Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების შევიწროება ცენტრალურ აზიაში


გასულ კვირაში ცენტრალური აზიის სამ ქვეყანაში ოთხი ჟურნალისტის შევიწროებისა და დამცირების შემთხვევები აღირიცხა.

თურქმენეთში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება, მისი კოლეგა კი ხელისუფლების მხრიდან დაკითხვებისა და მუქარის ობიექტი გახდა. ყაზახეთში ერთი ჟურონალისტი საავადმყოფოდან გამოიყვანეს და ციხეში მოათავსეს ერთობ მძიმე პირობებში. მეოთხე ჟურნალისტი კი ტაჯიკეთში სასტიკად სცემეს პირებმა, რომელთაგან ერთი, როგორც იტყობინებიან, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არის კავშირში.

თურქმენეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, როცა პრობლემები შეექმნა ორ ჟურნალისტს, რომლებიც არჩევნებს აშუქებდნენ.

ოსმან ჰალიევი რადიო თავისუფლების თურქმენული რედაქციის კორესპონდენტია პროვინცია ლებაპში. ის მოკლე ხნით დააპატიმრეს იანვრის დამდეგს და შემდეგ პრაქტიკულად შინაპატიმრობაში ამყოფებენ.

როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება აუტანელი გახდა. გადაუჭრეს სატელეფონო ხაზი და მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ.

[ჰალიევის ხმა] "სადაც მივდივარ, ყველგან მითვალთვალებენ, ბენზინის სადგურშიც კი. თუკი მეზობლებს ვესტუმრები, ხელისუფლება უკავშირდება მათ და ეკითხება, რატომ ვესტუმრე და რაზე ვისაუბრეთ. შეუძლებელია სახლიდან გასვლა - ვისთანაც მივდივარ, ხელისუფლება ყველას მაშინვე დაკითხვას უწყობს."

ჰალიევის თქმით, შევიწროება მხოლოდ მას არ ეხება. მისი თქმით, მისი ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის ვაჟი და ორსული რძალი სამსახურებიდან დაითხოვეს.

რადიო თავისუფლების თურქმენული რედაქციის კიდევ ერთი თანამშრომელი, დოვლეტმურატ იაზგულიევი, რომელიც არჩევნებს აშუქებდა, დეკემბრის ბოლოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის მსხვერპლი გახდა თავის მეუღლესთან ერთად. მას მერე ჟურნალისტის დევნა გრძელდება. მისი თქმით, გასულ კვირაში მიხვდა, რომ თუკი არ შეწყვეტს დასავლური მედიისთვის მუშაობას, შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდეს, ვინაიდან თურქმენეთში ფაქობრივად არ არსებობს თავისუფალი მედია და სიტყვის თავისუფლება იდევნება.

ჟურნალისტებს პრობლემები არა მხოლოდ თურქმენეთში აქვთ. ტაჯიკეთში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აბდუმუმინ შერხონოვი სასტიკად სცემა სამმა მამაკაცმა. დაზარალებულის თქმით, ერთმა მათგანმა უთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. როგორც იტყობინებიან, თავდამსხმელთაგან ორი ხელისუფლებამ დააკავა.

ყაზახეთში კი ჟურნალისტი რამაზან ეზერგეპოვი თავის გაზეთში სახელმწიფო საიდუმლოებების დაბეჭდვაში დაადანაშაულეს.

ყოველკვირეულ "ალმა-ატა ინფოს" მთავარი რედაქტორი, რომელიც მაღალი წნევისა და გულის დაავადების გამო მკურნალობას გადიოდა, საავადმყოფოდან ძალით წაიყვანეს და ციხეში მოათავსეს. ჟურნალისტის მეუღლის თქმით, ის ჯერ ერთ ერთკაციან საკანში მოათავსეს, შემდეგ კი გადაიყვანეს უფანჯრებო საკანში, სადაც მას ბორკილები ადევს. საკანში ისეთი ყინვაა, რომ პატიმარს თირკმელების ანთება დაემართა.

მართალია, ამ ოთხ შემთხვევას შორის არ არის პირდაპირი კავშირი, მაგრამ, მასმედიის უფლებების დამცველთა აზრით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ცენტრალურ აზიაში მედიის თავისუფლების სფეროში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

ელსა ვიდალი, რომელიც ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელია პარიზში განთავსებულ ორგანიაზაციაში "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", ამბობს, რომ ეს ცენტრალური აზიის მედიის "შავი კვირა" და რეგიონში სიტყვის თავისუფლებისთვის მიყენებული სერიოზული დარტყმა იყო.

[ვიდალის ხმა] "ცენტრალურ აზიაში ჟურნალისტებს თავს შეიძლება დაესხნენ ან შეურაცხყონ იმისთვის, რომ მათ გამოაქვეყნეს კონკრეტული სტატია, რომელიც მთავრობის ან ადგილობრივი საჯარო მოხელის ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ეს შეიძლება საკმარისი გახდეს თავდასხმისთვის. მაგრამ უფრო ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, ვინც არ უშინდება შევიწროებას, ვინც წინააღმდეგობას უწევს ზეწოლას და არ წერს იმას, რის დაწერასაც აიძულებენ და რის დაწერაც სწორად არ მიაჩნია - ყველა ის ჟურნალისტი, ვინც არ ემსახურება ხელისფლებას, შეიძლება სამიზნედ იქცეს."

"რეპორტიორები უზაღვრებოდ" რეგულარულად მოუწოდებს ევროპის კავშირს, რომ ზეწოლა განახორციელოს ცენტრალური აზიის მთავრობებზე, რათა პატივი სცენ მათი მოქალაქეების სიტყვის თავისუფლებას.

მაგრამ ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ცოტა რამ კეთდება საამისოდ. ისინი დასავლეთს და ევროკავშირს ცენტრალურ აზიაში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დარღვევების უგულებელყოფაში სდებენ ბრალს.

კრიტიკოსთა აზრით, დასავლელი პოლიტიკოსები გეოპოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ ნავთობითა და გაზით მდიდარ ცენტრალურ აზიასთან დამოკიდებულებაში. ადგილობრივ ხელისუფლებებს კი ეს მათი კოზირები კარგად აქვთ გაცნობიერებული.
XS
SM
MD
LG