Accessibility links

logo-print

რამდენად შეუწყობს ხელს სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამა კერძო ბიზნესის განვითარებას?


საგზაო პროექტებზე ტენდერების პირველი წყება 15 იანვრიდან გამოცხადდება, ხოლო გამარჯვებული კომპანიები თანხის ათვისებას უკვე მარტიდან შეძლებენ.

ამ მიმართულებით წელს შარშანდელზე დაახლოებით 2-ჯერ მეტი თანხა, 521 მილიონი ლარი, დაიხარჯება. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხელისუფლების მიერ განიხილება ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად. სახელმწიფო წელს 2,2 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს, საიდანაც თანხა ასევე გამოყოფილია, მაგალითად, რეგიონების ფონდისთვის, სოფლის დახმარების პროგრამისთვის და დევნილების სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის. პირველი მილიარდი ლარის ათვისებას სახელმწიფო მომავალი ორი თვის მანძილზე გეგმავს და რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილის შექმნასაც იმედოვნებს. სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სახელდება სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამის უმთავრეს მიზნად. საინტერესოა, რას ფიქრობენ ეკონომიკის სფეროს ექსპერტები სახელმწიფოს საინვესტიციო ინიციატივის შესახებ.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე საბიუჯეტო საინვესტიციო პროგრამების განხორციელება არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, მაგალითად, გერმანიამაც დაიწყო. ეს არის პროცესი, როდესაც სახელმწიფო ფულს არა უშუალოდ სოციალურ დახმარებებზე ხარჯავს, არამედ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და იმ ადამიანთა რიცხვის შემცირებას ემსახურება, რომლებსაც სოციალური დახმარება ესაჭიროებათ. პარალელურად, პროცესი ეკონომიკის სტიმულირებად განიხილება და მის საჭიროებაზე ექსპერტები პრაქტიკულად არც კი დავობენ.

მსოფლიო კრიზისის ფონზე სამუშაო ადგილების საყოველთაო შემცირებას საქართველოც სწორედ სახელმწიფო ინვესტირების პაკეტით უპირისპირდება. ”სახელმწიფო უნდა გახდეს საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი”, - ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილი და
იმედოვნებს, რომ აქტიურად მოქმედ სახელმწიფოს კერძო ინვესტორებიც აჰყვებიან:

(სააკაშვილის ხმა) ”კერძო სექტორი დებს უფრო მეტ ფულს, ვიდრე დებს სახელმწიფო იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო არის აქტიური და სახელმწიფო თითონ ასხივებს ოპტიმიზმს... სახელმწიფო გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს, სახელმწიფო არის აქტიური, სახელმწიფო არის პროაქტიული, სახელმწიფო არის ინიციატივით აღჭურვილი და შემდეგ კერძო სექტორი მიჰყვება სახელმწიფო პროექტებს.” (სტილი დაცულია)

რამდენად კანონზომიერია ეკონომიკისთვის ლოგიკა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი იშველიებს? რამდენად და რა მხრივ არის მისაბაძი კერძო სექტორისთვის სახელმწიფოს აქტიურობის მაგალითი? ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადური ამბობს, რომ კერძო ბიზნესს სახელმწიფოსგან ყველაზე მეტად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო სჭირდება:

(ხადურის ხმა) ”კერძო ბიზნესისათვის მხოლოდ მაგალითი საკმარისი არ არის. შესაძლოა, მაგალითიც კარგია, მაგრამ მხოლოდ მაგალითი საკმარისი არ არის... მას გარემოც სჭირდება, გარემო იმისა, რომ მის მიერ დახარჯული თანხა იქნება ეფექტიანი. ასე რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფომ უნდა მაგალითი მისცეს კერძო სექტორს, მაგრამ, მეორე მხრივ, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რათა გარემო იყოს მომგებიანი და ბიზნესი ეფექტიანად ფუნქციონირებდეს.” (სტილი დაცულია)

ბიზნესისთვის მომგებიანი და ეფექტიანი გარემოს შექმნა რისკების შემცირებასა და საკრედიტო სისტემის ამოქმედების რეალურ ხელშეწყობასაც გულისხმობს, რადგანაც ბიზნესის განვითარება პირდაპირ უკავშირდება კომერციული ბანკების საქმიანობას. პრეზიდენტი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამა კერძო კომპანიებს სამომავლოდ კრედიტების აღებასაც გაუადვილებს:

(სააკაშვილის ხმა) ”... ჩვენ ახლა გავაფორმებთ ძალიან ბევრ ხელშეკრულებას კონკრეტულ ფირმებთან... ეს ფირმები წავლენ ბანკებში და აიღებენ კრედიტებს. როგორც კი ფირმას ექნება სახელმწიფო შეკვეთა, მერე უფრო ადვილი იქნება ამ შეკვეთის ქვეშ ან ამ ფირმისთვის, ან ამ ფირმასთან დაკავშირებული სხვა ფირმისთვის უკვე კერძო შეკვეთის განსახორციელებლად კრედიტის მიცემა. ეს საკრედიტო სისტემასაც აამუშავებს და საკრედიტო სისტემასაც მოიყვანს მოძრაობაში.” (სტილი დაცულია)

გადამწყვეტ ფაქტორად არ მიიჩნევს, მაგრამ სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შემდეგ კერძო კომპანიებს ზოგადად მეტი მოგება და, შესაბამისად, ბიზნესის განვითარების მეტი შესაძლებლობა რომ გაუჩნდებათ, ამ მოსაზრებას ნოდარ ხადურიც იზიარებს. თუმცა სახელმწიფო დაკვეთებსა და კრედიტის აღებას შორის კავშირის დანახვა უჭირს მის კოლეგას, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიას. მისი აზრით, საკრედიტო სისტემაში შეფერხება სულ სხვა ფაქტორებით არის განპირობებული:

(ნარმანიას ხმა) ”არა მგონია, ყოველ შემთხვევაში, რომ სახელმწიფო დაკვეთის შესრულება იყოს საბანკო დაწესებულებებისთვის გარანტი იმისა, რომ მათ დაუბრკოლებლად დამატებითი რესურსები მისცენ კომპანიებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ დღეს ბანკებს რესურსების პრობლემა აქვთ. და კიდევ ის, რომ არსებობს მაღალი რისკები.” (სტილი დაცულია)

ბანკებში საკრედიტო რესურსების პრობლემა, დავით ნარმანიას თქმით, ნაწილობრივ გამოწვეულია მსოფლიო ბაზარზე კრედიტების გაძვირებით, რასაც, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იწვევს. ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ქართულ კომერციულ ბანკებს გარკვეული ამოსუნთქვის საშუალებას ის დახმარება მისცემს, რომლის დაპირებაც საქართველომ მსოფლიო თანამეგობრობისგან ომის შემდეგ მიიღო. ითქვა, რომ 4,5 მილიარდი დოლარიდან არცთუ უმნიშვნელო წილზე სწორედ კომერციულ ბანკებსაც მიუწვდებათ ხელი. თუმცა, ამ მხრივ, პროცესი ჯერჯერობით არ დაძრულა.
XS
SM
MD
LG