Accessibility links

logo-print

საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა 19 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს


საქართველოს აზერბაიჯანელების კონგრესის წევრები თბილისში შეიკრიბნენ, რათა 19 წლის წინ ბაქოში მომხდარი ტრაგედია გაეხსენებინათ.

1990 წელს, როცა საბჭოთა ჯარებმა ბაქოში მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

აზერბაიჯანში 20 იანვარი გლოვის დღეა. ამ დღეს სახელმწიფო დროშები ყველგან დაშვებულია. ზუსტად 19 წლის წინ, 1990 წლის 19 იანვრის ღამით, ბაქოში საბჭოთა ჯარები შევიდნენ და მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს. მაშინ ბაქოში 137 ადამიანი დაიღუპა, 700 დაიჭრა, 800 ადამიანი კი ციხეში მოხვდა. ამ დღეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები დღემდე აღნიშნავენ. ისინი წელსაც, 19 იანვარს, კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ იმ ტრაგიკული მოვლენების გასახსენებლად საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის წევრი ალი ბაბაევი იმ მოვლენების ერთ-ერთი თვითმხილველია. ის ორ თარიღს იხსენებს:

[ალი ბაბაევი] ”საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისათვის ორი დიდი ტრაგედია არსებობს: 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები თბილისში და 1990 წლის 19-20 იანვრის ტრაგედია ბაქოში. ეს იყო მაშინდელი საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა. მე ვარ მოწმე და თვითმხილველი იმ მოვლენისა, ჩემს თვალწინ ისროდნენ და ყველაფერს ვხედავდი.”

ალი ბაბაევი იხსენებს, რომ ესროდნენ არა მარტო ქუჩაში გამოსულ მოსახლეობას, არამედ ხალხს ავტობუსებში, დაჭრილებს, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებს საავადმყოფოში გადაყავდათ. დაღუპულებს შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც, ქალები, მოხუცები.

საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა კონგრესის დამფუძნებელი ნაზი ალიევა 19-20 იანვრის მოვლენებს ასე აფასებს:

[ნაზი ალიევა] ”9 აპრილის შემდეგ დამარცხებულმა რუსეთმა მორიგი... - უფრო მეტიც, გენოციდი - დაატრიალა აზერბაიჯანში.ეს იყო თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც მოითხოვდა რუსეთისგან დამოუკიდებელი აზერბაიჯანის გამოცხადებას, მაგრამ რადგან რუსეთი ამას ვერ ეგუებოდა, უაზრო მიზეზებით დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები და ეს დღე აზერბაიჯანის ისტორიაში ითვლება ეროვნული ტრაგედიის დღედ და ამ დღეს ყველა აზერბაიჯანელი, სადაც უნდა ცხოვრობდეს ის, ამ დღეს აღნიშნავს.” (სტილი დაცულია)

ალიევას თქმით, ისევე როგორც 9 აპრილის შემდეგ საქართველოში, 1990 წლის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანში თავისუფლებისთვის ბრძოლა აღარ შეწყვეტილა:

[ნაზი ალიევა] ”აზერბაიჯანელებში ასეთი გამოთქმაა, რომ ერთხელ ამხედრებული დროშა მეორედ აღარ დაეცემა, ძირს არ დაიწევა და ასეც მოხდა. აზერბაიჯანელმა ხალხმა, მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, მიაღწია დამოუკიდებლობას.დღეს აზერბაიჯანი ამიერკავკასიაში არის საქართველოს ერთგული სტრატეგიული მოკავშირე და საქართველოსთან ერთად მანაც მიაღწია იმ სანუკვარ ოცნებას, რასაც თავისუფლება ჰქვია.” (სტილი დაცულია)

აზერბაიჯანელთა კონგრესის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ფირზე შემონახული 19 წლის წინანდელი კადრები. დღეს მათ შეკრებას საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა იმ თაობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ვისაც 1990 წლის მოვლენები მხოლოდ ფოტოებზე უნახავთ.
XS
SM
MD
LG