Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკა 20 იანვრის შემდეგ?


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე დღენ რჩება. ასე რომ, სულ მალე ჯორჯ ბუშ უმცროსის ნაცვლად თეთრ სახლს ბარაკ ობამა დაიკავებს.

მისი პრეზიდენტობისგან ამერიკელები სერიოზულ ცვლილებებს მოელიან და არამარტო ისინი. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან ცვლილებების მოლოდინშია მთელი მსოფლიო. ამდენად, საყურადღებო და საინტერესო იყო სენატორ ჰილარი კლინტონის მიერ გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში მოსმენისას გაკეთებული განცხადებები. სენატორს, რომელმაც თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტი უნდა დაიკავოს, საკომიტეტო მოსმენაზე შეკითხვები სხვადასხვა მიმართულებით დაუსვეს.

საკომიტეტო მოსმენაზე ჰილარი კლინტონს შეკითხვა სენატორმა ჯონ ქერიმაც დაუსვა. ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს მან ჰკითხა, როგორი იქნება ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება ირანის მისწრაფების მიმართ, ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ამ შეკითხვაზე პასუხად ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი ახალი ადმინისტრაციისთვის ისევე მიუღებელი იქნება, როგორც დღეს არის მიუღებელი ირანის ბირთვული პროგრამა შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციისთვის:

[ჰილარი კლინტონის ხმა] ” ჩვენი ამოცანაა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი დამოკიდებულია ჩვენზე, იმისათვის, რომ გავაგრძელოთ დიპლომატიის გზა, სანქციების გამოყენებით... ამავე დროს, განვაგრძოთ ბრძოლა იმ ქვეყნების კოალიციის შესაქმნელად, რომელთაც ასევე აღელვებთ ირანის დაინტერესება ბირთვული იარაღის მოპოვებით. ჩვენთვის მიუღებელია მოლაპარაკებათა მაგიდის მიტოვების ნებისმიერი ვარიანტი. ”

მაშინ სადღა იქნება სიახლე ირანის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკაში? - ჰკითხეს ჰილარი კლინტონს. პასუხი იყო: ბარაკ ობამას ადმინისტრაციას მიზნად ექნება დასახული თეირანის დაყოლიება მოინახოს საფუძველი ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

” რადგან ბარაკ ობამა მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება ირანის ხელისუფლებასთან, არის თუ არა იგივე მოსალოდნელი ”ჰამასთან” მიმართებით?” - ეს შეკითხვაც დაუსვეს საკომიტეტო მოსმენაზე ჰილარი კლინტონს. ” არა, ეს არ მოხდებაო”, - თქვა ჰილარი კლინტონმა საპასუხოდ და დასძინა: ” შეუძლებელია ”ჰამასთან” მოლაპარაკება მანამდე, სანამ ის უარს არ იტყვის ძალადობის პოლიტიკაზე. უამისოდ არაფერი გამოვა. ეს არის მოქმედი ადმინისტრაციის პოზიცია და, იმავდროულად, ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციაც.”

ჰილარი კლინტონი ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოსაგვარებლად ძალის გონივრულად გამოყენების მომხრეა. საკომიტეტო მოსმენაზე მან განმარტა, რას გულისხმობს ძალის გონივრულად გამოყენებაში - ჩამოთვალა დიპლომატიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის და სამხედრო ინსტრუმენტები და თქვა, რომ, ამ ინსტრუმენტების გამოყენებით, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს პრობლემების ფართო სპექტრზე. ერთი მხრივ, გათვალისწინებული უნდა იქნეს პალესტინელების სწრაფვა სახელმწიფოს შექმნისკენ და, იმავდროულად, მხარდაჭერილი უნდა იქნეს ისრაელის ინტერესი - დაცული იყოს მისი უსაფრთხოება. ამასთანავე, ჰილარი კლინტონის აზრით, საჭიროა მუშაობა ირანსა და სირიასთან, რათა ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ რადიკალური ისლამური დაჯგუფებების - ” ჰამასის” და ”ჰესბოლას” - მხარდაჭერა. სენატორის განცხადებით, ანალოგიური მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული სამხრეთ აზიაშიც - ავღანეთსა და პაკისტანში - ისლამურ ექსტრემიზმთან საბრძოლველად.

რაც შეეხება ერაყს: 16 თვის მანძილზე ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედროების გამოყვანა ობამას მთავარი გეგმაა და ის, ჰილარი კლინტონის თქმით, სერიოზულად განსხვავდება ჯორჯ ბუშის გეგმისგან, რომელიც ერაყის მთავრობასთან ერთად იქნა შემუშავებული და რომლის თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა ერაყის ტერიტორია მთლიანად 2011 წელს უნდა დატოვონ.

”ჩვენი ხალხი უნდა ხელმძღვანელობდეს მაგალითებით და არა ბრძანებებით. ისტორიამ აჩვენა, რომ ჩვენი პოლიტიკა მაშინაა ეფექტიანი, როცა ჰარმონიაა ჩვენს საგარეო ინტერესებსა და ჩვენს ფასეულობებს შორის საკუთარ სახლში.”- ეს ჰილარი კლინტონის სიტყვებია. მას, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, საკომიტეტო მოსმენაზე სენატში რუსეთის პრობლემაზეც ჰკითხეს, ჰკითხეს აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასუსტებს ნატოს პოზიციას უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებები, რასაც ევროპის ნატოს წევრი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა. შეერთებული შტატების სენატში არსებობს აზრი, რომ ევროპის ქვეყნებისთვის გაზის შეწყვეტა, ფაქტობრივად, ნატოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასია და ასეთ ვითარებაში ნატო უნდა მსჯელობდეს წესდების მეხუთე მუხლზე, რომელიც მოითხოვს ალიანსის რეაგირებას მისი რომელიმე წევრისთვის შექმნილი სერიოზული პრობლემის გამო. ამ საკითხსა და
რუსეთის პრობლემაზე მსჯელობისას ჰილარი კლინტონმა თქვა :

[ჰილარი კლინტონის ხმა]” რაც შეეხება რუსეთს და მის ურთიერთობას უკრაინასა და საქართველოსთან და ასევე სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან, აგრეთვე მის მიერ სერბიული გაზის სადგურის შესყიდვის ფაქტს, იმედი მაქვს, ნატოელ და ევროკავშირის წევრ მეგობრებთან ერთად შევძლებთ მივაღწიოთ იმის გაგებას, რომ აუცილებელია ფართო ფორმატი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე მოსალაპარაკებლად. ეს შეიძლება იყოს ან არ იყოს მეხუთე მუხლი, მაგრამ, ვფიქრობ, ამის იგნორირება ჩვენთვის საფრთხის შემცველია.”

სენატორმა ჰილარი კლინტონმა პასუხი გასცა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე დასმულ შეკითხვებს, შეკითხვები კი მას ”ნიუ-იორკ თაიმსის” ერთ-ერთი ბოლო ნომრიდან მსოფლიოში ცნობილმა 10 პირმა დაუსვა - მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატმა ვანგარი მაატაიმ. ამ პირთა შორის პოლიტიკური მოღვაწე ერთადერთი იყო - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ”ნიუ-იორკ თაიმსის” მეშვეობით მან სენატორ კლინტონს ორი შეკითხვით მიმართა, რომელთაგან ერთ-ერთი იყო: სჯერა თუ არა მას, რომ ნატოს გაფართოება განამტკიცებს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას, ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებში კი განავითარებს დემოკრატიას და ხელს შეუწყობს რეგიონალურ თანამშრომლობას.
XS
SM
MD
LG