Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობა შემცირდა


ცნობილმა ანალიტიკურმა ცენტრმა ”სტრეტიჯიპეიჯმა” (Strategypage) 2008 წლის რეიტინგი დაადგინა, მსოფლიოს არმიების ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით.

რეიტინგის თანახმად, საქართველო 94-ე ადგილზეა, რაც, შესაძლოა, არც ისე ცუდი შედეგი იყოს იმ ზარალის ფონზე, რაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საქართველოს სამხედრო უწყებამ განიცადა. თუმცა ამ რეიტინგს აქვს კიდევ ერთი მახასიათებელი, რომლის თანახმადაც, საქართველოს არმია, 2003 წლიდან მოყოლებული, ერთ ადგილს ტკეპნის.

წლების გასაყარზე ქვეყნების რეიტინგი არა მხოლოდ ეკონომიკის, დემოგრაფიისა და დემოკრატიის მდგომარეობით ფასდება, არამედ მათი თავდაცვისუნარიანობითაც. ამასთან, ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის აუტსაიდერია, ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით, შესაძლოა, მეწინავეთა რიგებში იყოს, მაგალითად, რუსეთისა და ჩინეთის სახით. ძლიერი დემოკრატიის ქვეყნები კი, შვეცია ან ნორვეგია, შესაძლოა, შორს ჩამორჩებოდნენ ირანს ან ვენესუელას. აქედან გამომდინარე, საქართველოს 94-ე ადგილი სამხედრო რეიტინგში, შესაძლოა, არც ისე კატასტროფული იყოს, რომ არა შემდეგი გარემოება: სტრატეგიული კვლევების სპეციალისტის, პროფესორ კახა კაციტაძის თქმით, სამხედრო რეიტინგში საქართველო ბრძოლისუნარიანობით იმ ქვეყნებსაც კი ჩამორჩება, რომლებსაც, საქართველოსთან შედარებით, 20-ჯერ ნაკლები სამხედრო ბიუჯეტი აქვთ:

[კახა კაციტაძე] ”მაგალითად, წინ არის კონგო, ჩადი და სხვა ასეთი ქვეყანა. ”

ანალიტიკური ცენტრი ”სტრეტიჯიპეიჯი”, რომელიც სამხედრო რეიტინგებს 2003 წლიდან მოყოლებული ადგენს, ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო თეორეტიკოსის ჯეიმს დანიგანის მიერ არის დაფუძნებული. დანიგანის რეიტინგი არმიებს აჯგუფებს ორი ძირითადი მაჩვენებლის - კომპლექსური სახმელეთო ცეცხლის ძალისა და მთლიანი თვისებრიობის მაჩვენებლის მიხედვით, ანუ, უფრო მარტივად, იმის მიხედვით, თუ რა საცეცხლე და საბრძოლო ძალა აქვა ამა თუ იმ ქვეყნის არმიას და როგორია მისი მართვის, ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და წვრთნის დონე. ბოლო წლების გამოკითხვით, სამხედრო შესყიდვების გზით საქართველომ გაიუმჯობესა მდგომარეობა სახმელეთო ცეცხლის ძალის ხარჯზე, თუმცა, როგორც ირკვევა, თვისებრიობის მაჩვენებელი ჯერაც რევოლუციამდელ დონეზეა:

[კახა კაციტაძე] ”მაგალითად, ამ ომმაც აჩვენა, რომ ლოგისტიკური უზრუნველყოფა არის კატასტროფულ დონეზე. სხვათა შორის, ამ პარამეტრებითაც საქართველოს სწორედ ლოგისტიკაში აქვს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, ლოგისტიკასა და სამობილიზაციო სისტემაში. და ეს, მართლაც, ასეა: რეზერვი, გაირკვა, რომ აბსურდულია, ლოგისტიკა კი -არ არსებობდა.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ კომენტარები ჯეიმს დანიგანის სამხედრო რეიტინგზე. თუმცა სამხედრო უწყების მესვეურები პირად საუბრებში არ მალავენ, რომ საქართველოს არმიის ბრძოლისუნარიანობა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ძალიან შესუსტდა.

რადიო ”თავისუფლებამ” ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მოიპოვა თითქმის დაზუსტებული ინფორმაცია ქართული არმიის საბრძოლო დანაკარგებზე, რაც, თანხობრივად, 400 მილიონ დოლარს აღწევს. და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველო, ”სტრეტიჯიპეიჯის” სამხედრო რეიტინგის თანახმად, ბრძოლისუნარიანობის მხრივ, თითქმის ერთნახევარჯერ ჩამორჩება მის სამხრეთკავკასიელ მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს.
წლის დასაწყისში სომხეთის არმია კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთიდან მიღებული 700 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებითა და საბრძოლო ტექნიკით.

შეიარაღებისა და ტექნიკის მოდერნიზებას განაგრძობს აზერბაიჯანიც, რომელიც 2009 წელს თავდაცვისუნარიანობაზე, ჯამურად, მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას აპირებს.

ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველო კი სახელმწიფოსაგან წელს 900 მილიონი ლარით დაფინანსდება. მაგრამ ამჯერად პრიორიტეტული იქნება არა სამხედრო შესყიდვები, არამედ მართვის, ლოგისტიკისა და რეზერვის გაძლიერება, ანუ ამაღლება თვისებრივი მაჩვენებლისა, რომელიც, როგორც ზემოხსენებულმა კვლევამ აჩვენა, საქართველოში 2003 წლის დონეზეა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG