Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”ყველაზე პოპულარული ლინკოლნის შემდეგ”, - ”რეზონანსი” ბარაკ ობამას ინაუგურაციას ეხმაურება. პუბლიკაციაში უპირველესად აღნიშნულია ის, რომ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი არ დაესწრება.

”ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე მიწვეულ სტუმართა შორის მიხეილ სააკაშვილი არ იქნება”, - წერს გაზეთი. ავტორი წერს აგრეთვე, რომ ინაუგურაციას არ დაესწრებიან არც ”ახალი მემარჯვენეებისა” და რესპუბლიკელების ლიდერები, რომლებიც ერთ-ერთ გავლენიან საკონსულტაციო ორგანიზაციას მიუწვევია ინაუგურაციაზე, მაგრამ ოპოზიციონერებმა გადაწყვიტეს შეერთებულ შტატებს მოგვიანებით ეწვიონ, როცა საქმიანი შეხვედრების გამართვისთვის უფრო შესაფერისი გარემო იქნება. ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში მემარჯვენეთა ლიდერი დავით გამყრელიძე აცხადებს: ”დღეს გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ობამას და მის ადმინისტრაციას არ ექნება სააკაშვილზე პერსონალური აქცენტები გაკეთებული. მაგრამ, ამავე დროს, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო აშშ-თვის
სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება ობამას პრეზიდენტობის პირობებშიც.”

”დღეს მთავრდება მიხეილ სააკაშვილის მფარველობის ეპოქა”, - ამბობს ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: ”უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიშა ბუშის ”პროექტი” იყო და მაგან დაგვისვა. მთელი ის სიგიჟე, რაც ბოლო წლებში მივიღეთ, სწორედ ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის დამსახურებაა”, - ამბობს კლიმიაშვილი. ”ალიადანვე” გაიგებთ, რომ არ არის გამორიცხული საფრანგეთში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ლიდერმა მოძრაობისა ”ერთიანი საქართველოსთვის”, სააკაშვილის წინააღმდეგ მორიგი მწვავე განცხადება გააკეთოს და ახალი ბრალდება წაუყენოს.

”ახალი თაობა” რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა. ”ჩვენ ვუახლოვდებით სააკაშვილის პრობლემის მოგვარებას”, - ამბობს ბერძენიშვილი. - ”პრობლემები უფრო დიდია, ვიდრე ერთი მიხეილ სააკაშვილი. ომი აქ უნდოდა ბევრ ვინმეს, არა მხოლოდ სააკაშვილს. ვისაც ომი უნდოდა და კიდევ უნდა, იმათ გასაგონად ვიტყვი: ის კი არ უნდა ვთქვათ, რუსეთს ომი ვერ მოვუგეთო, არამედ რუსეთს ომი არ უნდა მოვუგოთ. შენს ტერიტორიაზე შენს მოქალაქეებს და რუსეთს ომი არ უნდა მოუგო. ჩვენ უნდა მოგვეგო აფხაზების და ოსების გულები. რაც შეეხება სააკაშვილს და მის ხელისუფლებას, მიშა უკვე დამთავრებულია.”

დღევანდელ პრესაში განხილვის საგანი გახლავთ საზოგადოებრივი არხის გადაცემა ”დიდი ათეული” და ბოლო დროს მის გამო გამართული დისკუსია. ”24 საათში” ამ საკითხს სამი ავტორი უძღვნის წერილს. დეპუტატი დავით დარჩიაშვილი წერს: ”რა თქმა უნდა, ეკლესიას, ისევე როგორც სხვა სოციალურ ინსტიტუტს, შეუძლია გამოხატოს თავისი დადებითი თუ უარყოფითი აზრი ნებისმიერ მოვლენაზე თუ ინტელექტუალურ პროდუქტზე. მაგრამ, თუ ეს პროდუქტი თავად არაა კონსტიტუციისა და კანონის დარღვევა, მისი არსებობის უფლება ეჭვგარეშეა”, - ასე ფიქრობს დავით დარჩიაშვილი. ”24 საათშივე” ფილოსოფოსი გიგი თევზაძე წერს: ”როდესაც ეკლესიის წარმომადგენლები შეშფოთებას გამოხატავენ წმინდანების სახელების არასათანადოდ გამოყენების შესაძლებლობის გამო, ეს გასაგებია და მისაღები. მაგრამ, როდესაც საზოგადოების წევრების ნაწილი თანხმდება იმ ფაქტზე, რომ ”დიდ ათეულში” შეჯიბრი” (არჩევნების პროცესი) მართლაც არსებობს და ამის სათანადობა-არასათანადოობაზე იწყებს მსჯელობას, ეს სხვა არაფერია, თუ არა ხედვის ხელოვნური დავიწროება და სურვილი მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელო იმის შესახებ, რაც ხდება. რა თქმა უნდა, სასაცილოა ვიფიქროთ, რომ ”დიდი ათეული” ზეციური საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებია. ისევე, როგორც იმის ფიქრი, რომ ამ გადაცემის შედეგად დავით აღმაშენებელი ან ზვიად გამსახურდია ილია ჭავჭავაძეზე ”მაგარი” აღმოჩნდება”, - წერს გიგი თევზაძე. კიდევ ერთი ავტორი, გიგა ზედანია, წერს: ”სიტუაციის ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავებით რუსეთ-საქართველოს ომისგან, არც ის ერთადერთი ადამიანი ჩანს, ვინც ამ აჟიოტაჟით რამეს მოიგებდა. ინტრიგა გადაცემის ირგვლივ, როგორც ჩანს, მანანა არჩვაძის მიერ აგორდა, რომლის ინტერესსაც წარმოადგენდა ზვიად გამსახურდიასთვის პირველი ადგილის უზრუნველყოფა დიდ ქართველთა ათეულში. გადაცემის შეჩერების შედეგად, წერტილი დაესმება ამ გეგმასაც”, - წერს ზედანია.

”დიდი ათეულის” ბოლო გადაცემაში წამოჭრილ საკითხებზე ”რეზონანსი” ესაუბრა არაერთ რესპონდენტს, მათ შორის, გადაცემის ერთ-ერთ მონაწილეს, ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს: ”მოვიდა საპატრიარქო და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუწყო დადგენა, რა უნდა გააკეთონ და როგორ. ეს ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო და გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება”, - ამბობს პაიჭაძე. სამეურვეო საბჭოს წევრი ირმა სოხაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: ”სიტყვა ზეწოლა აბსოლუტურად უადგილოა იქ, სადაც პატრიარქის თხოვნაზეა საუბარი. ბორდის თითოეული წევრი ვაცნობიერებთ, რომ კანონს ვარღვევთ, მაგრამ ამაში დავით პაიჭაძის დახმარება არ გვჭირდება. დიახ, ჩვენ კანონი დავარღვიეთ. პირველ პოსტულატად კანონში სწორედ ეს გვიწერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია ყველანაირი ზეწოლისგან, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ამ კანონზე მაღლა უნდა დააყენო. ბორდისთვის მიუღებელი იყო საპატრიარქოს შემოთავაზება იმის შესახებ, რომ წმინდანების გარეშე გაგრძელდეს გადაცემა, ამიტომ ავირჩიეთ მესამე გზა და მივიღეთ რეკომენდაცია გადაცემის შეჩერების თაობაზე”. სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრის, მარინე ვეკუას, მოსაზრებასაც გაეცნობით ”რეზონანსში”. ის ამბობს: ”ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა. ვთხოვეთ პატრიარქს აეხსნა რატომ იყო მიუღებელი ეს გადაცემა არსებული ფორმატით და უწმინდესმა ეს ძალიან გასაგებად გააკეთა.”
XS
SM
MD
LG