Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია საქართველოში ეუთოს მისიის მომავალი?


15 იანვარს ვენაში გაიმართა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ორგანიზაციის მისიის მუშაობის გაგრძელებას.

ამ მიზანს ეუთოს ახალი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი ”ვალდებულებას” უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ორგანიზაცია ნაომარ საქართველოში მუშაობის გაგრძელებას შეძლებს. 15 იანვარს ითქვა, რომ მისიის მანდატთან დაკავშირებით ახალი გეგმა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალები არ კონკრეტდება. შეგახსენებთ, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ეუთოს, მისიის მანდატის ძველებური ფორმატით გაგრძელებას რუსეთმა დეკემბერში დაადო ვეტო. მოსკოვისთვის მისაღები ფორმატი კი სასტიკად მიუღებელია თბილისისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს მისია საქართველოში 1 იანვრიდან დახურვის რეჟიმში მუშაობაზე უკვე გადავიდა, ვენის შტაბბინა ჯერ ისევ განაგრძობს რუსეთის დაყოლიების მცდელობას. როგორც ცნობილია, რუსეთი ერთადერთია ეუთოს 56 წევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც მისიის მუშაობის ძველებური ფორმატით გაგრძელებას ღიად ეწინააღმდეგება. ვეტოს უფლება მოსკოვმა 22 დეკემბერს გამოიყენა და წარმატებით დაბლოკა ეუთოს მანდატის საქართველოში გაგრძელების საკითხი.

პრობლემა ეუთოს ახალი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრის ყურადღების ცენტრში ექცევა. დორა ბაკოიანისმა 15 იანვარს, მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე თავისი პირველი გამოსვლისას, საქართველო რამდენჯერმე ახსენა და თქვა, რომ ეუთოს მისიის მუშაობის გაგრძელება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ”აშკარაა, რომ სიტუაცია საქართველოში და მთლიანად რეგიონში მოითხოვს ეუთოს წარმომადგენლობის გაზრდას და არა შემცირებას”, - აღნიშნა დორა ბაკოიანისმა.

ეუთოს მისიის ბედი საქართველოში მთავარი თემა იყო ოდნავ მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზეც. ეუთოს ახალმა მორიგე თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ეუთოს მისია საქართველოში დახურვის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ჯერ ისევ განაგრძობს მუშაობას:
(ბაკოიანისის ხმა) ”28 სამხედრო მეთვალყურე პატრულირებას განაგრძობს და საქართველოში ჯერ ისევ მუშაობენ ეუთოს თანამშრომლები. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა განაგრძობს გზების ძიებას, რათა შეინარჩუნოს ეუთოს მისიის მნიშვნელოვანი საქმიანობა, მისიისა, რომლის ხანგრძლივი მუშაობა გამორჩეული მიღწევებით ხასიათდება. ომმა ბევრი ადამიანი გააწამა და საჭიროა, რომ ჩვენი მისია შენარჩუნებული იყოს საქართველოში. ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას: ჩვენი ელჩი - ხრისტოპულოსი - ჩასული იყო რუსეთსა და თბილისში... ვიმუშავებთ მჭიდროდ ყველასთან და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეგატყობინოთ წარმატების შესახებ მაშინვე, როგორც კი იქნება რაიმე სახის შეთანხმება, რის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ."

ჟურნალისტების მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად, დორა ბაკოიანისმა პრესკონფერენციაზე არ დააკონკრეტა იმ ახალი გეგმის დეტალები, რომელიც ეუთოს მისიის სამომავლო მანდატს უკავშირდება და რომელიც, მისი თქმით, უკვე ცნობილია მხარეებისთვის. სწორედ ამ ახალ წინადადებებს უკავშირდება ეუთოს მორიგე თავმჯდომარის ვიზიტი მოსკოვში, რომელიც 21 იანვარს იგეგმება. ბაკოიანისი იმედოვნებს, რომ მხარეები ყველასთვის მისაღებ ფორმატზე შეთანხმებას შეძლებენ, თუმცა ამ ეტაპზე ამის წარმოდგენა ძნელია.

შეგახსენებთ, რომ, მოსკოვის პოზიციის მიხედვით, ”სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ,რუსეთის კანონმდებლობის თვალსაზრისით, მანდატის გაგრძელება უკანონოა” და ის მოითხოვს, რომ ეუთოს მისიას, თუკი ის ცხინვალში იმუშავებს, სახელიც შესაბამისი ჰქონდეს და მას ეწოდოს ეუთოს მისია სამხრეთ ოსეთში, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში. ბუნებრივია, საკითხისადმი ამგვარ მიდგომას სასტიკად ეწინააღმდეგება თბილისი. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხში კომპრომისი არ იქნება:

(იაკობაშვილის ხმა) ”ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს მისიის შენარჩუნება, მაგრამ არა ყველა ფასად. ჩვენთვის არის ძალიან ფუნდამენტური პრინციპები, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ ჩვენ ვერანაირად ვერ დავთანხმდებით ისეთ ფორმულირებას ან ისეთ მანდატს, რომელიც ამ ძირითად პრინციპს დაარღვევს.” (სტილი დაცულია)

ვიდრე ეუთოს მანდატის მომავალი საბოლოოდ გაირკვევა, თბილისის იმედები ევროკავშირის მისიის უფლებების შესაძლო გაფართოებას უკავშირდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ევროგაერთიანების დამატებით შესაძლებლობებზეც საუბრობს:
(მალაშხიას ხმა) ”სწორედ ევროკავშირს ჰყავს სტრუქტურა, - გარდა მონიტორებისა, ეს არის სწრაფი რეაგირების კორპუსი და პოლიციური სტრუქტურა, - რომელიც კონფლიქტურ რეგიონებში გამოიყენება.” (სტილი დაცულია)

პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირის მისიის გაფართოება და გააქტიურება მართლაც მოხდეს, მაგრამ იქვე ამბობენ იმასაც, რომ ეს შეუძლებელია ევროპის წამყვანი ქვეყნების მტკიცე და ერთიანი პოლიტიკური ნების გარეშე. თორემ ამჟამად ევროკავშირის მეთვალყურეები მუშაობას ჯერჯერობით ვერც ახალგორის რაიონში ახერხებენ და ვერც საჩხერის რაიონის სოფელ პერევში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG