Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია მოსკოვში


რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ოქტომბერში მიღებული რეზოლუციის შესრულების მდგომარეობის შესაფასებლად მოსკოვს ეწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია.

დელეგაციას ხელმძღვანელობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლუის მარია დე პუჩი. ანალოგიური მისიით იგი, სპეციალურ ჯგუფთან ერთად, ოქტომბრის მიწურულს საქართველოს სტუმრობდა. ამ ორი ვიზიტის შედეგები შეჯამდება 28 იანვარს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე.

ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციის შესრულების მდგომარეობა საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ერთ–ერთი მთავარი საკითხი იქნება, ღაზის სექტორში შექმნილ ვითარებასა თუ გლობალური ფინანსური კრიზისის გარემოებებზე მსჯელობასთან ერთად, - წაიკითხავთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რეზოლუცია ნომერი 1633 რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე 47 ქვეყნის დელეგატებმა 2 ოქტომბერს მიიღეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც რუსულ, ისე ქართულ მხარეს. კერძოდ, საქართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა „ძალის არაპროპორციულ გამოყენებას“, თუმცა რუსეთის კონტრშეტევაც „ზუსტად ასევე არ შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპებს.“ რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ნება დართოს ევროკავშირისა და ეუთოს მეთვალყურეებს შევიდნენ ამ ტერიტორიებზე. რეზოლუციაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებსა და ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებში ეთნიკური ნიშნით ქართველების დევნის დადასტურებული ფაქტებია აღრიცხული. რეზოლუციის შესრულების მდგომარეობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მსჯელობის საგანი ერთ კვირაში გახდება. მანამდე კი, 19 იანვარს, მოსკოვში ევროსაბჭოს მონიტორებთან საუბარში რუსი ჩინოვნიკები უხვად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს ქართული მხარის მისამართით. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ბორის გრიზლოვმა, მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ინციდენტების სიმრავლეს ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ქართული ძალოვნების ყოფნა განაპირობებს. გრიზლოვმა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე გამოთქვა პრეტენზიები სამხრეთ ოსეთისათვის გაზის მიწოდების შეწყვეტისა და რუსული სატელევიზიო არხების დაბლოკვის გამო. კომენტარისთვის საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს მივმართეთ. მისი თქმით, გრიზლოვს, როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ არის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი და იმ სახელმწიფოს მაღალჩინოსანი, რომელმაც ნახევარი ევროპა გაყინა. თემურ იაკობაშვილისთვის გაუგებარია ასევე ქართული მხარის დადანაშაულება ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე ქართველივე პოლიციელების მკვლელობაში:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] “რაც შეეხება რუსულ ტელეარხებს,რუსული ტელეარხები არაფერი დაბლოკილი არ არის. რუსული ტელეარხები საქართველოს ტელესივრცეში არსებობს. რამოდენიმე ტელეარხი, ასე ვთქვათ, უფრო გებელსური ტიპის ტელეარხები, როგორებიცაა ნტვ, ერტეერი და ოერტე, რამოდენიმე კაბელზე არ გადის. ეს არის და ეს. დანარჩენი არაფერი დაბლოკილი საქართველოში არ არის. ვისაც აქვს სურვილი, ყიდულობს ანტენას და უყურებს; ვისაც აქვს სურვილი, ზოგიერთ კაბელზე ეს ყველაფერი გადის, ზოგიერთ კაბელზე ამ კაბელის დირექციას აქვს თავისი მოსაზრება.“ (სტილი დაცულია)

ასეთია რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მოსაზრება ევროპელ მონიტორებთან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის ბორის გრიზლოვის განცხადებების შესახებ. აქვე შევნიშნავთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო კომიტეტის წევრებმა ოქტომბერში განხორციელებული ვიზიტის დროს საქართველოს მხარის მიერ რეზოლუციის შესრულების მდგომარეობა დადებითად შეაფასეს. რაც შეეხება რუსეთს, რუსეთმა ევროსაბჭოს ოქტომბრის რეზოლუციის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა. შესაბამისად, ზამთრის სესიაზე მკაცრად უნდა დადგეს ევროსაბჭოში მისი უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. ასეთია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის მოსაზრება:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “ორი რამ შეუძლია საბჭოს მიიღოს: ან გარიცხოს ქვეყანა, ან შეუჩეროს ხმის უფლება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას მოვითხოვთ, გამომდინარე წმინდა ლოგიკიდან. იმ წინა რეზოლუციაში იყო ბევრი მოთხოვნა, სამი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის მუშაობა საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შესაქმნელად, რუსეთის მიერ შესრულება 12 აგვისტოს შეთანხმებისა და, მესამე, რუსეთის მიერ უარის თქმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. არც ერთი ეს არაფერი არ გაკეთებულა.“ (სტილი დაცულია)

დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის მიერ ევროსაბჭოს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე რეაგირება ევროპის საბჭოს პრესტიჟის საკითხი ხდება. მისთვის ჯერჯერობით ძნელია იმის განსაზღვრა, როგორ ჩამოყალიბდება ახალი რეზოლუციის სარეკომენდაციო ნაწილი და რამდენად მკაცრი იქნება რუსეთში მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის დელეგაციის დასკვნა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე რუსეთ–საქართველოს ომის შედეგებზე ორი რეზოლუციის პროექტის განხილვა იგეგმება: ოქტომბრის რეზოლუციის შესრულება–არშესრულების გარდა, დელეგატები იმსჯელებენ ასევე ევროსაბჭოს მიგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნაზე რუსეთ–საქართველოს ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ.
XS
SM
MD
LG