Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესაში გასული კვირის მანძილზეც ყურადღების ცენტრში რჩებოდა ვითარება ღაზის


დასავლეთის პრესაში გასული კვირის მანძილზეც ყურადღების ცენტრში რჩებოდა ვითარება ღაზის სექტორში და რუსეთ-უკრაინის დავა გაზის გარშემო.

რაც შეეხება საქართველოს, წამყვან გამოცემებში გასული კვირის მანძილზე ნაკლებს წერდნენ, მაგრამ რამდენიმე საყურადღებო სტატია მაინც დაიბეჭდა.

ამერიკულ ჟურნალ “ფორენ პოლისის” საინტერნეტო გამოცემამ სამშაბათს გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, გრიგოლ ვაშაძესთან, რომელმაც მანამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 იანვარს, როგორც ცნობილია ამერიკელ კოლეგასთან ერთად მოაწერა ხელი ქარტიას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

“ფორენ პოლისის” შეკითხვას, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული აშშ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, გრიგოლ ვაშაძე ასე პასუხობს: “ამერიკა დემოკრატიას ემხრობა. ემხრობა სახელმწიფოს, რომელიც ემხრობა და იცავს ადამიანის უფლებებს. ეს ძალიან მარტივია. დიახ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია სამხრეთის მარშრუტისთვის - ცენტრალური აზიის გაზისა და ნავთობის საექსპორტოდ. მაგრამ ამერიკა ამის გამო როდი ემხრობა საქართველოს (...) გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატია, კანონის პატივისცემა და ადამიანის უფლებები”.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, დასძენს ქართველი მინისტრი, რასაკვირველია, არ ითვალისწინებს ვალდებულებას, რომ პარტნიორს დახმარება გაუწიო კონფლიქტის შემთხვევაში. მაგრამ საქმე ეხება ძლიერ სიგნალს, რომ შეერთებული შტატები არ შეეგუება ისეთ რამეს, რაც საქართველოში აგვისტოში მოხდა.

რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, გრიგოლ ვაშაძე “ფორენ პოლისისთან” ამ ინტერვიუში გამოთქვამს შეფასებას, რომ მოსკოვს აღარ დარჩა “კოზირი” საქართველოსთან ურთიერთობაში. ვაშაძე ასე განმარტავს, რას გულისხმობს: “რა იყო რუსეთის კოზირები? ჯერ ერთი დაპირება, რომ, თუ საქართველო მოიქცეოდა, როგორც კარგი მეზობელი, რუსეთი რეალურად შეასრულებდა მშვიდობისდამცველისა და შუამავლის როლს. და მეორე - რუსეთი არასდროს ცნობდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ახლა რუსეთი ოკუპანტია, აღიარებული აქვს ამ რეგიონების დამოუკიდებლობა, ეთნიკური წმენდა განხორციელებულია. ახლა რაღას იზამს? თბილისში შეიჭრება და თითო ქართველს თითო რუს ჯარისკაცს დაუყენებს? აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა ერთი უბრალო რამ აღმოაჩინა: მას არ გააჩნია პოლიტიკური დასაყრდენი საქართველოში, არა ყავს მოკავშირეები პოლიტიკურ სპექტრში და მათი არც თვალსაწიერ მომავალში შეძენის რაიმე პერსპექტივა გააჩნია.”

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმების შესახებ მკითხველს აუწყა შვეიცარიის წამყვანმა გერმანულენოვანმა “ნოიუ ციურხერ ცაიტუნგმაც”. მასში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტი შეერთებული შტატების აქამდე არსებული პოლიტიკური კურსის წარილობით, ოფიციალურად გაფორმება უფროა, ვიდრე პრინციპული, თვისებრივი ცვლილება ვაშინგტონისა და თბილისის ურთიერთობაში. ქარტიას, როგორც “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” წერს, უწინარეს ყოვლისა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

კიდევ ერთი გავლენიანი გერმანულენოვანი გაზეთი, “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი”, პარასკევის ნომერში აქვეყნებს სტატიას, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის საქმიანობას ასახავს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გასულ კვირაში ბრიუსელს წარუდგინა სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, გერმანელმა დიპლომატმა ჰანსიორგ ჰაბერმა. ევროკავშირის 340-კაციანი მისია სამი თვის წინ შეუდგა საქართველოში საქმიანობას - პროცესს, რომელიც, ჰაბერის შეფასებით, “მოულოდნელად კარგად მიმდინარეობს”. ეს შეფასება გამოთქმულია მიუხედავად რუსეთის უარისა, სეპარატისტული რეგიონების ტერიტორიებზეც შეუშვას ევროკავშირის მეთვალყურეები.

ჰაბერი წუხილს გამოთქვამს სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან რამდენიმე ქართველი პოლიციელის მოკვლის გამო. და მაინც, უსაფრთხოების მხრივ, ერთადერთ სერიოზულ საფრთხედ ის ასახელებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებაზე ზრუნვით დაკავებულ შეიარაღებულ პირებს. მათ რუსებისაგან ჩაიბარეს ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლი, “ალკოჰოლს ეტანებიან, ხელი სულ იარაღისაკენ გაურბით და ევროკავშირის მეთვალყურეებსაც ემუქრებიან”, -ვკითხულობთ ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში.

რუსეთთან მიმართებით კი ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიაში, როგორც სტატია გვამცნობს, ერთსულოვნება არ სუფევს. მეთვალყურეების პოზიცია შეიძლება აისახოს ფრაზით “ერთი აზრის ვართ იმის შესახებ, რომ ერთი აზრის არ ვართ!” სტატიაში მოხსენიებულია სოფელი პერევი, მასში რუსების ყოფნის ფაქტი და, რაც მთავარია, ორივე სეპარატისტულ რეგიონში გაცილებით მეტი რუსი სამხედრო პირის ყოფნა, ვიდრე სარკოზი-მედვედევის სამშვიდობო გეგმით არის დაშვებული. ჰანსიორგ ჰაბერისთვის, გვამცნობს წერილის ავტორი, არ არის ცნობილი, რამდენი რუსი ჯარისკაცია განთავსებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ შესაძლებლად მიიჩნევს, მეტი იყოს, ვიდრე მოსკოვის მიერ ოფიციალურად დასახელებული 3800-3800 კაცი.
XS
SM
MD
LG