Accessibility links

logo-print

გაზის კრიზისს ბოლო არ უჩანს


უკრაინის გავლით ევროპისთვის რუსეთის გაზის მიწოდების პრობლემა ჯერჯერობით არ მოგვარებულა.

დღეს დილას რუსეთის ენერგოგიგანტმა, გაზპრომმა ევროპელები გაახარა, როცა გამოაცხადა, რომ იწყებს უკრაინის გავლით ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში გაზის ტრანსპორტირების განახლებას. მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ გაზს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია. კიევმა განაცხადა, რომ რუსეთის ეს გაზი არასწორ მილსადენში იქნა გაშვებული.

სამშაბათს თავდაპირველ სიხარულს იმედგაცრუება მოჰყვა. მართალია, რუსეთმა განაცხადა, რომ ევროპისკენ გაზს უშვებს უკრაინის გავლით, მაგრამ ტექნიკური პრობლემები შეიქმნა მომმხმარებლებისთვის ამ გაზის რეალურად მიწოდებაში.

ევროკომიის პერს-მდივანმა პია არენკილდე ჰანზენმა ორივე მხარეს - უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწოდა - ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ.

[ჰანზენის ხმა] “ინფორმაციით, რომელიც ჩვენმა მეთვალყურეებმა რუსეთიდან მოგვაწოდეს, ამჟამად გაზი ან სართოდ არ არის გამოშვებული, ან გამოშვებულია ძალიან ცოტა მოცულობით. ჩვენ ამ ეტაპზე არ ვაკეთებეთ დასკვნებს მიზეზების შესახებ, მაგრამ ვითარება, რასაკვირველია, ძალიან სერიოზულია და სასწრაფოდ გაუმჯობესებას საჭიროებს”.

გაზპრომი წარმოშობილი პრობლემებისთვის პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში, ბოდდან სოკოლოვსკი ამბობს, რომ რუსეთიდან გამოგზავნილი გაზი უკრაინის იმ გაზსადენში იქნა გაშვებული, რომელიც უკრაინაში ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. მისი თქმით, ამ გაზისთვის მიმართულების შეცვლა და მისი ევროპისკენ გაშვება, რის პირობაც დადო გაზპრომმა, ტექნიკურად რთული პროცესია და უკრაინელი მომხმარებლებისთვის გაზის მომარაგების შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც ბრიუსელის ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის სპეციალისტი ჩარლზ ესერი ფიქრობს, სოკოლოვსკის განცხადება შესაძლოა სიმართლეს შეესაბამებოდეს. მისი თქმით, ზოგიერთ ადგილზე შესაძლოა გაძნელდეს გაზისთვის მიმართულების შეცვლა სისტემის ჩაკეტვის გარეშე.

რუსეთსა და უკრაინას შორის ერთ-ერთი სადაო საკითხია ეგრეთწოდებული "ტექნიკური გაზიც" - ანუ გაზის ის მინიმალური მოცულობა, რომლის გარეშე საერთოდ შეუძლებელია გაზის გადატუმბვა. მოსკოვი კიევს ბრალს სდებს, რომ მან ეს ტექნიკური გაზი ამოტუმბა მის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებიდან.

[ესერის ხმა] "მილსადენში უნდა იყოს გარკვეული მოცულობის გაზი, რაც, ჩემის აზრით, 18 მილიონი კუბური მეტრია. ეს ეგრეთწოდებული ტექნიკური გაზი იმისთვისაა საჭირო, რომ სისტემაში სათანადო წნევა იქნეს მიღწეული, რათა გაზის ტრასპორტირება გახდეს შესაძლებელი. მაგრამ, რამდენადაც, ვიცი, ეს ტექნიკური გაზი იქ არ არის."

სადაო საკითხია, ვის ევალება ამ გაზით მომარაგება და მისი საფასურის გადახდა - რუსეთს თუ უკრაინას. ესერის აზრით, რუსეთი გამოყოფს საამისოდ საჭირო მოცულობას, მაგრამ მოგვიანებით უკრაინას მოსთხოვს მის საფასურს.

კიდევ ერთი სადაო საკითხია მოცულობა, რომელიც დღეს დილას გაუშვა რუსეთმა უკრაინის გაზსადენების სისტემაში. ესერის თქმით, გაზპრომის მიერ გამოყოფილი ამ გაზის მოცულობა მხოლოდ 25 პროცენტი იყო იმისა, რაც ჩვეულებრივ პირობებში გადაიტუმბება.

განურჩევლად იმისგან, მოგვარდება თუ არა მიმდინარე კრიზისი ევროპის კავშირს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, ესერის აზრით, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა:

[ესერის ხმა] "ეს მილსადენები საბჭოთა პერიოდის, კერძოდ, 70-იანი წლებისაა. ანუ ისინი 30-ზე უფრო ძველია. ისინი უკეთ მდგომარეობაშია, ვიდრე ყოფილი საბჭოთა ცენტრალური აზიის ზოგიერთი მილსადენი, მაგრამ მაინც არა უნაკლო მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, გაზის ნაწილი ჟონავს და იკარგება."

ესერის თქმით, ტექნიკური თვალსაზრისით, უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირების აღდგენა უცებ ვერ მოხდება. უკეთეს შემთხვევაში სამ დღემდე შეიძლება დასჭირდეს ნორმალური, ანუ გასული წლის დეკემბრის ვითარების აღდგენას.

XS
SM
MD
LG