამოიჩენს არა “ჩრდილოეთის ნაკადის”, არამედ “ნაბუკოს” პროექტის მიმართ. ამ მილსადენით, როგორც ცნობილია, კასპიის ზღვის გაზი უნდა მიეწოდოს ევროპას - რუსეთისთვის გვერდის ავლით...
XS
SM
MD
LG