Accessibility links

logo-print

”ენგურჰესის” შესახებ რუსულ-ქართული მემორანდუმი ფართოდ განიხილება დღევანდელ პრესაში.


”ენგურჰესის” შესახებ რუსულ-ქართული მემორანდუმი ფართოდ განიხილება დღევანდელ პრესაში.

ავტორები როგორც რესპონდენტების, ისე საკუთარ მოსაზრებებსა და დასკვნებს სთავაზობენ მკითხველს.

”შიშველი სიმართლე - სააკაშვილმა პუტინს ენგურჰესიც უფეშქაშა”, ”ენგურჰესის გასხვისების უკან სააკაშვილი დგას”, ”მგალობლიშვილი და ბაქრაძე პრეზიდენტს ენგურჰესის გამო დაუპირისპირდნენ?”, ”რატომ დათმო საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტი?” - ასეთია ”ენგურჰესის” შესახებ დაბეჭდილი პუბლიკაციების სათაურები.

”ვერსია” ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”ოკუპანტ ქვეყანასთან ხელშეკრულება არ გაფორმებულა”, - ამბობს ხეთაგური და განაგრძობს: ”გაფორმდა მემორანდუმი კომპანია ”ინტერ რაო ეესთან”, რომელიც, შეგახსენებთ, ”თელასის” 75%-სა და მტკვრის თბოელექტროსადგურის მეცხრე და მეათე ენერგობლოკებში აქციების 100%-ს ფლობს. ჩვენი ინტერესია მომხმარებლის გაზითა და დენით უწყვეტი მომარაგება. ამისთვის ყველასთან ვითანამშრომლებთ”, - აცხადებს ალექსანდრე ხეთაგური ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ”საქართველოს გზის” ლიდერ სალომე ზურაბიშვილთან: ”ვიომეთ მხოლოდ იმისთვის, რომ სააკაშვილი ამაში თავის გადარჩენის ერთ-ერთ ვარიანტს ხედავდა. დღესაც იმიტომ აწერს ხელს ამ ხელშეკრულებას, რომ ამაშიც ხელისუფლების ძალაუფლების გადარჩენის ალტერნატივას ხედავს”, - ამბობს ზურაბიშვილი. ”ვერსიასთან” საუბარში აღშფოთებას გამოხატავს დეპუტატი პაატა დავითაია, რომელიც დარწმუნებულია, რუსულ სააგენტოებს რომ არ გაევრცელებინათ ინფორმაცია, ხელშეკრულებაც ისე გაფორმდებოდა ”ენგურჰესზე”, კაციშვილი ვერაფერს გაიგებდა. დავითაია იხსენებს იმასაც, რომ მის მიერ რამდენიმე თვის წინ სესიაზე დასმულ შეკითხვაზე ენერგეტიკის მინისტრ ხეთაგურისა და უმრავლესობის წევრ ნიკოლოზ რურუასგან უარყოფითი პასუხი მიიღო. ”რას ნიშნავდა ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, 31 დეკემბერს, მემორანდუმის მალულად, პარტიზანულად გაფორმება, მაშინ როცა არ არსებობს არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები? როგორ ჩავიდა ხეთაგური მოსკოვში? რა კავშირები აქვს მას კრემლთან? ვინ მოაწერა ხელი?” - კითხულობს პაატა დავითაია.

”რეზონანსი” წერს, რომ, კულუარული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრი მგალობლიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პრეზიდენტს ”ენგურჰესის” გამო დაუპირისპირდნენ. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ”ახალი თაობის” კორესპონდენტს უცხადებს, რომ ”ენგურჰესის” საკითხი ”ყველა შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის დონეზე გადაწყდა”, რადგან სააკაშვილის გარეშე ამგვარ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. ხუხაშვილი აგრეთვე ამბობს: ”საქართველოს ხელისუფლებამ კონტრაქტით ის ბოლო ძაფიც ჩაჭრა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იყო აფხაზეთის რეინტეგრაცია ქართულ სახელმწიფოში”.

და კვლავ ვადამდელი არჩევნების საკითხი. ”ვერსია” ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუს ბეჭდავს. რესპუბლიკური პარტიის წევრი პრეზიდენტზე დაკვირვების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არჩევნების დანიშვნას აპირებს. ”ოღონდ ეს არ იქნება საპრეზიდენტო არჩევნები”, - ამბობს ბერძენიშვილი. - ”ყოველთვის ასეა - მოსთხოვ საპარლამენტო არჩევნებს, დაგინიშნავს საპრეზიდენტოს და - პირიქით. ჭკვიანი კაცია”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილზე.

”თუ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ძალიან მარტივი ამოსაცნობი იქნება ის, რომ ხელისუფლებამ იცის პარტიების რეიტინგები და ამას ამიტომ აკეთებს. ეს რეიტინგები კი კონსერვატიული პარტიისთვის მისაღები რომ იყოს, არა მგონია, ხელისუფლება არჩევნების დანიშვნაზე ფიქრობდეს”, - ეს დეპუტატ ლევან ვეფხვაძის მოსაზრება გახლავთ, რომელსაც ”რეზონანსი” ბეჭდავს. ”რეზონანსშივე” ნახავთ უმცირესობის წევრ გია თორთლაძის კომენტარს: ”თუ ადამიანი იმისთვის არის მომართული, რომ გაზაფხულზე ჩატარდეს არჩევნები, ვფიქრობ, რომ ეს ისევ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან გაზაფხულზე არჩევნები ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის აბსოლუტურად წამგებიანი იქნება”, - ამბობს თორთლაძე.

დღევანდელ ”რეზონანსში” გვერდი ეთმობა შალვა რამიშვილის პატიმრობის უკანონობის დამამტკიცებელ არგუმენტებს. ქვეყნდება თხუთმეტი პარტიის ლიდერისა და წევრის ხელმოწერილი შუამდგომლობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიისადმი, რამიშვილის პირობით-ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნით, თავად შალვა რამიშვილის წერილი საპატიმროდან, შალვა რამიშვილის განცხადებაზე ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პასუხი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ რამიშვილი აკმაყოფილებს პირობით ვადამდე გათავისუფლების კანონით დადგენილ მოთხოვნებს, და სახალხო დამცველ სოზარ სუბარის შუამდგომლობა იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილისადმი, რამიშვილის გათავისუფლების თხოვნით. სუბარის მიმართვაში ისიც არის აღნიშნული, რომ შეწყალების კომისიამ შალვა რამიშვილი ერთხელ უკვე შეიწყალა, თუმცა პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა მის შეწყალებას. გარდა ამისა, სუბარი წერს: ”მე, როგორც შეწყალების კომისიის წევრმა, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ არის დანაშაულები, რომელთა მიმართაც შეწყალების კომისია განსაკუთრებით მკაცრია. მათ შორის არიან ნარკოტიკების გამსაღებლებიც, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის მიერ, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, მრავლად იქნენ შეწყალებულნი”, - აღნიშნავს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. მისი მიმართვა იუსტიციის მინისტრისადმი ”რეზონანსში” ქვეყნდება.
XS
SM
MD
LG