Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიცვლება თუ არა საარჩევნო კოდექსი?


საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, უნდა შეიქმნას საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფი, რომელშიც, მმართველი და ოპოზიციური პარტიების გარდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებიც გაერთიანდებიან. რატომ ითხოვენ საარჩევნო კოდექსის შეცვლას და როგორ უყურებს ოპოზიციის ინიციატივას ხელისუფლება?

საქართველოში დემოკრატიას რომ პრობლემები აქვს, ამის შესახებ ბევრია ნათქვამი ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“, უკანასკნელ მოხსენებაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უფლება. მოხსენებაში არაფერია ნათქვამი კანონმდებლობაზე, თუმცა საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ უმთავრესი პრობლემა საარჩევნო კოდექსია. საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა დავითაია, ჯერ კიდევ შემოდგომაზე გამოვიდა კოდექსის შეცვლის ინიციატივით:

[პაატა დავითაიას ხმა] „აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროპის ექსპერტებმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა და ამ ახალი საარჩევნო კოდექსის შედგენა-შემუშავება უნდა მოხდეს კონსენსუსის გზით, სადაც გათვალისწინებული იქნება არჩევნების ახალი თარიღი. ამას ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით - სამართლებრივი გზითა და ახალი კოდექსის მიღებით - შეიძლება ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.“

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. აი, რა განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თბილისის ორგანიზაციის შეკრებაზე პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „ეს არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა, როდესაც ასეთი კატაკლიზმების შემდეგ სიტყვა ეძლევა ხალხს, რომ მან გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს მომავალში, ანუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - ესაა ცივილური ფორმა, რომელიც გასაგები და მისაღებია დემოკრატიული დასავლეთისთვის და რომელშიც საჯარო მხარდაჭერა არის შესაძლებელი.“ (სტილი დაცული)

თუმცა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ისიც თქვა, რომ საკანონმდებლო ბაზის შეცვლის გარეშე არჩევნები არსებით ცვლილებას ვერ მოიტანს. რესპუბლიკელების ეს მოსაზრება სავსებით გაიზიარა საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ:

[ირაკლი ალასანიას ხმა] „ჩემი აზრით, არჩევნები უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ ამისთვის შესაქმნელია რამდენიმე პირობა, მათ შორის, პირველ რიგში, საარჩევნო კოდექსი უნდა იყოს სამართლიანი.“

სამართლიანი საარჩევნო კოდექსის შექმნის აუცილებლობაზე ლაპარაკობს ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეც. დეპუტატ გია თორთლაძის თქმით, ცვლილების წინააღმდეგი არც მმართველი პარტიაა:

[გია თორთლაძის ხმა] „საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებულია, რომ ეს კოდექსი უნდა შეიცვალოს ახლით. არა მგონია, რომ ეს სათუოა და მას ვინმე - მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები - ეჭვის ქვეშ აყენებს. ვფიქრობ, რომ თებერვალში, როგორც კი პარლამენტი ამოქმედდება, მაქსიმუმ ორ კვირაში, დავიწყებთ ამ კოდექსზე მუშაობას.“ (სტილი დაცულია)

გასული წლის მიწურულს საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით დადებითი აზრი გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დავით ბაქრაძემ მაშინ განცხადება საზოგადოებაში დაგროვილი საპროტესტო მუხტის გასანელებლად გააკეთა, თუმცა ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს მოსაზრება საფუძველსაა მოკლებული:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „დეკემბერში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები ვენეციის კომისიის სხდომაზე და შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებდით და გავაგრძელებდით მუშაობას იმაზე, რომ ჩვენი კოდექსი იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან ახლოს. იდეალური კოდექსი არ არსებობს, ყველა ექსპერტს აქვს თავისი შენიშვნები. მზად ვართ მივიღოთ კოდექსი არჩევნებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე, თუმცა მუშაობასაც დიდი დრო - დაახლოებით ერთი წელი - დასჭირდება.”

იმის თქმა, თუ რა დრო დასჭირდება საარჩევნო კოდექსის შეცვლას, უჭირს დემოკრატიისა და ”სამართლიანი არჩევნების” საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, თუმცა ეკა სირაძე-დელონე დარწმუნებულია, რომ მოქმედი კოდექსით არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას:

[ეკა სირაძე-დელონეს ხმა] „განსაკუთრებით პრობლემურია, თუკი სამ ძირითად პრობლემას აღვნიშნავდი, ესაა არჩევნების შემდგომი პერიოდი, საჩივრის წარდგენა, საჩივრის მიღებაზე უარის თქმა, საარჩევნო ადმინისტრაციის ვალდებულებები... კანონით, მან აუცილებლად უნდა მიიღოს და ჩაიბაროს საჩივარი, მაგრამ ხდებოდა ისე, რომ არ იღებდნენ საჩივრებს. ასევე ხარვეზებია საჩივრების განხილვის ვადებთან დაკავშირებით... მივიჩნევთ, რომ შესაძლებელია უფრო მეტად დარეგულირება ამ საკითხების და ამ პროცედურების გამარტივება.“ (სტილი დაცულია)

გარდა ამ ხარვეზებისა, ანა სირაძე-დელონე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის ყველაზე დიდი ნაკლი არჩევნებში ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული რესურსის შეუზღუდავ გამოყენებასა და პარლამენტის არჩევის წესს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ მოქმედი კოდექსით, პარლამენტის წევრთა ნახევარს მაჟორიტარული წესით ისე ირჩევენ, რომ, ხშირ შემთხვევაში, არაა გათვალისწინებული ოლქების მასშტაბი. ყველა საარჩევნო ოლქი, დიდი თუ პატარა, ერთმანდატიანია, რის გამოც, ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის თქმით, უხეშად ირღვევა ხმათა თანასწორობის პრინციპი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG