Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის გაზმომარაგება - პოლიტიკური თუ ტექნიკური პრობლემა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებას შორის კვლავ გაიცვალა საპროტესტო განცხადებები,

ამჯერად ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისთვის გაზის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით. ოფიციალური მოსკოვის მტკიცებით, ცხინვალის მიმართულებით მიმავალი გაზსადენი გამართულად მუშაობს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ცხინვალს ბუნებრივ აირს პოლიტიკური მოსაზრებებით არ აწვდის. საწინააღმდეგოს ირწმუნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებულ ოფიციალურ კომენტარში ნათქვამია, ეუთოს დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ ცხინვალისკენ მიმავალი გაზსადენი დაზიანებული არ არისო. კომენტარში ასევე აღნიშნულია: „სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა“ სამართლიანად აცხადებდა, თბილისის ანტიჰუმანური ნაბიჯი პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებულიო.

იგივე განუცხადა სეპარატისტული ცხინვალის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ 13 იანვარს ცხინვალში ჩასულ ეუთოს დამკვირვებლებს:

[კოკოითის ხმა] „აქ არანაირი ტექნიკური მიზეზი არ არსებობს და ეს პოლიტიკური საკითხია. საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთზე პოლიტიკურ ზეწოლას ცდილობს. ამ მილსადენით გაზს მშვენივრად ვიღებდით. უბრალოდ, ეს საქართველოს ხელისუფლებას აღარ სურს. ასე რომ, ეს არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური პრობლემაა.“

ცხინვალში ჩასულ ეუთოს დამკვირვებლებს მხოლოდ გაზის ერთი სადგურის დათვალიერების უფლება მისცეს. რუსეთის საგარეო უწყება კი ირწმუნება, რომ დამკვირვებლებმა მილსადენის შვიდკილომეტრიანი მონაკვეთი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ის დაზიანებული არ არის.

ეუთის წარმომადგენლობა ოფიციალური კომენტარისაგან თავს იკავებს. დამკვირვებელთა ჯგუფის წევრმა, ენერგეტიკის ექსპერტმა ვერნერ იოხანიდესმა განაცხადა, რომ აგარა-ცხინვალის გაზსადენიდან ბუნებრივი აირი ჟონავს და მისი ექსპლუატაცია უსაფრთხო არ არის.

იმასვე ირწმუნება საქართველოს მთავრობაც. ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, მილსადენი 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს დაიბომბა და მისი შეკეთება ვერ ხერხდება უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „მიმდინარეობს შეუჩერებელი სროლა იმათი მხრიდან, როგორც კი იქ ვინმე გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ მივდივართ ამ გაზსადენამდე იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩავატაროთ. მოგვეცემა თუ არა საშუალება, ჩვენ ჩავატარებთ რეაბილიტაციას. დღესდღეობით შეუძლებელია იქ გაზის მიწოდება.“ (სტილი დაცულია)

ოფიციალური თბილისი ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას არ ეწინააღმდეგება. საქართველოს საგარეო უწყება ოფიციალურ კომენტარში აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს რეგიონში დარჩენილ თანამემამულეთა ცხოვრების აუცილებელ პირობებზე ზრუნვას, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და პრაქტიკულად გაწმენდილია მშვიდობიანი მოსახლეობისაგან.

ცხინვალის რეგიონისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მომხრეა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ სანაკოევიც.

[ვლადიმერ სანაკოევის ხმა] „ვიცი, როგორც რიგითმა ადამიანმა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხალხს, მშვიდობიან მოსახლეობას, გაზი მიაწოდო.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გაზის მიწოდების აღდგენას ხელს უშლის ცხინვალის „მარიონეტული რეჟიმი“, რომელმაც, ცუდი ამინდის მომიზეზებით, ეუთოს ექსპერტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული გაზსადენის მთელი სიგრძის შემოწმების საშუალება არ მისცა. ასე რომ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 15 იანვრის განცხადება, თითქოს ეუთოს ექსპერტები დარწმუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის დაუზიანებლობაში, სხვა არაფერია, თუ არა უზნეობა და მტკნარი სიცრუე“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ კომენტარში.


XS
SM
MD
LG