Accessibility links

logo-print

მშფოთვარე ჩრდილო კავკასია და საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები


დღე არ გავა, რომ ჩრდილო კავკასიაში

ტერაქტი, აფეთქება ან მკვლელობა არ მოხდეს. ვითარება მუდმივად დაძაბულია თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, საიდანაც კლანური დაპირისპირების ექო უკვე რუსეთის დედაქალაქსაც მისწვდა. ამასთან, კრემლის კონტროლირებად საიტებზე უკვე გაჩნდა ანალიტიკური მასალები, რომელთა ავტორებიც მიიჩნევენ, რომ ჩრდილო კავკასიაში გააქტიურებული ექსტრემისტული ძალების უკან, შესაძლოა, ქართული სეპცსამსახურები იდგნენ. სამხედრო პროგრამა ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” დღეს ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესების ანალიზს დაეთმობა. იმ ანალიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რომლებსაც ვესაუბრე, ჩრდილო კავკასიის თემატიკასთან ყოველდღიური შეხება აქვთ.


ქართველი ანალიტიკოსები და ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმოს ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს და შეეცადოს დიპლომატიური ძალისხმევით მოახდინოს იმ საფრთხეების პრევენცია, რაც, შესაძლოა, საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებიდან ემუქრებოდეს. კავკასიის საკითხთა ექსპერტი მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ისლამისტური და ექსტრემისტული ძალები ინგუშეთშიც გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც კრემლმა დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.

[მამუკა არეშიძე] ”ამის დამადასტურებელი ნიშანია ის, რომ ამ მოვლენების შემდგომ გამოჩნდნენ ნაციონალ-სეპარატისტები, რომლებიც მანამდე პრინციპში აღარ იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიაში. ეხლა გამოჩნდნენ ასეთი ტიპის საველე მეთაურები, განსაკუთრებით ინგუშეთში, და ძალიან ბევრი ახალგაზრდა შეუერთდა მათ რიგებს.



ახალი წლის დადგომის შემდეგ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკები მღელვარებამ მოიცვა. 12 იანვარს ყარაჩაი-ჩერქეზეთში უცნობებმა ავტომატის ჯერით ჩაცხრილეს რესპუბლიკური პარლამენტის წევრი ისლამ კრიმშანხალოვი. დეპუტატის მკვლელობას ყარაჩაი- ჩერქეზეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. გასულ კვირაში უფლებათდამცველებმა საპროტესტო აქციები ჩეჩნეთის დედაქალაქშიც გამართეს. ამის მიზეზი გახდა მკვლელობა ჩეჩენი უფლებათდამცველის, 27 წლის უმარ ისრაპილოვისა, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებდა იჩქერიის პრეზიდენტ რამზან კადიროვს წამების, როგორც მეთოდის, გამოყენებისათვის. ჩეჩნეთის პრეზიდენტის ოპონენტი მკვლელებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამოასალმეს სიცოცხლეს. მამუკა არეშიძის დაკვირვებით, ჩრდილო კავკასია დენთის კასრზე ზის და არ არის გამორიცხული, გაზაფხულზე იქ საბრძოლო მოქმედებებიც დაიწყოს:

[ მამუკა არეშიძე] ”შეიმჩნევა სხვადასხვა ძალების გააქტიურება - როგორც ისლამურის, ისე ზოგიერთი დასავლურის. და ვგრძნობ, თუ რა ტრაგედიის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთი, განსაკუთრებით გაზაფხულზე. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები არის. იქ ეხლა არის სიტუაცია ისეთი, თუ ვინ ვის დაასწრებს.” [სტილი დაცულია]

დასწრებაზეა ვითარება მოსკოვის მიერ ცალმხრივად აღიარებულ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში. აფხაზეთში მკვლელობები და აფეთქებები არ ხდება, მაგრამ, როგორც ცნობილი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია ამბობს, აფხაზეთში ახლოვდება თარიღი ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისა, სადაც მოსკოვი შეეეცდება ბაღაფშ-ანქვაბის ტანდემი უფრო ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსებით ჩაანაცვლოს:

[თენგიზ პაჭკორია] ”რატომ არ ენდობიან ბაღაფშ-ანქვაბის გუნდს? ბაღაფშმა შარშან გაზაფხულზე გააკეთა განცხადება, ჩვენ გვაქვს განზრახვა თურქეთიდან ჩამოვასახლოთ მოჰაჯირები 200-300 ათასი კაციო. ამან მოსკოვში ძალიან ცუდი რეაქცია იქონია. რადგან რუსეთის ხელისუფლებას ეს არ სურს. მოჰაჯირების ჩამოსახლება შეცვლის მთლიანად სურათს აფხაზეთში - დემოგრაფიულს, პოლიტიკურს და ასე შემდეგ. ” (სტილი დაცულია)

საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ აფხაზეთში ისლამისტური ორგანიზაციების გაძლიერებაზე საინტერესო ინფორმაციას მიაგნო გაზეთ ”ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა. გასული წლის ბოლოს თურქეთში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მაღალი რანგის პირებიც მონაწილეობდნენ, გავრცელდა აფხაზების მიერ შედგენილი რუკა, რომელზეც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები დატანილია როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები:

[მალხაზ გულაშვილი] ”თურქეთში ხდება ყურანის თარგმნა აფხაზურ ენაზე. ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტია. და თითონ ის რუკა, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ ანკარის კონფერენციაზე, ბევრ რამეზე მეტყველებს. მასზე დაშლილად არის რუსეთი წარმოდგენილი.” (სტილი დაცულია)


პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაძაბულია ცხინვალში. რუსულ პრესაში უკვე არაერთხელ დაიწერა ედუარდ კოკოითისა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, რუსი გენერლის ანატოლი ბარანკევიჩის ურთიერთდაპირისპირების შესახებ. გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბარანკევიჩმა ედუარდ კოკოითი რუსეთიდან მიღებული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასა და ოპონენტთა დევნაში დაადანაშაულა. კავკასიის საქმეთა ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში ოსი ბიზნესმენის ვიტალი გაგიევის მკვლელობის კვალი სწორედ ცხინვალის შიდადაპირისპირებამდე მიდიოდეს:

[მამუკა არეშიძე] ”დაძაბულობა გამოწვეულია კოკოითის სავარაუდო გადადგომით. კოკოითისთვის ამზადებენ თანამდებობას, რომელსაც მარტში მიიღებს, რომ გაარიდონ ვითარებას. აქაც დასწრებაზეა საქმე, რადგან ბარანკევიჩისა და ჯუსოითის ჯგუფები, რომლებიც იქ[ცხინვალში] არიან, პრაქტიკულად საშუალებას არ აძლევენ, რომ წყნარად იყოს კოკოითის ჯგუფი.” (სტილი დაცულია)

თუმცა რუსეთი არც საქართველოს ივიწყებს და არც მთელ სამხრეთ კავკასიას, რომლის არევასაც ასევე შეეცდება, რათა შეაფერხოს ”ნაბუკოს” პროექტის განხორციელება, რის აუცილებლობაც ევროპამ მთელი სიცხადით დაინახა რუსეთ-უკრაინის ”გაზის ომის” ფონზე. სტრატეგიის ექსპერტ კახა კაციტაძის თქმით, რუსეთის მიერ ახალგორის დაკავება და სომხეთისათვის 700 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის გადაცემა სამხრეთ კავკასიაში ჰეგემონიის დამყარების შეუნიღბავ მცდელობას წარმოადგენს:

[კახა კაციტაძე] ”როცა ახალგორში დგას და ნაბუქოს ერთ-ერთი მონაკვეთი შეუძლია უბრალო საარტილერიო გასროლითაც დააზიანოს, ეს მას[რუსეთს] ცხადია ზეწოლის დამატებით პლუსს აძლევს. სომხეთის გაძლიერება კი ეს არის მესიჯი, რომ - მე არ ვიქნები მიკერძოებული არბიტრი. და ეს, რა თქმა უნდა, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას შორს გადადებს. და ახლა თუ ვინმეს ნერვები უმტყუნებს და შეეცდება კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებას, მაშინ რუსეთი კვლავ მოგებული დარჩება.”(სტილი დაცულია)

თუმცა ექსპერტები და მიმომხილველები არც იმას გამორიცხავენ, რომ ჩრდილო კავკასიასა და საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში დაწყებული მღელვარება კრემლში შემუშავებული ”მართვადი ქაოსის” პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყოს, რითაც რუსეთი შეეცდება ეკონომიკური კრიზისითა და სოციალური პრობლემებით შეწუხებული საკუთარი მოსახლეობის მთელი გულისწყრომა კვლავ ”ველურ კავკასიელებზე” გადაიტანოს.

XS
SM
MD
LG