Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოკლეს პუტინის რეჟიმის კიდევ ორი ოპონენტი


გუშინ მოსკოვში მოკლეს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის კიდევ ორი ოპონენტი: ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა.

პროკურატურის ინფორმაციით, მარკელოვს თავში უკნიდან მიბჯენით ესროლა შეიარაღებულმა პირმა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც მსხვერპლი ჟურნალისტებს ესაუბრა. თავში ესროლეს ჟურნალისტ ბაბუროვასაც. მანამდე მან სცადა, დახმარებოდა მარკელოვს. პოლიციას არავინ დაუკავებია. პროკურატურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება.

მარკელოვი და ბაბუროვა შუაგულ მოსკოვში მოკლეს, რომ იტყვიან, დღისით-მზისით, რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც მარკელოვმა ჟურნალისტებს გააცნო აქტუალური ინფორმაცია, დაკავშირებული ჩეჩნეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ, ბუდანოვის საქმესთან.

ძალიან მოკლედ შეგახსენებთ: 2000 წელს 18 წლის ჩეჩენი გოგო, ელზა კუნგაევა მოკლეს რუსი ჯარისკაცების რეიდის დროს. მანამდე, სავარაუდოდ, გააუპატიურეს კიდეც. სამ წელიწადში ადვოკატმა სტანისლავ მარკელოვმა მიაღწია, კუნგაევას მკვლელობასთან დაკავშირებით, რუსი ოფიცრის, პოლკოვნიკ იური ბუდანოვის გასამართლებას და მისთვის მკაცრი განაჩენის გამოტანას. მაგრამ გასულ თვეში ქალაქ დმიტროვგრადის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ბუდანოვის ვადამდე, 18 თვით ადრე განთავისუფლების შესახებ. ამ ნაბიჯმა უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია, ჩეჩნეთში საპროტესტო აქციები მოეწყო.

მარკელოვმა სცადა, მიეღწია სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლისთვის, მაგრამ წარუმატებლად: ბუდანოვი 5 დღის წინ, 15 იანვარს გამოუშვეს. გუშინ, მკვლელობამდე ფაქტობრივად რამდენიმე წუთით ადრე, ადვოკატი ჟურნალისტებს აცნობდა საქმის გასაჩივრების გეგმას, და დმიტროვგრადის სასამართლოს ალოგიკურ ქმედებაში ადანაშაულებდა: [მარკელოვის ხმა] “იცით, როცა ადამიანი დღის მანძილზე რამდენჯერმე იცვლის თავის აზრს, დგება მისი შეურაცხადობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იცვლის აზრს დღეში რამდენჯერმე, ამიტომ მე არ შემიძლია შეურაცხადობის საკითხის წამოჭრა. მაგრამ თავს იჩენს შეკითხვა: სასამართლო თვითონ იღებს თუ არა გადაწყვეტილებებს? თუ ახმოვანებს ამ გადაწყვეტილებებს? მითუმეტეს, რომ როგორც უთქვამთ არა მარტო ჩემთვის, არამედ ჟურნალისტებისთვისაც, მათ თვითონ არ იცოდნენ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომ ბუდანოვი უკვე განთავისუფლებულია”.

რამდენადაც ტრაგიკული უნდა იყოს 34 წლის სტანისლავ მარკელოვის მკვლელობა, ის მოულოდნელი არ ყოფილა. ბევრი ადასტურებს, რომ ადვოკატს ხშირად ემუქრებოდნენ. ამას ადასტურებს ვიზა კუნგაევიც - ბუდანოვის მიერ მოკლული ჩეჩენი გოგონას მამა, რომელიც, დანარჩენ ოთხ შვილთან ერთად, ემიგრაციაშია წასული. ვიზა კუნგაევს ნორვეგიაში დაუკავშირდა ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიური სამსახური.

[კუნგაევის ხმა] “ჩვენ შოკში ვართ, მთელი ოჯახი. შოკში ვართ, არც კი ვიცით, რა ვთქვათ. ერთმნიშვნელოვნად, ერთმნიშვნელოვნად: ბუდანოვმა და მისმა ბანდამ მოკლა ჩემი ადვოკატი. მეცოდება ეს პროფესიონალი კაცი... დღისით-მზისით მოსკოვში, ორ საათზე კლავენ ადამიანს და ბოროტმოქმედი წასვლას ახერხებს! ეს ბუდანოვისა და მისი ბანდის ნამოქმედარია! მარკელოვმა მითხრა, რომ ემუქრებოდნენ - ხუთშაბათს ვილაპარაკეთ. “თუ ბუდანოვის საქმეს არ შეეშვები, მოგკლავთო”. როგორც კი მკვლელი ციხიდან გამოვიდა, აი, პროფესიონალი კაციც მოიცილეს”.

ბევრი გამოთქვამს შეფასებას, რომ საქმე ეხება დაქირავებულ მკვლელობას. ასე ფიქრობს უფლებადამცავ ორგანიზაცია “მემორიალის” წარმომადგენელი სვეტლანა განუშკინაც: [განუშკინას ხმა] “შეუძლებელია ეს შემთხვევით მომხდარიყო... რასაკვირველია, ლაპარკიც ზედმეტია კრიმინალურ ზრახვებზე! სამწუხაროდ, გამოძიებას ჩვენ თვითონ ვერ ჩავატარებთ. ჩვენ მარტო ის შეგვიძლია, სამართალდამცავი ორგანოებისაგან მოვითხოვოთ ამის გაკეთება. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი მექანიზმები, რაიმე მოვითხოვოთ - ძალიან სუსტია, სამწუხაროდ. შეგვიძლია, მარტო აღშფოთება გამოვხატოთ და შევეცადოთ გავიგოთ, ვინ, როგორ, როდის და რატომ ემუქრებოდა სტანისლავს”.

სტანისლავ მარკელოვთან ერთად, გუშინ მოსკოვში მოკლულ ანასტასია ბაბუროვას, ალბათ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არ ემქურებოდნენ. ის სულ 25 წლის იყო და შტატგარეშე ჟურნალისტად მუშაობდა. თუმცა ჟურნალისტობა - თუ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად მუშაობ და ობიექტური ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას ცდილობ - მუქარის გარეშეც სახიფათო საქმეა რუსეთში. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინი დგას, რუსეთში 15-ზე მეტი ჟურნალისტი გამოასალმეს სიცოცხლეს. და რაც განსაკუთრებით დამთრგუნველია: არც ერთი საქმე არ არის გახსნილი, მათ შორის არც “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა. სხვათა შორის, გუშინ მოკლული ანასტასია ბაბუროვაც “ნოვაია გაზეტაში” მუშაობდა.
XS
SM
MD
LG