Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის ინტერესებშია რუსეთში ქართველთა კონგრესის ჩატარება


”რუსეთში ქართველთა კავშირი", რომელსაც რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ხელმძღვანელობს,

2009 წლის 2 თებერვალს მოსკოვში ქართველთა კონგრესის გამართვას აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, კონგრესის დელეგატებს, რომელთა შორისაც საქართველოდან მიწვეული სტუმრებიც იქნებიან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეხვდება. ”რუსეთში ქართველთა კავშირში” ასევე აცხადებენ, რომ კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიწვევასაც აპირებენ. ვის და რისთვის დასჭირდა რუსეთში ქართველთა კონკრესის ჩატარება?

„რუსეთში ქართველთა კავშირს“ მიხეილ ხუბუტია წლების განმავლობაში ხელმძღვანელობს, თუმცა იგი განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა. კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი მწვავედ აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებასა და იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის მთავრობა საქართველოში შეჭრის გამო გაკიცხეს. ხუბუტიას რისხვა დაიმსახურა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ, რომელმაც პროტესტის ნიშნად რუსეთის პრეზიდენტს უარი უთხრა ხალხთა მეგობრობის ორდენის მიღებაზე:

[მიხეილ ხუბტიას ხმა] „მე, რასაკვირველია, ყველა ქართველის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ პირადად ჩემთვის და რუსეთის ას სამოცი მილიონი მოქალაქისათვის საქართველოს სახალხო არტისტი კიკაბიძე მოკვდა. ის ასე არ უნდა მოქცეულიყო!“

მიხეილ ხუბუტია დარწმუნებულია, რომ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი კონფლიქტი საქართველოს ხელისუფლების მიერაა პროვოცირებული, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი აცხადებს, რომ კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებსაც ეპატიჟება:

[მიხეილ ხუბუტიას ხმა] „ჩამოვიდნენ, მატერიალურადაც დავეხმარებით, დავხვდებით, სასტუმროთი და სხვა ყველაფრით უზრუნველვყოფთ.“

მიწვევის შემთხვევაში, მოსკოვში ჩასვლას და კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას აპირებს ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის თანათავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ მფლობელი მალხაზ გულაშვილი, რომლის თქმითაც, მიხეილ ხუბუტია ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს:

[მალხაზ გულაშვილის ხმა] „მიმაჩნია, რომ რაც უფრო კარგად აუხსნიან მედვედევს საქართველოს პოზიციას, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის კონცეფცია და ქართველები ამ მიმართულებით დააჯერებენ რუსეთის პოლიტიკურ ელიტას, რომ ქართველებმა და რუსებმა შეიძლება გამონახონ საერთო ენა და ქართული სახელმწიფო ინტერესები იქნას დაცული, - ვგულისხმობ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, - ამ შემთხვევაში, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, ეს იქნება ძალიან კარგი.“ (სტილი დაცულია)

თუმცა პოლიტოლოგთა ნაწილი საქართველოსა და რუსეთშიც ამტკიცებს, რომ მეზობელი ქვეყნების ინტერესები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. მოსკოვში მოღვაწე პოლიტიკის ექსპერტი ლეონიდ რადზიხოვკი საქართველო-რუსეთის ურთიერთობას ასე აღწერს:

[ლეონიდ რადზიხოვსკის ხმა] „რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა გარდაიცვალა. ურთიერთობის გაწყვეტით მხოლოდ სიკვდილის ფაქტი დაფიქსირდა. ყველა გონიერ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება არასოდეს იტყვის უარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობაზე. ცხადია, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აქ არაფერ შუაშია. ეს პრინციპის საქმეა.“


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას რომ რუსეთი იოლად არ დათმობს, ამაში დარწმუნებულნი არიან ქართველი ექსპერტებიც. პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლების პატრონაჟით მოსკოვში ქართველთა კონგრესის გამართვა, სულ ცოტა, ორ მიზანს ემსახურება:

[გია ნოდიას ხმა] „ერთი: საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს, რომ რუსეთი არ არის ფაშისტური, ანტიქართული სახელმწიფო; უნდათ იმის დემონსტრირება, რომ ის სააკაშვილის მტერია, მაგრამ ქართველი ხალხის მეგობარია. გარდა ამისა, როგორც ჩანს, რუსეთს არ აქვს დაკარგული იმის იმედი, რომ რაღაცნაირად ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას და ეს შეცვლილი ხელისუფლება უფრო პრორუსულ პოლიტიკას განახორციელებს და ამთავითვე ემზადება ამისთვის.“ (სტილი დაცულია)

რუსეთის პოლიტიკური ელიტის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის სურვილს არც ”რუსეთში ქართველთა კავშირის” პრეზიდენტი მალავს. 2008 წლის სექტემბერში მიხეილ ხუბუტიამ „რასიისკაია გაზეტაში“ გამოაქვეყნა წერილი, სათაურით „ნუ იმსჯელებთ ქართველებზე სააკაშვილის მიხედვით“, რომელშიც ვკითხულობთ:

„სააკაშვილის მთავრობამ აირჩია მცდარი კურსი, ის იყენებდა დანაშაულებრივ მეთოდებს, ატყუებდა და ატყუებს როგორც საკუთარ ხალხს, ასევე მთელ მსოფლიო თანამეგობრობას. ეს არის ომის მთავრობა და მან ადგილი უნდა დაუთმოს მშვიდობის მთავრობას, რომელსაც მთელი ქართველი ხალხი აირჩევს.“

მიხეილ ხუბუტია ამავე სტატიაში ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს დადებული პირობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს, რათა სამშობლოს ბედის გადაწყვეტაში ყველა ქართველს შეეძლოს მონაწილეობის მიღება. მიხეილ ხუბუტია იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა გონიერებას გამოიჩენს და პრორუსულ პოლიტიკურ ძალას დაუჭერს მხარს. თუმცა პოლიტოლოგი გია ნოდია დარწმუნებულია, რომ საქართველო არც ძალით და არც დაყვავებით მოდერნიზებულ საბჭოთა სივრცეში აღარ დაბრუნდება:

[გია ნოდიას ხმა] „შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული ნოსტალგია საბჭოთა პერიოდზე, მაგრამ ის, რომ, უხეშად რომ ვთქვათ, „ჭამონ“ პუტინის ეს ხრიკი, ასეთი ადამიანი ბევრი არ იქნება.“ (სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG